„ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2025“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კატეგორიაში „სტუდენტები მეტყევეობის დარგში“ I ადგილი ხარაგაულელმა საშიკო ხიჯაკაძემ დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ საშიკო ხიჯაკაძემ უკვე მესამედ გაიმარჯვა ამ ოლიმპიადაში – ის პირველი აგროოლიმპიადის (2021 წ.) I ადგილის მფლობელია კატეგორიაში „ფერმერები“, 2022 წელს კი II ადგილი დაიკავა.

საშიკო ხიჯაკაძე აქტიურად თანაშრომლობს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან და უძღვება რუბრიკას „ფერმერი გვირჩევს“.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა ქვეყნის მასშტაბით და, ზოგადად რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.

წელს აგრარული ოლიმპიადა ჩატარდა 4 კატეგორიის მონაწილეებისთვის:

  • სპეციალისტები (უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში);
  • სტუდენტები (აგრარული პროფილის უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები);
  • ფერმერები (სასოფლო-სამეურნეო საქმიანობთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება);
  • სკოლის მოსწავლეები (საჯარო/კერძო  სკოლები და სპეციალიზებული კოლეჯები).

ოლიმპიადა ტარდება ტესტირების საშუალებით და მოიცავს სამ ეტაპს: რეგისტრაცია, ონლაინ ტესტირება და ტესტირება (მატერიალური ტესტებით). გამარჯვებულებისათვის დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზი და ჯილდოები ოლიმპიადის ორგანიზატორებისა და სპონსორებისგან.

ოლიმპიადის მთავარი იდეაა მონაწილეთა ცოდნის შემოწმება, გამარჯვებულების გამოვლენა და მათი წარმოჩენა ეროვნულ დონეზე. ოლიმპიადა ტარდება აგრონომიის, სასურსათო ტექნოლოგიის, სატყეო საქმის, მევენახეობა-მეღვინეობის, მეტყევეობის, ვეტერინარია-მეცხოველეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებებში. შესაბამისად, კონკურსი მოიცავს ფაქტობრივად ყველა პრიორიტეტულ დარგსა და სპეციალობას, რომლებიც მოთხოვნადია საქართველოს შესაბამისი პროფილის დასაქმების ბაზარზე.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟითა FAO-ს ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის კონცეფციის ავტორი და ტექნიკური კომპონენტის განმახორციელებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA). აგრარული ოლიმპიადის პარტნიორები არიან ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.