რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, – ამ საკითხის გასარკვევად ღვერკელ მარადი გელაშვილს დავუკავშირდით.

„სამწუხაროდ, ღვერკში მიწაზე ბზარები ყოველდღიურად მატულობს, – ამბობს მარადი გელაშვილი, – ეს პროცესი განსაკუთრებით წვიმიანი ამინდების შემდეგ შეინიშნება.

ღვერკში იმ ადგილებზე, რომლებიც გეოლოგებმა ერთი წლის წინ შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნიეს – დღეს უკვე, ნაპრალების სიდიდის გამო, გავლა შეუძლებელია.

ღვერკში, მდინარე ყარნებას მხარეს, სამ ადგილზე 80 კვმ. მიწა ჩაიშალა. ამ მდინარის დაგუბების დონემ, 2026 წლის აპრილთან შედრებით, 2,5 მეტრით მოიმატა.

მეწყრული პროცესები შეინიშნება უკვე ღვრეკის მოსაზღვრე სოფელ ხორითშიც და ჩემი ინფორმაციით, ერთი ოჯახის გასახლება იგეგმება“.

როგორც ცნობილია, ღვერკსა და ხემაღალში მეწყერით დაზარალებულმა ათმა მოქალაქემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 16 თებერვალს მიმართა, რომ ბათილად ცნოს საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 იანვრის განკარგულება. ამ განკარგულების თანახმად, მათ ფულადი კომპენსაცია „ეკომიგრანტის სტატუსით“ განესაზღვრათ.

მეწყერით დაზარალებულები თავს ეკომიგრანტებად არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ სოფლებში მეწყერი რკინიგზის მშენებლობის დროს აფეთქებებმა გამოიწვია.

„სასამართლოს განჩინების მიხედვით, ეს საქმე სარჩელის შეტანიდან ხუთ თვეში, 16 ივლისისთვის უნდა განხილულიყო, – ამბობს მარადი გელაშვილი, – მოვიკითხეთ და გვიპასუხეს, რომ სასამართლოში ბევრი საქმეა განსახილველი და სხდომის ჩანიშვნის ზუსტი თარიღი ვერ დააკონკრეტეს.

პროკურატურასაც დავუკავშირდით და გვითხრეს, რომ ღვერკსა და ხემაღალში მეწყერის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

სასამართლოდან და პროკურატურიდან თუ დროული რეაგირება არ მოხდა, იძულებული ვიქნებით, ქუჩაში გამოვიდეთ და აქცია გავმართოთ“.

ღვერკსა და ხემაღალში მეწყერი 68 ჰა ფართობზე 2025 წლის მაისიდან განვითარდა. გეოლოგების შეფასებით ეს მეწყერი არის „ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი“ და ეს მეწყერი საქართველოში არსებულ 50 ათასამდე მეწყერს შორის ტოპ-სამეულშია.

მეწყერისგან ამ ორ სოფელში 112 ოჯახი დაზარალდა.

ფოტო მარადი გელაშვილის ფეისბუქგვერდიდან