დღეს, 10 მარტს, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილი დირექტორის სარჩელზე სარეზოლუციო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლე ელენე ოსაძემ მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მიხეილ ჭიპაშვილი ითხოვდა თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ გამგებლისგან გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

სასამართლომ ბათილად ცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ბრძანება მიხეილ ჭიპაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ გამგებელს არ უნდა გამოეყენებინა კანონის ის მუხლები, რომლებითაც მიხეილ ჭიპაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს იხელმძღვანელა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მიხეილ ჭიპაშვილის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

მოპასუხე მხარეს (მუნიციპალიტეტის გამგეობა) დაეკისრა კომპენსაციის სახით მიხეილ ჭიპაშვილისთვის 1000 ლარის გადახდა. სასამართლოში გადასახდელი ბაჟის ნახევარი – 50 ლარი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნდა გადაიხადოს ასევე მოპასუხემ.

მოსარჩელე მიხეილ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მოპასუხე მხარის ადვოკატებმა ვიდეოკომენტარზე უარი თქვეს.

გამგებელი კობა ლურსმანაშვილი მოსამართლისგან სარეზოლუციო გადაწყვეტილების გამოცხადებისას ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში არ იმყოფებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მან კომენტარისგან თავი შეიკავა.

ნინო კაპანაძე