40 წლის ასაკში ბებია გახდა. თავად იტვირთა სამი შვილიშვილის აღზრდა, მოვლა-პატრონობა, მათ სწავლაზე ზრუნვა. შემდეგ მეოთხე შვილიშვილმაც ბებიასთან ისურვა ჩამოსვლა ხარაგაულში. დღეს ფიქრობს, რომ რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა შვილიშვილები თბილისიდან ხარაგაულში ჩამოიყვანა.
ერთ კარგ ხარაგაულელ ქალბატონზე, მარინა დევდარიანზე, გვსურს გიამბოთ.
-ჩემი ქალიშვილი, მერი მაღრაძე, მუშაობს, – გვიამბობს ქალბატონი მარინა, – შვილებისთვის ძიძა უნდა აეყვანა. ვამჯობინე, რომ ბავშვები მე წამომეყვანა ხარაგაულში. მეუღლე, ნოდარი მაღრაძე, ახალი გარდაცვლილი იყო. ვიფიქრე, კერიას არ გავაცივებ, ბავშვებსაც მოვუვლი და ხელს შევუწყობ, როგორც შევძლებ-მეთქი. ჩემს მეუღლეს სურდა, რომ შვილიშვილები ხარაგაულში გაგვეზარდა. მათი აღზრდა შვილების აღზრდაზე ძნელი ყოფილა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. თავიდან თიკოს დედამისი დამოუკიდებლად ზრდიდა, ამიტომ ჩემთან სულ ტიროდა და დედასთან უნდოდა. ახლაც რომ მახსენდება, ცრემლები მომდის. უფროსები, შაკო და ანო, უფრო ადვილად შეეგუენ აქაურობას და ბებიას.
ბავშვებიც ძალიან მიწყობდნენ ხელს, – დამყოლი და დამჯერე ხასიათი ჰქონდა სამივეს.
განსაკუთრებულად მომთხოვნი ვიყავი მათი სწავლის მიმართ. ხელს ვუწყობდი ყველანირად. ძალიან ბევრს ვკითხულობდით. ვურჩევდი ლიტერატურას. ამაში ბავშვების მამიდა, ირინე ჩხეიძეც, მეხმარებოდა. შვილებზე მეტადაც კი ვკითხულობდი მათი სწავლის ამბებს სკოლაში. ორი ქალიშვილის დედა ვარ და ძალიან ვნერვიულობდი, როგორ აღვზრდიდი ბიჭს. უფრო მეგობრული ურთიერთობები მაქვს ჩემს შვილიშვილებთან. ყველაფერს მიყვებოდნენ. არასოდეს დამისჯია. თუ იცელქებდნენ, ვუხსნიდი, ვარწმუნებდი. ისინიც პატივისცემით მეპყრობოდნენ და ყოველთვის მეხმარებოდნენ საოჯახო საქმეებში.
ახლა ძალიან ვნერვიულობთ მე და ანო. სკოლას ამთავრებს და მეუბნება, – ბებო, რა მეშველება უშენოდ, თბილისში რომ წავალო. ჩვენ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვართ.
მეთორმეტე კლასელი იყო მარინა დევდარიანის უმცროსი ქალიშვილის, ეკას ვაჟი, საბა შარიქაძე, ხარაგაულში რომ გადმოვიდა სასწავლებლად. „ეს საბას სურვილი იყო, – გვიამბობს ქალბატონი მარინა. მან თავად უთხრა დედამისს, რომ ხარაგაულში უფრო შეძლებდა სრულფასოვანი განათლების მიღებას.
უფროსმა შვილიშვილმა, შალვა ჩხეიძემ, წარმატებით დაამთავრა ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია, 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. შალვა ახლახან დაბრუნდა ჩინეთიდან, სადაც კონფუცის უნივერსიტეტში ექვსთვიანი სასწავლო გრანტით სწავლობდა.
შალვა ამბობს, რომ მის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბებიას. ყოველთვის ბებია იბარებდა ჩემს გაკვეთლებს, მამზადებდა, მამხნევებდა გამოცდების წინ. მასთან უფრო დედაშვილური დამოკიდებულება გვაქვს მე და ჩემს დებს, ვიდრე ბებია-შვილიშვილის. თუ რამე გვიხარია, ან რამე პრობლემა გვაქვს, პირველად ბებიას ვუყვებით. ის გვაერთიანებს ყველას, ჩვენს ოჯახებს, მეგობრებს. ის ჩემთვის ბებიის ეტალონია.
მარიამ შარიქაძე
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი
ფოტოზე: მარინა დევდარიანი შვილიშვილებთან შალვა და თიკო ჩხეიძეებთან ერთად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი