

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საზაფხულო საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს შორის გამორჩეულია „ერუდიტბანაკი“. ამ ახალგაზრდულ ბანაკთან დაკავშირებით ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორ მამუკა ჭიპაშვილს ვესაუბრეთ.
– როდის ტარდება ბანაკი და რა ხანგრძლივობისაა იგი?
– „ერუდიტბანაკი“ წელს, აგვისტოში, მესამედ ჩატარდება. ამ ბანაკის ხანგრძლივობა 4-5 დღეა. სასწავლო და შემეცნებითი პროგრამა იმდენად ინტენსიურია, რომ ამ რამდენიმე დღეში უამრავი დაგეგმილი ღონისძიების ეფექტურად ჩატარებას ვასწრებთ.
– სად ტარდება ბანაკი და რატომ შეირჩა ეს კონკრეტული ლოკაცია?
– გასულ წლებში საზაფხულო ბანაკები მარელისის, ზვარისა და ლეღვნის ტერიტორიაზე კარვების სახით ეწყობოდა. ორი წლის წინ პროექტს „ერუდიტბანაკი“ ვუწოდეთ და ბორის სკოლა-პანსიონის ბაზაზე ვატარებთ. ლოკაციის შერჩევისას უმთავრესი კრიტერიუმი მოსწავლეთა უსაფრთხოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა იყო. ბორის სკოლა-პანსიონის ტერიტორია სრულად შემოღობილი და დაცულია, უზრუნველყოფილია გამართული სასადილო ბლოკითა და ყველა იმ პირობით, რაც მოზარდების ხუთდღიან კომფორტულ განთავსებას სჭირდება.
– ვინ არიან ამ პროექტის ორგანიზატორები?
– პროექტის მთავარი ორგანიზატორია ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი. „ერუდიტბანაკის“ წარმატებით განხორციელებაში ასევე აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სკოლები და ახალგაზრდული მიმართულების სხვა სამსახურები.
– რამდენ მონაწილეზეა გათვლილი ბანაკი და რა კრიტერიუმებით ირჩევთ მათ?
– ბანაკი, არსებული რესურსით, 60-70 მოსწავლეზეა გათვლილი. თითოეულ სკოლას ეძლევა შესაძლებლობა, გამოაგზავნოს 2-3 კანდიდატი. თუმცა, ვინაიდან დაბა ხარაგაულის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე სოფლებში, დაბა ხარაგაულის სკოლებიდან მეტ უფროსკლასელს ვიღებთ. ჩვენი მიზანია იმ ნიჭიერი და ერუდიტი ახალგაზრდების აღმოჩენა, რომლებიც ამ დრომდე, სხვადასხვა მიზეზით, არ ჩანდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე; ასევე იმ უფროსკლასელების გაძლიერება, ვინც უკვე აქტიურადაა ჩართული სასკოლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
– რა ტიპის აქტივობებია დაგეგმილი პროექტის ფარგლებში?
– პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ინტელექტუალურ, შემეცნებით და სპორტულ ღონიძიებებს. დაგეგმილი აქტივობები ორიენტირებული იქნება მოსწავლებისგან ახალი ცოდნის ათვისებაზე. ვცდილობთ, პროგრამა იყოს მაქსიმალურად პროდუქტიული და დასამახსოვრებელი, ბანაკის დღეებმა მონაწილეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება რომ დატოვოს.
– როგორ უწყობს ხელს „ერუდიტბანაკი“ მოსწავლეთა პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებას და რით განსხვავდება ის სხვა ბანაკებისგან?
– აღნიშნული პროექტი გამორჩეულია იმით, რომ აქ აქცენტი კეთდება მოსწავლეთა თავისუფლებაზე, რაც ხელს უწყობს მათ თვითგამოხატვას. შედეგები მართლაც თვალსაჩინოა. მშობლების უკუკავშირი ადასტურებს, რომ ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვები ხდებიან ბევრად უფრო კომუნიკაბელურები, დამოუკიდებლები და ანალიტიკურად მოაზროვნეები. პროექტი მათ აძლევს სერიოზულ ბიძგს, კრიტიკული აზროვნებისა და ლიდერული თვისებების განსავითარებლად.
– რას ფიქრობთ იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო ვერ ხვდებიან ბანაკში, თუმცა მონაწილეობის დიდი სურვილი აქვთ?
– მაქსიმალურად ვცდილობთ, არც ერთი მოტივირებული მოსწავლე არ დარჩეს ყურადღების მიღმა. ხშირად, მას შემდეგ, რაც სკოლები მონაწილეთა სიებს გვიგზავნიან, თავად მშობლები ან ბავშვები გვიკავშირდებიან, პროექტში ჩართვის სურვილით. თუ მოსწავლე მართლაც გამოირჩევა მაღალი აქტიურობით, ვცდილობთ მოვძებნოთ ალტერნატიული რესურსი მის მისაღებად. თუმცა, ვინაიდან პროექტის გაფართოება გარკვეულ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული, ამ ეტაპზე არსებული ფინანსური რესურსი ყველა მსურველის ერთდროულად მიღების შესაძლებლობას, სამწუხაროდ, არ გვაძლევს.
– განიხილება თუ არა ბანაკის რამდენიმე ნაკადად განხორციელების იდეა, მონაწილეთა რაოდენობის გასაზრდელად?
– მოსწავლეთა მოთხოვნას შევისწავლით და იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს განსაზღვრულ ოდენობას, პროექტის ორ ნაკადად ჩატარების შესაძლებლობას განვიხილავთ.
წარსულში, როდესაც ბანაკი მარელისში იმართებოდა, 2-3 ნაკადის მიღების პრაქტიკა გვქონდა. თუმცა, ეს არის საკმაოდ შრომატევადი, – დიდ ორგანიზაციულ რესურსსა და ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროცესი. ერთ ნაკადში მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა მიზანშეწონილი არ არის, პროცესზე კონტროლი რომ არ დაიკარგოს. თუმცა, ნაკადების რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ინფორმაციის გავრცელება. ჩვენ დავუკავშირდებით სკოლებს და შევისწავლით მსურველთა რაოდენობას.
მომავალში მაქსიმალურად ვეცდებით, გავითვალისწინოთ თითოეული მსურველის ინტერესი, მოვიძიოთ დამატებითი ფინანსური სახსრები და პარტნიორები, რათა პროექტის მასშტაბები გაიზარდოს და უფრო მეტ ხარაგაულელ ახალგაზრდას მიეცეს ბანაკში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ნათია კვინიკაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საზაფხულო საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს შორის გამორჩეულია „ერუდიტბანაკი“. ამ ახალგაზრდულ ბანაკთან დაკავშირებით ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის […]
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.