giorgi_vefkhvadze

ის მე სცენიდან მახსოვს. ხარაგაულში მაშინ სკოლებს შორის ,,მან სან კანის“ მორიგი შეხვედრა იყო…  უიტნი ჰიუსტონს განასახიერებდა. ეს სცენა ძალიან შთამბეჭდავი იყო. უიტნი ჰიუსტონად გარდასახვას გარკვეული დროის შემდეგ, გიორგი ვეფხვაძის ცხოვრებაში  ნამდვილი „გარდასახვა“ და „ლელო“ მოჰყვა. გიორგი საფრანგეთში, ქალაქ  ოიონაქსში  ფრანგულ კლუბში, რაგბს თამაშობს. როგორც ჩანს, ,,კავეენურმა“ წარსულმა თავისი ქნა, გიორგი სასიამოვნო და ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა. ,,წერილი ჩემს ხარაგაულს“ – ასე ერქვა ფაილს, რომლითაც გიორგიმ საფრანგეთიდან ინტერნეტით ჩვენს კითხვებზე პასუხები გადმოგვიგზავნა.

„პირველ ყოვლისა, მოვიკითხავ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას, სადაც დაუვიწყარი ბავშვობა გავატარე, ჩემს მოძღვარს – მამა ფილიპეს, ჩემს მეგობრებს, ყველა ხარაგაულელს და ჩემს დიდ ოჯახს, რომელსაც ერთი წევრი გამოკლდა ჩემს აქ ყოფნაში და ამან გული დაგვწყვიტა ყველას.

ბავშვობაში დედაჩემს რატომღაც ეგონა, რომ ხელოვნების ნიჭი მქონდა და სანამ წინააღმდეგობის გაწევა შემეძლო, ვიარე ასე ჯერ ცეკვაზე, მერე მუსიკაზე, შემდეგ გიტარის წრეზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ თავიდანვე აქტიური და სპორტული ცხოვრება მომწონდა. იმ დროს ხარაგაულში ფეხბურთისა და ჭიდაობის წრეები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ჩემი აღნაგობა და ასევე ის, რომ ხარაგაულში ჭიდაობა, თავისი ისტორიით, სპორტის სხვა სახეობებზე უფრო პოპულარული იყო (რაც ბატონი ანზორ მაღრაძის დიდი დამსახურებაა), გადაწყდა, რომ ჭიდაობაზე შევსულიყავი.

დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთან მიდგომას – როგორ შეაყვარებ სპორტს. ეs შესანიშნავად იცოდა ბატონმა ანზორიმ და ალბათ, ამის გამოა, რომ ძალიან მიყვარს სპორტი. მიუხედავად იმისა, რომ ხარაგაულში ჭიდაობას დიდი ისტორია ჰქონდა,  ჩემმა თანატოლებმაც ვეცადეთ, ეს ისტორია ცოტათი მაინც გაგვემდიდრებინა. ალბათ, გამოგვივიდა კიდეც. სამწუხარო ისაა, რომ ჩემი თაობიდან ბევრმა ვერ შეძლო ბოლომდე გაყოლოდა თავის საყვარელ საქმეს, თორემ დარწმუნებული ვარ, რომ ასახელებდნენ ხარაგაულსა და მთელ ქვეყანას. ალბათ, კარგი მასწავლებლის დამსახურებაა ისიც, რომ  ჭიდაობის წრის თითქმის ყველა წევრთან დღემდე ვმეგობრობ. ჩვენი მასწავლებელი, ბატონი ანზორ მაღრაძე, ახლა ცოტა შეუძლოდაა და ვუსურვებ, მალე დაბრუნებოდეს საყვარელ საქმეს.

ჩემი თაობიდან მხოლოდ თედო ებანოიძე აგრძელებს ჭიდაობას და მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს. კარგია, რომ ჭიდაობის მწვრთნელად მუშაობს რევაზ შერგელაშვილი და ხარაგაულს მომავალ ფალავნებს უზრდის.

ჩემი ხარაგაულელი მეგობარი თედო ლურსმანაშვილი ფეხბურთის მხრივ აგრძელებს კარიერას. მჯერა, რომ არაერთხელ გვასახელებს.  ვიმედოვნებ, რომ ახლა მაინც მიაქცევენ ყურადღებას წარმატებულ სპორტსმენებს, რადგან სწორედ უყურადღებობისა და დაუფასებლობის გამოა, რომ ჩემი თაობის ბევრმა წარმომადგენელმა დაანება თავი სპორტულ კარიერას.

