14 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრის ორგანიზატორი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე გახლდათ.

გიგლა აგულაშვილი გაეცნო ხარაგაულელ მცირე მეწარმეთა პრობლემებს და მოისმინა მათი მოსაზრებები კონკრეტული დარგების განვითარებასთან დაკავშირებით.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა შალვა კერესელიძემ აღნიშნა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან სულ 11 231 მოქალაქის სია გადაიგზავნა სასოფლო-სამეურნეო ბარათების მისაღებად. სიები პერიოდულად ზუსტდებოდა სამოქალაქო რეესტრში. საბოლოოდ 10 935-მა ბენეფიციარმა ისარგებლა სასოფლო-სამეურნეო ბარათებით.

„რა ქნას გლეხმა? ჩინოვნიკმა რომ სიების შედგენისა თუ დაზუსტების პროცესში დაუშვა შეცდომა, გლეხი რა შუაშია?!“- აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, უკვე დაწყებულია

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნათესი და ნარგავი ფართობების განახლებული საინფორმაციო ბაზის შექმნა. ეს უზრუნველყოფს სამინისტროსთვის მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების მიწოდებას მიწათმოსარგებლეების შესახებ.

 

ბორითის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ გამცემლიძემ ხარაგაულში მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემაა თაფლის რეალიზაცია და სამკურნალო პრეპარატების სიძვირე.

გიგლა აგულაშვილის თქმით, მეფუტკრეობის განვითარება ნამდვილად პერსპექტიულია. მან მაგალითად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ კუთხით განხორციელებულ პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრომ ფინეთში დამზადებული სკები შეიძინა და ფერმერებს შეღავათიან ფასად მიჰყიდა. მეფუტკრეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ფუტკრის მოსავალი, რადგან სკები ზამთარში ინარჩუნებს სითბოს, ზაფხულში გრილია. ამის გამო ფუტკარი მთელ ენერგიას თაფლის წარმოებაზე მიმართვას. „თაფლის რეალიზაცია ევროპაში ძალიან მალე შესაძლებელი გახდება, – აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა, – ამიტომ ჩვენ ამ პროცესს მომზადებული უნდა შევხვდეთ. გვაქვს კონკურენტუნარიანი თაფლი. ბალტიისპირეთის ლაბორატორიებთან შევთანხმდით პროდუქციის ხარისხის შემოწმებაზე. შეგიძლიათ გაერთიანდეთ, შექმნათ კოოპერატივი და ასე უფრო გაგიადვილდებათ პროდუქციის როგორც ლაბორატორიული შემოწმება, ასევე რეალიზაცია.“

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჩვენ სეზონის მიღმა სოფლის მეურნეობის პროდუქციის სერიოზული დეფიციტი გვაქვს. სახელმწიფოს პოლიტიკა ასეთია,  რომ შემოტანილი პროდუქტების 80% ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ. ამიტომ საჭიროა წარმოებისა და რეალიზაციის უწყვეტი ჯაჭვი. ეს ვერ შეიქმნება და ვერ მივიღებთ მაღალრენტაბელურ პროდუქციას, თუ არ გვექნა სათანადო ცოდნა. ამ მიზნით შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები მუნიციპალიტეტებში.

გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი თანამშრომლობს ახალგაზრდების ჯგუფთან, რომლებიც ინტერნეტრესურსების მეშვეობით ცოდნის გავრცელებაზე მუშაობენ. პირველი ეტაპი დაინტერსებული ადამიანებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება იქნება.

შეხვედრის მონაწილე ფერმერებმა ბანკებიდან სესხის მიღების პრობლემაზე ისაუბრეს. გიგლა აგულაშვილის თქმით, სახელმწიფო არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს და არ ჩაერევა საბანკო საქმიანობაში, არ მიუთითებს ბანკებს, გასცენ თუ არა სესხები. „სახელმწიფომ მოქნილი ბიზნესგარემო უნდა შექმნას, რომ ბანკებმა გაზარდონ ბიზნესსესხების რაოდენობა,“ – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე ინფორმაციით, აგროსექტორში სესხების გაცემის პროცესში 11 ბანკი და სამი საკრედიტო ორგანიზაცია მონაწილეობს. 5 აგვისტოს მონაცემებით 66 მილიონი ლარია გაცემული.

სოფელ ფარცხნალში მცხოვრებმა ფერმერმა ლეო ბუაჩიძემ აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება გლეხებისთვის ჰუმანური აქტია და სოფლის მეურნეობის განვითარებაში ამინდს ვერ შექმნის. აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რითაც მივიღებთ რეალურ შედეგს. მექანიზაცია, ირიგაცია, მიწების გაუმჯობესება – ეს აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

სოფელ ვახანში მცხოვრებმა დავით ინასარიძემ სტუმრებს საკუთარი პროექტი წარუდგინა პირუტყვის სასაკლაოს მოწყობის თაობაზე. თავის მხრივ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მას პროექტის დეტალურ განხილვას დაჰპირდა.

ს/ს „იმერის“ ხელმძღვანელმა იუზა კელენჯერიძემ ხარაგაულში ვაზის სანერგე მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარაგაული უნიკალურია საშამპანურე ღვინის წარმოების კუთხით. მეწარმე დამატებით ფართს საჭიროებს მეურნეობის გასაფართოებლად.

მესაქონლეობის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა საღანძილეში მცხოვრებმა მალხაზ ყრუაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებისა და შესაბამისი ცოდნის მიღებისთვის უნდა მიიმართოს საბიუჯეტო სახსრები.

 

ნინო კაპანაძე