

სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა. ამ კაბინეტის დახურვისა და საქმიანობის შეჩერების მიზეზებზე თავად სოფო ექიმი გვიამბობს:
„მიზეზი ბევრია, თუმცა, ერთ-ერთს გამოვყოფ, ჩემი კაბინეტი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებსა და სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა. ბევრ მომსახურებას, რასაც თანამედროვე სტომატოლოგია ითხოვს, ვეღარ ვახორციელებდი.
პირველ რიგში, რენტგენის გარეშე კბილის მკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რენტგენის აპარატის ყიდვა ვერ შევძელი, რადგან ჩემს კაბინეტში მომსახურების ფასები ხარაგაულელების ფინანსურ შესაძლებლობებზე იყო მორგებული.
მეზობელ მუნიციპალიტეტებსა და დიდი ქალაქებში კბილის ამოღება და მკურნალობა ძვირია, რადგან მასალები გაძვირდა. მე კი მომსახურების ფასები ხარაგაულელების დაბალი შემოსავლების გამო ვერ გავზარდე.
შესაძლოა, მოსახლეობის ერთ კატეგორიას მაღალი ხელფასი აქვს, მაგრამ უმრავლესობა აქ არიან პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და დაბალშემოსავლიანი ადამიანები. ამიტომ დიდ საფასურს ვერ დავადებდი. საშუალო შემოსავლებით კი კაბინეტის გაუმჯობესება ვერ შევძელი.
20 ლარი ღირდა კბილის ამოღება, როცა ზესტაფონსა და ხაშურში ეს ფასი სასაცილოდ მიაჩნდათ; კბილის მკურნალობა – 70 ლარი, როცა თბილისში 150 ლარიდან იწყება.
აუცილებელია, ხარაგაულში ყველა პროფილის ექიმი გვყავდეს, რომ პაციენტს ადგილზე პირველადი სასწრაფო გადაუდებელი დახმარება გაეწიოს. ხარაგაულში სასწრაფო დახმარების კარგი ექიმები და ექთნები გვყავს, ხარაგაულის საავადმყოფოში კარგი კარდიოლოგია, კარგი ფთიზიატრი, არაჩვეულებრივი ლაბორანტები, რომელთაც სრულად ვენდობი. თუმცა, აქ ყველაფერი ვერ კეთდება.
დედაჩემს რომ დასჭირდა სამედიცინო მომსახურება, ზამთარში დიდთოვლობის გამო, ზესტაფონში ძლივს გადავიყვანეთ. აქ რომ ყოფილიყო მრავალპროფილური საავადყოფო რატომ წავიყვანდი? დავტოვებდი აქ და ჩემთვისაც უკეთესი იყო – ყოველდღე ხარაგაულიდან ზესტაფონში და უკან აღარ ვივლიდი.
ძალიან გულდასაწყვეტია და სერიოზული პრობლემაა, რომ ხარაგაულში მრავალპროფილური საავადმყოფო არ გვაქვს.
სიამოვნებას მანიჭებდა, როცა ჩემი რაიონის მოსახლეობას სტომატოლოგიურ მომსახურებას ვუწევდი. წლების განმავლობაში დედაჩემი უანგაროდ ემსახურებოდა ხარაგაულს. დღესაც მოდიან და მადლობას მეუბნებიან. მეც მსურდა, ელემენტარული მაინც გამეკეთებინა ხარაგაულელებისთვის.
ახლა თავს უხერხულად ვგრძნობ, მუშაობას რომ ვეღარ ვაგრძელებ. რთულია, როცა იძულებული ხარ, საქმიანობა შეწყვიტო“.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები ეტაპობრივად
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის
ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის
ენერგიის არაეფექტურად გამოყენება კლიმატის ცვლილების