დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო, ხევის თემის სოფლებიდან.

მოსახლეობამ სოფლის კრებებზე თავად უნდა აირჩიოს, მათ სოფელში რომელი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება სურთ.

სოფელ ხევში მოსახლეობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე შეხვდნენ.

ხევის თემში შემავალი სამი სოფლის – ხევის, წაქვისა და გრიგალათისთვის ამ პროგრამის ფარგლებში 12-12 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო ციცქიურისთვის – 10 ათასი ლარი.

თითოეულ სოფელზე გამოყოფილია თანხა, მთავრობის #654 დადგენილებით, მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა.

მოსახლეობის კრებაზე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები ღია კენჭისყრით შეარჩიეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა განმარტა, რომ კრებაზე მოსახლეობის მიერ გამოკვეთლი სხვა პრობლემები, შერჩეული პრიორიტეტების დაფინანსების შემდეგ მოგვარდება.

კრებებზე, კრების მონაწილეების ხმათა უმრავლესობით, ხევის თემის სოფლებში შემდეგი პრიორიტეტები შეირჩა:
ხევში

  • ხევიჯვრის უბანში გარე განათების მოწყობა;
  • კოლოტეების უბანში სასაფლაოს შემოღობვა.

წაქვაში

  • გარე განათების მოწყობა.

გრიგალათში

  • ფირანეების უბანში – გარე განათების მოწყობა;
  • სათევზე ღელეზე – ხიდ-ბოგირის მოწყობა.

ციცქიურში

  • ეკლესიის უბნის გზის შეკეთება;
  • ბიბლიხევის უბანში გარე განათების მოწყობა.

მოსახლეობამ ასევე მოითხოვა: სოფელ ხევის წისქვილის უბნის გზის რეაბილიტაცია, ტაბატაძეების უბანში გარე განათების მოწყობა; გრიგალათის ჭალის უბანშიგარე განათების მოწყობა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 იანვრის #85 განკარგულებით 54 მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 40 830 000 ლარი გამოიყო, მათ შორის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, ისევე, როგორც შარშან, – 890 ათასი ლარი.