iza vefkhvadze da temur kepuladze„მსგავსი ბარბაროსობა, გარემოს და ბუნებრივი რესურსის მიმართ, რაც ვნახე ზვარეში, სხვაგან არსად მინახავს. 1975 წლიდან გარემოს დაცვის სისტემაში ვმუშაობ. სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული და სასწრაფოდ უნდა მიეხედოს ამ საქმეს. პირვანდელი პროექტით, ზვარეს მინერალური წყლის საბადოებზე რკინიგზის ახალ მაგისტრალს არ უნდა გაევლო. დარწმუნებული ვარ, რომ ზვარეს მინერალური წყლის ჭაბურღილები დაიკარგა,“ – აღნიშნა 24 თებერვალს ზვარის მოსახლეობასთან შეხვედრაზე „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ წარმომადგენელმა თემურ კეპულაძემ. იგი ა/ო „სხივის“ (ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე) პროექტის „მშენებლობა ეკოლოგიური რისკების გარეშე“ ფარგლებში შეხვდა მოსახლეობას და განუმარტა, თუ რა წესით ხორციელდება მშენებლობის ნებართვის გაცემა, რა შედეგებია სახეზე და როგორ უნდა იმოქმედოს მოსახლეობამ.
როგორც პროექტის ექსპერტმა თემურ კეპულაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, გარემოზე ზემოქმედებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ კანონების მიხედვით პროექტმა უნდა მიიღოს ნებართვა. ასეთი ნებართვა გაცემულია გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ 2011 წლის 10 ივნისს. განცხადების შესვლიდან ნებართვა გაცემულია ორი კვირის შემდეგ. თემურ კეპულაძე განმარტავს, რომ პროექტზე ექსპერტული დასკვნის გაცემა ამ ვადებში წარმოუდგენელია. „ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის ორ კვირაში გაკეთება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, წარმოუდგენელია, დღე და ღამეც რომ იმუშაო,“ – აღნიშნა თემურ კეპულაძემ.

აღსანიშნავია, რომ ნებართვა მიიღო წინასწარმა პროექტმა და საბოლოო პროექტი მოგვიანებით უნდა წარედგინათ გარემოს დაცვის სამინისტროში. პროექტის საბოლოო, დეტალური ვარიანტი დღემდე არ არის მზად. წინასწარ პროექტში ხარაგაული ორჯერაა ნახსენები: უარყოფითი გავლენა რომ არ მოხდეს ზვარესა და ნუნისის მინერალურ და ბალნეოლოგიურ წყლებზე, გვირაბის მშენებლობა უნდა განხორციელდეს არა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოებით, არამედ გვირაბგამყვანი ტექნიკით. ერთადერთი საფრთხე, რაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტშია აღნიშნული, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბინადართა შესაძლო შეშფოთებაა.

