პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი დღეს, 31 ივლისს, დასრულდება.

ამ ეტაპზე, სკოლის ბაზებში, გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია ხორციელდება, რომლებიც ამ დრომდე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, რეგისტრაციის მეხუთე ეტაპზე, ხარაგაულში მოქმედ სკოლებში, ფაქტობრივად, პირველკლასელთა რაოდენობა აღარ იცვლება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლისთვის 130 პირველკლასელია დარეგისტრირებული.

ყველაზე მეტი – 15-15 პირველკლასელი დარეგისტრირდა ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიასა და კიცხის საჯარო სკოლაში;

თითო-თითო პირველკლასელი – მოლითისა და სარგვეშის საჯარო სკოლებში;

2-2 პირველკლასელი – ბაზალეთისა და ლაშის საჯარო სკოლებში;

3-3 პირველკლასელი – საღანძილის, ნადაბურის, ვახანის, წყალაფორეთისა და ხიდრის საჯარო სკოლებში;

4-4 პირველკლასელი – ღორეშის, ვაშლევის, ლეღვნისა და ხუნევის საჯარო სკოლებში;

5-5 პირველკლასელი – ხევის, უბისას, ბორისა და მარელისის საჯარო სკოლებში;

6 პირველკლასელი – ბორითის საჯარო სკოლაში;

7-7 პირველკლასელი – ხარაგაულის #3, ვარძიისა და ზვარეს საჯარო სკოლებში;

8-8 პირველკლასელი – ხარაგაულის #2 და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებში.

არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა წიფის საჯარო სკოლაში.

გასულ, 2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში სწავლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში 134-მა პირველკლასელმა დაიწყო, 2024-2025 სასწავლო წელს – 155-მა პირველკლასელმა, 2023-2024 სასწავლო წელს კი სწავლას 157 პირველკლასელი შეუდგა.