„ძალიან გვინდა ხევის ბაღი მალე გაიხსნას, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. დარჩენილია რაღაც სამუშაოები, რომ საბავშვო ბაღის ახალი შენობა ჩაბარდეს“, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი თამარ ლაცაბიძე.

მისი ინფორმაციით, ხევის საბავშვო ბაღი ყველა საჭირო ტექნიკითა და ავეჯით აღჭურვილია. უახლოეს დღეებში ამ შენობაში ჭურჭელსა და სამზარეულოს მაგიდებს მიიტანენ. თამარ ლაცაბიძე ამბობს, რომ ხევის ბაღის ახალი შენობა ამის შემდეგ უნდა გაიხსნას.

ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის ძველი შენობა 2021 წლის ნოემბერში დაანგრიეს. 2021-2022 სასწავლო წელს ხევის საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება დაქირავებულ სახლში გააგრძელა. თუმცა, 2022 წლის ივნისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, ბაღს კერძო სახლში ყოფნა აეკრძალა.

2022 წლის სექტემბრიდან ხევის საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფი ამოქმედდა, მხოლოდ 5-6 წლის ასაკის აღსაზრდელებისთვის. 2025 წლის სექტემბრიდან ამ სასკოლო მზაობის ჯგუფის ფუნქციონირებაც შეჩერდა, რადგან ოქტომბერში საბავშვო ბაღის ახალი შენობის გახსნას ელოდებოდნენ.

ფოტოზე: ხევის საბავშვო ბაღის ახალი შენობა.

ამავე თემაზე: რატომ გვიანდება ხევის საბავშვო ბაღის გახსნა