სკოლის დამთავრების შემდეგ გადავედი თბილისში სწავლისა და ჭიდაობაში ვარჯიშის გასაგრძელებლად. სწორედ იმ დროს მიმდინარეობდა რაგბის 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. რაგბში პირველი მატჩი, რომელიც მე ვნახე, მიმდინარეობდა საფრანგეთსა და საქართველოს შორის და დამთავრდა საქართველოს დამარცხებით, ანგარიშით 64:7. სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ დავხმარებოდი საქართველოს, ასე დიდი ანგარიშით მაინც რომ აღარ წაგვეგო.

დიდი ხნით ადრე, მაშინ 13-14 წლის ვიყავი, მე და ჩემი ძმა დეიდაშვილმა საქართველო-რუსეთის თამაშზე წაგვიყვანა. მაშინ კარგად ვერ გავიგე, რაგბი როგორი თამაში იყო – ჭიდაობას მიჩვეული სულ იმის წესებით ვზომავდი. ჭიდაობასაც ჰგავდა, ოღონდ ბურთით და სხვებთან ერთად. ეს იყო ვაჟკაცური და ემოციური.

2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დარჩენილ მატჩს დავესწარი და ბევრიც აღარ მიფიქრია, გადავწყვიტე დამეწყო „ჭიდაობა ბურთთან ერთად.“ ახლობლების დახმარებით მოვხვდი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ „ლოკომოტივში.“ ესეც, ალბათ, ღვთის წყალობა იყო, რომ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, კარგ მოთამაშეებთან და, რაც მთავარია, პროფესიონალ მწვრთნელთან დავიწყე ვარჯიში.

ორი წელი დამჭირდა გამეგო ამ სპორტისთვის, თუ რა ხდებოდა და რას ითხოვდნენ ჩემგან. შემდეგი ორი წელი კი იყო ალბათ საუკეთესო ჩემს კარიერაში. გავხდით საქართველოს ჩემპიონი და თასის გამარჯვებული. სეზონის ბოლოს დამასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ ჩემს პოზიციაზე.  ასე მივიპყარი ფრანგების ყურადღება. ისინი უცხოელის შერჩევისას დიდ სიფრთხილეს იჩენენ. ჩემს ახლანდელ გუნდს აქ მოთამაშე გიორგი ჟღენტის დახმარებით დავუკავშირდი.

ფრანგებმა მიმიწვიეს ტესტებზე, რომელიც წარმატებით ჩავაბარე და გამიფორმეს ორწლიანი კონტრაქტი. „ტესტებმა“ ბევრს, როგორც ჩემს ძმას, შესაძლოა, წერითი გამოცდის ან გასაუბრების ასოციაცია გაუჩინოს. ტესტები იყო გადამწყვეტი ვარჯიში, რომელიც იმდენად ძნელი გამოდგა, რომ გაჩერებაც კი ვიფიქრე. ასეთი რთული ვარჯიშის შემდეგ მირეკავს ჩემი ძმა და მეკითხება, გასაუბრებამ როგორ ჩაიარაო. რა უნდა მეთქვა – ძალიან ტკილი საუბარი გვქონდა-მეთქი, – ვუპასუხე. ახლა ღიმილით ვიხსენებ, ის ვარჯიში კი ძალიან ძნელი იყო.

ვცხოვრობ და ვთამაშობ შვეიცარიის საზღვართან მდებარე პატარა, 40 ათას მაცხოვრებლიან, ლამაზ ფრანგულ ქალაქ ოიონაქსში. ჩვენი რაგბის გუნდი დღემდე რანგით მეორე დივიზიონში თამაშობდა. სექტემბრიდან, მიღწეული შედეგებით, რანგით პირველ დივიზიონში გადავალთ, ანუ როგორც აქ ეძახიან, ტოპ 14-ში. ასე რომ, ფეხბედნიერი გამოვდექი. ფრანგული ჩემპიონატი რაგბში პირველ ადგილზეა მსოფლიოში. აქ ბევრი ისეთი ქართველი მოთამაშეა, რომლებიც აქაური ბავშვებისთვის მისაბაძად ჰყავთ. ჩემს გუნდსაც ქალაქის სახელი – ოიონაქსი ჰქვია. მე მესამე ნომრით ვთამაშობ. როცა ოიონაქსში თამაშია, ზეიმია მთელს ქალაქში. ხალხი შაბათ-კვირის მოლოდინით ცხოვრობს. მორაგბეები ყველაზე პოპულარულები ვართ. ხალხი ქუჩაში გვცნობს და ტკბილად მოგვიკითხავს. რაც შეეხება შეჩვევას, გამიჭირდა ის, რომ ცივი მხარეა. რომ ჩამოვედი, ხუთი თვე თოვლი იდო. თავიდან ენა არ ვიცოდი. ახლა სკოლაში დავდივარ, ვსწავლობ და უკვე კარგად ვსაუბრობ.

