ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის თხოვნით, დღევანდელი ბიუროს უკვე დამტკიცებული დღის წესრიგიდან მოხსნა.

დღეს რომ მუშაობის ანგარიშს ვერ წარადგენდა, ეს ამბავი ბიუროს სხდომაზე მყოფმა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ ანგარიშის წარდგენამდე რამდენიმე წუთით ადრე, მერის პირველი მოადგილისგან შეიტყო.

დღეს, 16 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ორი საკითხი უნდა განეხილა:

1) მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში (მომხსენებელი – ამ სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე) და

2) მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში (მომხსენებელი კახაბერ გოლუბიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი).

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომის სპიკერმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით კიკნაძემ განაცხადა, რომ ჯერ კახა გოლუბიანისგან წარმოდგენილ ანგარიშს მოისმენდნენ.

ირინე ჩხეიძისგან წარმოდგენილი ანგარიშის მოსმენის დრო რომ დადგა, ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა დეპუტატებს მიმართა წინადადებით, რომ კულტურის სამსახურის ანგარიშის განხილვა ბიუროს მორიგი, 16 მარტის სხდომისთვის გადაედოთ.

„უფრო სრულყოფილად რომ ვიმუშაოთ, თუ ამით რამე არ გაფუჭდება. (კულტურის სფეროს მუნიციპალურ) ააიპ-ებში რომ ჩამოვიარე, იმის ანალიზსაც გავაკეთებთ და უფრო სრულყოფილად დავამუშავებთ ანგარიშს“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე ვარლამ ჭიპაშვილმა.

„ეს საკითხი უკვე დამტკიცებულია დღის წესრიგში, განსახილველად“ – სხდომის სპიკერმა დავით კიკნაძემ ჯერ ეს განაცხადა, შემდეგ ირინე ჩხეიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის დღის წესრიგიდან ამოღების საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და ხმათა უმრავლესობით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა.

ქალბატონმა ირინე ჩხეიძემ მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.