ნარკოდამოკიდებულს ნარკოტიკის ზეგავლენისგან ძალადობა, ზეწოლა, გაკიცხვა და გარიყვა კი არა, მხოლოდ მხარდაჭერა და სწორი მკურნალობის შეთავაზება დაიხსნის.

სამწუხაროდ, ნარკოდამოკიდებულები, განსაკუთრებით კი ქალები, ხშირად განიცდიან ძალადობას, მხარდაჭერის ნაცვლად.

ევროსაბჭოს 2022 წლის კვლევის მიხედვით, ფსიქოაქტიური ნივთიერების მომხმარებელი ქალები უფრო მეტად განიცდიან ძალადობას, ვიდრე კაცები. ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან ზეწოლის თავიდან ასაცილებლად ნარკოდამოკიდებული ქალები თავიანთ პრობლემაზე ხმამაღლა არ საუბრობენ და გაკიცხვის შიშით მკურნალობაზეც უარს ამბობენ.

„საზოგადოებისგან მეტი წნეხია ნარკოდამოკიდებულ ქალებზე, მამაკაცებთან შედარებით; ზოგჯერ მათ სარეაბილიტაციო ცენტრებშიც კი არ იღებენ, – ამბობს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „ნებას“ კონსულტანტი ნინო მაჭავარიანი, – ამ მიმართულებით გენდერული დისკრიმინაციის პრობლემის საშველი არის იმის გააზრება, რომ ნარკოდამოკიდებულებას გენდერი არ აქვს.

ეს ორივე სქესის პრობლემაა. როგორც სიმსივნე ემართება ორივე სქესის წარმომადგენელს, ისე უნდა შევხედოთ ნარკოდამოკიდებულებასაც. თუმცა, ნარკომანია დაავადება არ არის. ის გამომუშავებული, ჩამოყალიბებული ქცევაა და როცა ამ პრობლემის წინაშე დგახარ, სქესს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას ქალები, უმეტესწილად, მეუღლის, პარტნიორის შეთავაზებით იწყებენ.

საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულება ადამიანების შესაძლებლობების ჩარჩოებში ჩასმაა და ამას ქალისა და მამაკაცის ბიოლოგიური განსხვავებულობით ხსნიან. ამ დროს პრობლემის წინაშე როდესაც ვდგავართ, მისი „ქალურად“ და „კაცურად“ მოგვარება არ არსებობს. ქალი, რადგან ნარკოტიკის მომხმარებელია, განიკითხო და უარყო, მაშინ როცა, იგივე მდგომარეობაში მყოფ კაცს დამოკიდებულების დაძლევაში ეხმარები, – დისკრიმინაციულია.

ბოლო პერიოდში რაღაცები უკეთესობისკენ იცვლება. ახალგაზრდა თაობაში ინფორმაციის მეტი მიმოცვლაა. თუმცა სახელმწიფო პოლიტიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს ისეთი პროგრამები, რომლებიც ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციისკენ იქნება მიმართული და არა მისი ჩანაცვლებისა და მოხმარების დოზის შემცირებისკენ. დღეს საქართველოში ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებები არასათანადო და არასაკმარისია“.

„ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა შიდსით ინფიცირება უმეტესად მეუღლეებისგან ან პარტნიორებისგან ხდება, – ამბობს მაია ცინცაძე, – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი, – საქართველოში შიდსის პირველი შემთხვევის (1989 წელი) გამოვლენიდან 2024 წლის 15 ნოემბრამდე რეგისტრირებულია ამ ვირუსით ინფიცირებული 10 926 პაციენტი. მათგან 8 186 მამაკაცია, 2 740 – ქალი. ინფიცირებულთაგან 3 388 ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია. ქალების ინფიცირების ძირითადი გზა, როგორც აღვნიშნე, პარტნიორი მამაკაცია.

შიდსის დიაგნოზის გაგების შემდეგ ქალები მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან და ითრგუნებიან, იციან, რომ მათ მიმართ საზოგადოების განწყობა ძალიან ნეგატიური იქნება. აღარ გვისმენენ, როცა ვუხსნით, რომ ეს მართვადი, განკურნებადი დაავადებაა და იწყებენ შფოთვას მოსალოდნელი სტიგმისა და დისკრიმინაციის გამო. ამ დროს შიდსის ვირუსის მატარებელი ქალები სრულიად ჯანმრთელ შვილებს აჩენენ.

საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება, პირველ რიგში, ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია. დღეს თითქოს ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მაინც გვჭირდება იმის შეხსენება, რომ შიდსი ჰაერწვეთოვანი გზით, საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით არ გადაეცემა.

ამ ბოლოს შიდსით ინფიცირებულმა პაციენტმა ქალმა შემომჩივლა, რომ ერთ-ერთ  კლინიკაში სტომატოლოგიურ მომსახურებაზე უარი უთხრეს. მან ექიმს გაანდო თავისი დიაგნოზი, თუმცა არ იყო ვალდებული ეთქვა. შეიძლება პაციენტი იყოს ინფიცირებული და ამის შესახებ თავად არაფერი იცოდეს. ამიტომ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის კონტროლი ისეთ დონეზე უნდა იყოს დაცული, რომ არც პაციენტი და არც სამედიცინო პერსონალი ინფექციის საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს.

1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, ყოველწლიურად სხვადასხვა სლოგანით აღვნიშნავთ. წლევანდელი წლის სლოგანია – „ადამიანის უფლებების დაცვით შიდსის ეპიდემიის დასასრულისკენ“. ამ დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ყველას, რომ ინფექციისგან დაცული არავინაა. ამიტომ ინფიცირებულები გენდერული ნიშნით არ უნდა შევზღუდოთ. მთავარია, შევიარაღდეთ სწორი ინფორმაციით, რომ შიდსი სასიკვდილო განაჩენი არ არის“.

ნინო კაპანაძე

ეს სტატი შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“ (პროექტი CPR) ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ჩემი ხარაგაულიდა სტატიის ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ამავე თემაზე

ინფორმირებულობა ძლიერი ინსტრუმენტია ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციისთვის

სკოლის როლი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციისთვის

ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას სწორი პრევენციული ღონისძიებები შეამცირებს

საზოგადოების განწყობები ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია

ნარკოდამოკიდებულებას დამაშინებელი კამპანიებით ვერ დავძლევთ