სრულიად უცხო ქვეყანაში ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა აქაური წესრიგი და თანაგუნდელები (გოგონებიც, რა თქმა უნდა). სადღაც სხვაგან რომ ვიყავი, პირველად მაშინ მივხვდი, როდესაც ქუჩებში ჩვენთვის უჩვეულო სიწყნარე და სისუფთავე აღმოვაჩინე; ავტომობლები მოწესრიგებულად მოძრაობდნენ. ერთი-ორი თვის მერე მივხვდი, რომ პოლიციის მანქანები აქ დანახულიც არ მყავდა. როგორც მითხრეს, ამხელა ქალაქს პოლიციის სულ სამი მანქანა ჰყოლია. ასეთ წესრიგს და იმას, რომ გაკეთებულს და გალამაზებულს არავინ აფუჭებს, პოლიცია აღარ სჭირდება ალბათ. ეს ისევ და ისე ხალხის დამსახურებაა. საზოგადოება იმ დონეზეა განვითარებული, რომ არ სჭირდება წესრიგის დამცველი. თვითონ იცავს და უფრთხილდება თავის ქვეყანას.

რატომღაც, ზოგში ევროპა ასოცირდება გარყვნილებასთან. არადა, აქ ბევრად სხვაგვარადაა, ბევრად მეტად და დიდი ძალებით ებრძვიან განსხვავებულ ორიენტაციას. აქ ბევრი კარგი და მისაბაძი რამ ხდება და სიკარგეში უნდა მივბაძოთ ევროპელებს; მაგალითად, გვიყვარდეს სპორტი, რომლის გარეშეც აქ არც ერთი ბავშვი არ ცხოვრობს.

ხარაგაულის დღევანდელობას რაც შეეხება, ყველაფერი, ასე თუ ისე, ვიცი და თვალს ვადევნებ. ძალიან კარგია, ახალი სპორტული სკოლა რომ აშენდა, მაგრამ რად გვინდა, თუ მხოლოდ ოცმა ბავშვმა ივარჯიშა? ჩემი აზრით, სკოლებში უკვე 8-9 წლის ასაკიდან უნდა ტარდებოდეს ისეთი გაკვეთილები, სადაც ბავშვი დაინტერესდება და შეიყვარებს სპორტს და უარს იტყვის არაჯანსაღ ცხოვრებაზე. მოზრდილის დაინტერესება და ქუჩიდან მოწყვეტა უკვე ძნელია. ბავშვს კარგი მაგალითი უნდა ჰქონდეს და მისაბაძი პიროვნება უნდა ჰყავდეს. ჩემს ბავშვობაში ხარაგაულში ჭიდაობა იყო პოპულარული და ალბათ, ამანაც განაპირობა სპორტით ჩემი დაინტერესება. დღეს კი თითქმის სპორტის ყველა სახეობას უჭირს. ალბათ, უფრო ჭიდაობით, რაგბითა და კალათბურთით დააინტერესებ ბავშვებს. ჩვენთან, საქართველოში, სპორტს პოპულარიზაცია აკლია.

საფრანგეთში ყველა ბავშვმა იცის, ვინ თამაშობს თავისი ქალაქის გუნდში, სიხარულით ელოდება თამაშის დღეს და ცდილობს, მიბაძოს თავის მოთამაშეს. რუმინეთის ნაკრების მწვრთნელს ჰკითხეს, რატომაა, რომ 20 მილიონიან ქვეყანას 5 მილიონიანი „უელსი“ გიგებთო. იმან უპასუხა, – როცა უელსში თამაშია, ხუთივე მილიონმა ადამიანმა იცის და მთელ ქვეყანაში ზეიმია. ჩვენთან კი მხოლოდ მოთამაშის ახლობლებმა და სტადიონის გარშემო მცხოვრებლებმა იციანო. გამოდის, რომ 5 მილიონის წინააღმდეგ მხოლოდ 5 ათასი ვართო. აი, რა აკლია საქართველოს – უფრო მეტად პოპულარული სპორტსმენები და მეტი პიარი.

ჩვენთან, რატომღაც უფრო მგონია, რომ ფეხბურთს აპიარებენ. ბავშვი რომ მაგათ თამაშს უყურებს, არა მგონია, იქ მისვლის სურვილი გაუჩნდეს. არავინ იფიქროს, რომ ფეხბურთელებზე რაიმე საწინააღმდეგო მაქვს. პირიქით, – მიყვარს და ვგულშემატკივრობ, მით უმეტეს, ხარაგაულის სახელით მოასპარეზეს. უბრალოდ, მიდგომის შეცვლაა საჭირო. ხომ არ ჯობია, ადგილობრივ ფეხბურთის მოყვარულ ბავშვებს შევუქმნათ ვარჯიშის პირობები. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში აქვთ 7-10 წლიანი პროგრამები, რომელიც ბავშვის ეტაპობრივად განვითარებას გულისხმობს და შედეგს ათი წლის შემდეგ იღებენ. ჩვენთან ორი-სამი წელი ხარჯავენ ბევრ ფულს და საბოლოოდ გამოდის, რომ უშედეგოდ. ვის საყურებლად უფრო მივა გულშემატკივარი, საკუთარ რაიონში დაბადებულ-გაზრდილი სპორტსმენის თუ ერთი წლით ჩამოსული უცხო მოთამაშის? რა თქმა უნდა, პატარა რაიონში სხვისი ჩამოყვანაც გახდება საჭირო, მაგრამ საკუთარს რომ კარგად გამოზრდი, სხვაც უკეთესი ჩამოვა. ბავშვს უნდა მივცეთ ნორმალურად განვითარების საშუალება – სწორი კვება, სწორი ვარჯიში და პროფესიონალი მწვრთნელი, რომელიც მოზარდს სპორტს აყვარებს და რაც მთავარია, იცის, როგორ განავითაროს პატარა. კარგი იქნება, თუ რაგბიც იქნება ხარაგაულში. სპორტის მიმართულებით ხარაგაულში რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ეს ჭკვიანი ხალხის მოსაფიქრებელი, გადასაწყვეტი და გასაკეთებელია.

თავიდანვე ბევრი მირჩევდა რაგბში ვარჯიშს. ყველაზე მეტად ხარაგაულელი შოთა ხარატიშვილი მესაუბრებოდა რაგბზე. მისგან ხშირმა „ტვინის ბურღვამ“ უფრო განაპირობა ჩემი დაინტერესება. რაგბი ვაჟკაცური სპორტია. ჩემი მშობლები დღემდე ვერ უყურებენ ჩემს თამაშებს. სულ ჰგონიათ, რომ რაღაც მომივა. მამაჩემი ჭიდაობაზე დამყვებოდა, მაგრამ ჩემი ასპარეზობის დრო რომ მოდიოდა, გარეთ გადიოდა თავის ძმასთან ერთად. ჩემი პატარა მამიდა დღემდე ასე მარიგებს: ,,ნუ მეიკლავ, მამიდა, თავს“. უფროსი მამიდა კი პირიქით, რაგბში კარგად გარკვეული გულშემატკივარია.

დასაფასებელი უნდა დააფასო. არა მგონია, ბევრი გვყავდეს ასეთი არა მარტო ხარაგაულში, არამედ მთელს ქვეყანაში. ახლო წარსულში იყო შემთხვევა, როცა ევროპისა და მსოფლიო პრიზიორი, რომელიც ხარაგაულის სახელით გამოდიოდა, ელემენტარულ ყურადღებას ითხოვდა საკუთარი რაიონიდან. ძალიან ცუდია, როცა ასეთი სპორტსმენის ფასს ვერ გრძნობ. აშენე რამდენი სპორტსკოლაც გინდა და აკეთე სტადიონები. რად გინდა სკოლა, თუ იქ ვინც ივარჯიშა და შედეგი აჩვენა, არაფერს უკეთებ. როდესაც ბავშვი უყურებს, რომ სპორტსმენს, რომელმაც სერიოზულს წარმატებას მიაღწია, არაფრად აგდებენ, როგორ გინდა მერე ის სპორტით დააინტერესო?

ბავშვებს ვურჩევ, რომ მისდიონ სპორტს, რომელიც არა მარტო ჯანსაღი ცხოვრების წესია, არამედ წარმატებულად ცხოვრების შესაძლებლობაც.  თუ გადაწყვეტ რამეს, ბოლომდე უნდა მიჰყვე, მიზანი უნდა გქონდეს და იმ მიზნისკენ იარო ყოველ წუთს. არც ერთი წამით არ უნდა გადაუხვიო არჩეულ გზას და მიზანსაც მიაღწევ. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ რაგბზე რომ გადავდიოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ, ევროპაში, წამოვიდოდი. ერთადერთი, აქ რაც ცუდია, ისაა, რომ ეკლესიაში ვეღარ დავდივარ, მაგრამ ვიცი, რომ ხარაგაულში დავტოვე ხალხი, ვინც ჩემს ამ ჩავარდნას ცოტათი მაინც ავსებს. ჩემი აქ ყოფნა, რა თქმა უნდა, დროებითია.“

P.S. მიხარია, რომ მასზე ვწერ, ხარაგაულელ ბიჭზე… მინდა ეს წერილი სტიმული გახდეს ხარაგაულელი ბავშვებისათვის. დიდი სურვილი მაქვს, შეიცვალოს ჩვენში მიდგომები და დამოკიდებულებები  სპორტის  მიმართ. და რაც მთავარია, ვუთხრათ ბავშვებს, რომ სპორტი არა მარტო ჯანსაღი ცხოვრების წესი, არამედ წარმატებული ცხოვრების საშუალებაცაა.

ინგა ბერაძე