ivanishvili

„რეგიონულმა მედიამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ჟურნალისტებმა არჩევნების და არა მარტო არჩევნების პროცესში ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობამდე ობიექტური ინფორმაცია მიეტანათ. პრემიერი ჟურნალისტებს დაპირდა, რომ ეს შეხვედრა ერთჯერადი არ იქნება, მუდმივად გაეცნობა რეგიონულ მედიას, რათა რეგიონების ცხოვრებაზე ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს. ამასთან, დაავალებს მინისტრთა კაბინეტს, რომ რეგიონულ მედიასთან აქტიურად ითანამშრომლოს.

შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა მოკლედ მიმოიხილა ის სამუშაოები, რაც საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩატარდა. შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის პროგრამას, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რეგიონები ორი მიმართულებით განვითარდება. პირველი, გატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, ჩამოყალიბდება ორდონიანი მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა, ხოლო სოფლებში იქნება თემები, რომლის მმართველი რგოლი არჩევითი იქნება, რათა მათი მუშაობა რაც შეიძლება ეფექტური იყოს. პარალელურად ყოველწლიურად გაიზრდება რეგიონული განვითარების ფონდი და მისი განკარგვა მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რეგიონული განვითარების ფონდი მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის პროგრამაზე 200 მილიონ ლარს დახარჯავს და ინფორმაცია თანხების ხარჯვის შესახებ გამჭვირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე დაწყებულია მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, რომელიც 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით 250 ჰექტარი მიწის დახვნას ითვალისწინებს. პრემიერის განცხადებით, ეს ორჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით. არ შეჩერდება სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროგრამები, პირიქით, ამ მიმართულებით 2013 წელს დამატებით 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის დასაქმებას, ივანიშვილის განცხადებით, იგეგმება მინიმუმ 60 მცირე საწარმოს მშენებლობის დაფინანსება. მისი თქმით, საწარმოს პროექტისა და ბიზნესგეგმის  წარმოდგენის შემთხვევაში მეწარმე იაფიან (0%-დან 3%) მინიმუმ 7 წლიან სესხს მიიღებს.

„ჩემი ხარაგაულის“ კითხვაზე, ხარაგაულის შემთხვევაში რა მიმართულებით შეიძლება დაინტერესდეს მეწარმე, ანუ რა ტიპის საწარმოს შექმნაზე შეიძლება იყოს საუბარი, პრემიერს კონკრეტული პასუხის გაცემა გაუჭირდა, თუმცა აღნიშნა, რომ ხარაგაული ულამაზესი რაიონია და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ინვესტორებსაც და ადგილობრივ მეწარმეებსაც, რომ იქ სამუშაო ადგილები შეიქმნას და მოსახლეობა ადგილზე დასაქმდეს. მისი თქმით, ისეთი მცირემოსავლიანი რაიონები, როგორიც მაგალითად ხარაგაულია, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

ჯანდაცვის კუთხით, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში განხორციელდება საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, პრემიერმა მედიკამენტების გაიაფების იმედი გამოთქვა, რასაც ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლა შეუწყობს ხელს. მისი თქმით, ამ მიმართულებით რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ვისაც გადამოწმების პროცესში სოციალური დახმარება შეუჩერდა, გადამოწმების დასრულების შემდეგ გამოტოვებული თვეებიც აუნაზღაურდებათ.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა განათლების მიმართულებით. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით 2013 წელს გარემონტდება 660 სკოლა. მისი თქმით, ქვეყანაში არცერთი, მათ შორის მცირეკონტიგენტიანი სკოლა არ დაიხურება. პირიქით, იმ სკოლების შენარჩუნებაც კი, სადაც თუნდაც ერთი ბავშვი სწავლობს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი სკოლები სოფლებს  დაცლისა და გაქრობისაგან იცავენ. ამასთან მიმდინარე წელს გაიზარდა პედაგოგთა ხელფასები 26%-დან 60% კატეგორიების მიხედვით, პრემიერმა მოუბოდიშა მასწავლებლებს და განმარტა, რომ ეს საკმარისი არ არის, თუმცა ამ ეტაპისათვის მხოლოდ ასეთი ზრდაა შესაძლებელი.

ჟურნალისტების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებას პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის შესახებ დიდი ალბათობით პარლამენტში კენჭისყრაზე პრობლემა არ შეექმნება და საჭირო ხმებს მოაგროვებს. თუმცა პრემიერმა ის ვარიანტიც განიხილა, თუ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ჩავარდება და სააკაშვილი „დიქტატორულ“ უფლებებს შეინარჩუნებს, დაითხოვს მთავრობას და ახალ მთავრობას უმცირესობიდან წარადგენს. ივანიშვილის განმარტებით უგულავათი, ადეიშვილით და მერაბიშვილით დამტკიცებულ მთავრობას პარლამენტი არ დაამტკიცებს, 3-ჯერ კი არა, 60-ჯერ რომ გაიტანოს კენჭისყრაზე. ამიტომ დაინიშნება ახალი არჩევნები. და რისი იმედი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“?! ეს თვითგანადგურების ტოლფასია. ქართველი ხალხისაგან პირველ ეტაპზე ღიმილს, შემდეგ კი საოცარ რისხვას მიიღებენ. ამასთან, ივანიშვილის განმარტებით, პრეზიდენტის შეუზღუდავ ძალაუფლებასთან დაკავშირებული უპრეცენდენტო საკონსტიტუციო ნორმა,  ნაციონალურმა მოძრაობამ 2004 წელს შემოიღო, რითაც ფაქტობრივად პარლამენტი ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის სურვილების შემსრულებელ და დამკანონებელ ორგანოდ იქცა. დღეს კი 2013 წელს ასეთი რამ პრაქტიკულად შეუძლებელია. ევროპა ამას არ მიიღებს და ნაცმოძრაობა სახეს საბოლოოდ დაკარგავს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მისთვის აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ჩავარდნა პოლიტიკურად მომგებიანიც კია, რადგან ეს დღევანდელი უმცირესობის განადგურების ტოლფასია, თუმცა ადამიანურად მას ამისი არანაირი სურვილი არ გააჩნია. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა და დააიმედა, რომ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან განცხადებების მიუხედავად, აპრილში არანაირი პოლიტიკური კრიზისი მოსალოდნელი არ არის.

სოფო დვალი