ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს განიხილავს.
გთავაზობთ ამონარიდს ამ ანგარიშიდან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წინა აუდიტის დროს გამოვლენილი ძირითადი დარღვევა-ნაკლოვანება არ არის აღმოფხვრილი და კვლავ მეორდება, – ნათქვამია ანგარიშში, – კერძოდ:
- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის მიზნით შექმნილი ჯგუფი არ ახდენს შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ხარისხის შემოწმებას, იგი ეთანხმება მიმწოდებლისგან დაქირავებული აუდიტორული ფირმის საექსპერტო დასკვნას.
- 2009-2013 წლებში სოფელ ფარცხნალში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილი თანხებით, მოსახლეობისათვის აშენდა სამკურნალო აბანო, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული. აბანო არ ფუნქციონირებს და არც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი მისი დანიშნულებით გამოყენება.
- ტერიტორიულ ორგანოებში წარმომადგენლების უმეტესობა შეცვლილია ისე, რომ არ ჩატარებულა ქონების ინვენტარიზაცია და გადაბარება. ტერიტორიული ორგანოების ნაშთებში, სავარაუდოდ, კვლავ ირიცხება ისეთი მასალები, რომლებიც გახარჯულია. არ დამთავრებულა მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაცია.
- გზების მოხრეშვისთვის საჭირო ინერტული მასალის გამოყენება, სავარუდოდ, კვლავ ხორციელდება არალიცენზირებული ადგილობრივი კარიერებიდან.
- ა(ა)იპ-ების დაფინანსებაში არ არის გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და შესრულება, ხოლო ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავება“ და ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობა“ დაფინანსებულია ისე, რომ არ არის დასაბუთებული მიღებული სუბსიდიით რა სამუშაოები უნდა შეესრულებინა, რა პერიოდულობით და მოცულობით. არ არის განხორციელებული კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე.
- მოსახლეობისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან გაწეული საქმიანობის, აგრეთვე მიმდინარე და სხვა სიახლეების გასაცნობად, ბეჭდურ მედიაში ინფორმაციის განსათავსებლად, შექმნილი იყო ა(ა)იპ გაზეთი „ახალი ხარაგაული“. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან წინა შემოწმების დროს გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მხრიდან 2013-2014 წლებში ღონისძიებები არ გატარებულა. 2015 წელს აღნიშნული ა(ა)იპ გადაკეთდა და დაერქვა „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“, რომელსაც დაემატა ახალი მიზნები და ამოცანები: მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება, მოსახლეობაში არსებული კონკრეტული პრობლემებისა და მოთხოვნების ადგილობრივ თვითმმართველობამდე მიტანა, ურთიერთობის განვითარება მოქალაქეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის, ცხელი ხაზის შექმნა და სხვ. აღნიშნული ა(ა)პ-ის არსებული ფორმით ფუნქციონირების მიზანშეწონილობის შეფასების საკითხი ცდება აუდიტის ჯგუფის მანდატს, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
ფოტოზე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე აუდიტის ანგარიშის განხილვისას