ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში ნარკოტიკის 49 ათასი ინექციური მომხმარებელია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ სპორტული წრეები, დასაქმებისა და გართობის შესაძლებლობები მოზარდებში ნარკოტიკებისადმი ინტერესს ამცირებს.
მიმართავენ თუ არა რაიმე პრევენციულ ღონისძიებებს სპორტის მასწავლებლები მოსწავლეებთან ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ ხარაგაულის სპორტის ცენტრის მწვრთნელებს ვესაუბრეთ.
ბექა ბანცაძე, კალათბურთის მწვრთნელი: – ნარკოტიკისადმი ინტერესის გაჩენისას დიდ როლს თამაშობს სამეგობრო, სანაცნობო წრე. ზოგჯერ ხდება, ბიჭები ერთმანეთს ეუბნებიან – „ერთხელ გასინჯე, არაფერი მოგივა“. ჩემს ბავშვობაში სიგარეტს „კარგი ბიჭები“ ეწეოდნენ.
ჩემი აზრით, მოზარდებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მარიხუანას მავნებლობის შესახებ. ამ დროს განსაკუთრებული როლი, მშობელთან ერთად, მასწავლებელს ენიჭება.
მე, როგორც მწვრთნელი, ჩემს მოსწავლეებს მხოლოდ კალათბურთს არ ვასწავლი. თითქმის ყოველი ვარჯიშის შემდეგ ცხოვრებისეულ საკითხებს განვიხილავთ. ვფიქრობ, რომ ჩემი მოვალეობა მათთვის მხოლოდ სპორტული ილეთების დასწავლა არ არის. ყურადღებას ქუჩაშიც ვადევნებ. არც თითის დაქნევა და დატუქსვა მგონია სწორი. მნიშვნელოვანია ნარკოტიკის მავნებლობა სწორად დავანახოთ. მოზარდებს უყვართ მიბაძვა. ამიტომ მე ვცდილობ, მათთვის კარგი მაგალითი ვიყო. საუკეთესო პრევენცია ესაა. არასდროს მომიწევია სიგარეტი, პირიქით, ეს სამარცხვინო საქციელად მიმაჩნია.
ხარაგაულში სპორტული წრეები საკმაოდაა და ყველა მათგანი ახალგაზრდებისთვის უფასოა. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ მოზარდები ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ.
ლევანი დონაძე, ძიუდოს მწვრთნელი: – სპორტსმენი, რომლის მიზანი გამარჯვებაა, ნარკოტიკს არ უნდა გაეკაროს. ნარკოტიკის არა თუ მოხმარება, გასინჯვაც კი მიუღებლად მიმაჩნია. სიგარეტის მოწევა საზოგადოებამ არაპოპულარულ საქციელად უნდა მიიჩნიოს. გარდა ამისა, მოზარდებმა არ იციან, კანონით როგორ ისჯება მარიხუანას მოხმარება. კარგი იქნება, თუ თქვენი მედიის საშუალებით, საზოგადოებას ამას განუმარტავთ.
მე უფრო მეტად ვცდილობ, საკუთარი საქციელით მაგალითი მივცე, პირველ რიგში, საკუთარ შვილებს და მერე ჩემს მოსწავლეებს, რომ არ მოწიონ სიგარეტი, არ მიიღონ ალკოჰოლი. ნარკოტიკის მოხმარება ადამიანს არანაირ სარგებელს არ აძლევს. ახალგაზრდებს ამის გათავისებაში უნდა დავეხმაროთ.
აქვე გაგაცნობთ, კანონით რა რეგულაციები მოქმედებს საქართველოში მარიხუანის ფლობაზე, მის მოხმარებასა და მოყვანაზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ პირს სამართალდამცავებმა მარიხუანის მცირე ოდენობა აღმოუჩინეს, ის 500 ლარით დაჯარიმდება. კანონმდებლობით, გამომშრალი მარიხუანის მცირე ოდენობა 5 გრამია.
იმ შემთხვევაში, თუ პირს ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ აღმოუჩენენ 5 გრამ მარიხუანას, მან ჯარიმის სახით ან 1 500 ლარი უნდა გადაიხადოს, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა უნდა გასწიოს.
5-დან 70 გრამადე გამომშრალი მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში პირი 2000 ლარით დაჯარიმდება, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრება.
საქართველოს კანონმდებლობით, მარიხუანის მოხმარება დასჯადი არ არის და ასეთ შემთხვევაში პირს არანირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
აკრძალულია მარიხუანის მოხმარება საჯარო სივრცეში ან არასრულწლოვანის თანდასწრებით. საჯარო სივრცეში მისი მოხმარებისთვის ჯარიმა 800-დან 1 200 ლარამდეა; არასრულწლოვნის თანდასწრებით მოხმარება კი 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ამდენივე ოდენობის თანხით დაჯარიმდება პირი, თუ მან მარიხუანა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოიხმარა.
საქართველოში მარიხუანას მოყვანა დასჯადია. 151 გრამამდე ოდენობის მარიხუანას მოყვანისთვის პირს არ დააპატიმრებენ, თუმცა, მას ჯარიმის გადახდა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოუწევს. 151 გრ-ზე მეტი ოდენობით მარიხუანას მოყვანისთვის სასჯელი მკაცრდება.
ნინო კაპანაძე
ეს სტატია შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“ (პროექტი CPR) ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ჩემი ხარაგაული“ და სტატიის ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ამავე თემაზე
ნარკოდამოკიდებულებას სქესი არ აქვს
ნარკოდამოკიდებულებას დამაშინებელი კამპანიებით ვერ დავძლევთ
ინფორმირებულობა ძლიერი ინსტრუმენტია ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციისთვის
სკოლის როლი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციისთვის
ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას სწორი პრევენციული ღონისძიებები შეამცირებს
საზოგადოების განწყობები ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია
2025 წლის აპრილიდან ხარაგაულში
ხარაგაულის საავადმყოფო, ბოლო წლებია,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ლიტერატურული კონკურსის, „საბა 2024-ის” გამარჯვებულები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის