
ხარაგაულში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ გაიმართა. ეს კონკურსი რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ დააფუძნა.
წელს „ოდეონი“ მეთექვსმეტედ ტარდება. ამჯერად „ოდეონში“ 15 კონკურსანტი ჩაერთო. ორი მათანი – სალომე კალანდაძე და საბა ხარაძე – დებიუტანტები არიან.
„სურნელი“ – ამ თემაზე შექმნეს „ოდეონის“ მონაწილეებმა ლიტერატურული ნაწარმოებები. მათ ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით – ლინა ბარათაშვილი (ჟიურის თავმჯდომარე) – პოეტი, მარინე ხვედელიძე, მზია აბულაძე – ფილოლოგები, მარინა ვეფხვაძე – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მამუკა ჭიპაშვილი – ხარაგაულის კულტურის, ხელოვნების და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი, ვალერი გოგნაძე – პოეტი.
გამარჯვებულები ორ კვირაში გამოვლინდებიან. პირველ სამ ადგილზე გასულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
იზა ვეფხვაძე ამბობს, რომ „ოდეონზე“ ყოველ წელს ძალიან ღირებული ლიტერატურული ნაწარმოებები იქმნება. მისი თქმით, ეს კონკურსი ხელს უწყობს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების გამოვლენას. „ოდეონი“ არაერთი ადამიანისთვის გახდა სტიმული, რომ საკუთარი ნაწარმოებები წიგნად გამოეცათ.
„კონკურსი თანდათან უფრო პოპულარული ხდება და მიხარია, რომ ახალგაზრდებს მასში ჩართვის სურვილი უჩნდებათ, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ოდეონის“ ჟიურის თავმჯდომარე პოეტი ლინა ბარათაშვილია. ზოგადად, ამ კონკურსს ყოველთვის კომპეტენტური ჟიური ჰყავდა. გული მწყდება, რომ „ოდეონს“ მთელი ქვეყნის მასტაბით ვეღარ ვატარებთ, რადგან ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. გასულ წლებში „ოდეონს“ სპონსორები აფინანსებდნენ. ახლა ესეც ძნელია. „ოდეონზე“ შექმნილი ნაწარმოებები წელსაც წიგნად გამოიცემა. ამ საქმეში ხარაგაულელი ფრიდონ მაღრაძე გვეხმარება.
სექტემბერში ვგეგემავთ, რომ „ოდეონი“ ახალგაზრდებისთვის ჩავატაროთ.
მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, ამ კონკურსის მუდმივი მხარდაჭერისთვის“.
ქეთევან შარიქაძე „ოდეონის“ 2024 წლის პირველი ადგილის მფლობელია. ის წელს კონკურსში მესამედ მონაწილეობს. „შარშან კონკურსის ჩატარების დღე ჩემი შვილის დაბადების დღეს დაემთხვა, – ამბობს ქეთევანი, – ნაწარმოები მასზე დავწერე და პირველი ადგილი დავიმსახურე. დღეს ჩემი საყვარელი ბებოს გარდაცვალების დღეა და ლიტერატურულ ნაშრომს მას მივუძღვნი“.
საბა ხარაძე, ამირან ბერაძე, სალომე კალანდაძე, ნათია ხიჯაკაძე, სპარტაკ ლაცაბიძე, გურამ სახვაძე, შორენა ღამბაშიძე, მეგი მიქაბერიძე, ლიზი კურტანიძე, ლიკა ყიფიანი, ნინო ცუცქირიძე, ნათია კვინიკაძე და ნია თხელიძე ამბობენ, რომ „ოდეონში“ მონაწილეობა მათთვის დიდი გამოცდილების მომტანია, საკუთარ თავთან ჩაღრმავების, ნიჭის გამოვლენის, ახალი უნარების აღმოჩენის, გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობაა, სტიმული და მოტივაციაა საიმისოდ, რომ განცდები და ემოციები ფურცელზე გადაიტანონ, შემდეგ კი ფართო აუდიტორიას გააცნონ.
ხარაგაულში გამართულ ამ ლიტერატურულ კონკურსში მეთხუთმეტედ მონაწილეობს პედაგოგი ზეინაბ ბუაჩიძე. „ოდეონში“ მან სამჯერ პირველი ადგილი მოიპოვა.
„ჩემთვის საპრიზო ადგილის მოპოვება არ არის მთავარი, – ამბობს ზეინაბ ბუაჩიძე, – მნიშვნელოვანია ის გარემო, რაც აქ გვხდება – ვწყდებით ყოველდღიურობას, სხვა სამყაროში გადავდივართ, მთელი ემოციით, გულითა და განცდებით ვწერთ. ეს კონკურსი ნიჭიერი ადამიანების, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. მეც ჩემს წიგნში ამ კონკურსზე შექმნილი ნაწარმოებები შევიტანე. საკონკურსო თემაც ძალიან საინტერესოა“.
წარმატებებს ვუსურვებთ „ოდეონის“ მონაწილეებს.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ – სტიმული ლიტერატურის მოყვარული ადამიანებისთვის
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად
55 წლის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობას დარაჯობდა. ავადმყოფს
ხევის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე „ერასმუს+“-ის