„შეკითხვა, რომელიც პროექტის განხილვისას დავსვი, ეხებოდა იმას, თუ როგორ დაიცავდნენ ღია ადგილებზე სოფლებს რკინიგზის ხმაურისგან, – აღნიშნა ზვარელებთან შეხვედრაზე თემურ კეპულაძემ, – მიპასუხეს, რომ სპეციალური დამცავი ფარებით შემოიღობებოდა ტერიტორია.
ახლა ვდგავართ ფაქტის წინაშე – დროებით პროექტზე გაიცა დასკვნა და მუდმივი პროექტი არ არსებობს! სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა ზვარეში შეჩერებულია იმიტომ, რომ რკინიგზის დეპარტამენტის მიერ დაქირავებულმა საკონსულტაციო ფირმა „გამამ“ უნდა მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ადვილი შესაძლებელია, უკვე მნიშვნელოვანი და გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ზვარის მინერალური წყლის საბადოს. ეს ქმედება, რომელიც იყო განხორციელებული, სისხლის სამართლის დანაშაულია. ექსპერტებმა, ვინც დასკვნა გააკეთა, მიიღეს პირველი პროექტი, რომლის თანახმადაც, გვირაბი ზვარეში ამჟამინდელ ადგილზე არ გადიოდა. ჩვენს ქვეყანაში სამწუხარო ტრადიციაა: როცა უცხოელი აკეთებს რამეს, თვალს ვხუჭავთ ისეთ რამეზე, რაზეც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ დახუჭავდნენ. მოსახლეობამ პასუხი უნდა მოსთხოვოს იმას, ვისაც ევალება კონტროლი გარემოს დაცვაზე ანუ გარემოს დაცვის სამინისტროს. საბრძოლო ბევრი იქნება და მთავარი მოსახლეობის აქტიურობაა.“
shekhvedraze
გარემოზე ზემოქმედების პროექტში საუბარია სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების მართვის თაობაზე. წინასწარი გარემოსდაცვითი ანგარიშის თანახმად, დიდი რაოდენობის ინერტული ნარჩენების წარმოქმნაა მოსალოდნელი მოლითი-ქვიშხეთის გადასარბენზე. პროექტის მიხედვით ნარჩენების განთავსება უნდა განხორციელებულიყო გვირაბიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით კურორტ ქვიშხეთის გადასასვლელთან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. დემოტაჟის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების, ისევე როგორც ტრასის სხვა მონაკვეთებზე წარმოქმნილი ინერტული მასალების და სამშენებლო ბანაკების განთავსების ადგილები დოკუმენტში მითითებული არ არის. ამავე დოკუმენტის თანახმად, სამშენებლო დერეფნის გარეთ მდებარე ბანაკების განთავსების საკითხი უნდა შეთანხმებულიყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება შეთანხმებული არ ყოფილა. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში უნდა შემუშავებულიყო ნარჩენების უსაფრთხო მართვის გეგმა და წარდგენილიყო გარემოს დაცვის სამინისტროში განსახილველად. თუმცა განხილვის შემდეგ რა უნდა მოიმოქმედოს სამინისტრომ, ეს არსად წერია.

„მნიშვნელოვანია ის, რომ არ ვიცით, რა სიმძლავრის იქნება რკინიგზა. არ ვიცით საპროექტო მონაკვეთის წარმადობა და ნებართვას ვაძლევთ. ეს აუცილებელია ექსპლოატაციის ფაზაში რისკების დათვლისთვის. მერე რომ დადგეს პრობლემა ისეთი აუტანელი ხმაურის, რომ სოფელში ცხოვრება შეუძლებელი გახდეს, ვინ არის პასუხისმგებელი? ვინ გასცემს ამ შემთხვევაში მოსახლეობაზე კომპენსაციას? ასე რომ, სახეზეა უამრავი კანონის დარღვევის ფაქტი,“ – აღნიშნა თემურ კეპულაძემ და დასძინა, რომ მოსახლეობამ სასწრაფოდ უნდა მოსთხოვოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ზვარეს უნიკალური მინერალური წყლის საბადოს მიმართ ჩადენილი ბარბაროსობის გამო.

შეხვედრაზე მყოფმა ზვარელებმა განაცხადეს, რომ მათ გასულ წელს წერილობით მიმართეს გარემოს დაცვის სამინისტროს და აღნიშნეს, რომ ზვარეს მინარალური წყლის საბადოს საფრთხე ემუქრებოდა. ზვარელები მიიჩნევენ, რომ მშენებლობა მათი მიმართვის შემდეგ შეჩერდა. მათივე ინფორმაციით, საუბარია 1 მარტიდან მშენებლობის განახლებაზე. „თუ ჩვენმა განცხადებამ შედეგი გამოიღო და მშენებლობა შეჩერდა, მაშინ რა გამოდის, რომ „ზემოთ“ რიგდებიან სხვადასხვა უწყებები,“ – ეჭვობენ ზვარელები.

ზვარის მაცხოვრებლებმა ქარხნის მუშაობის საკითხზეც ისაუბრეს. მათი თქმით, ქარხნის მეპატრონემ მუშები მოატყუა და ხელფასები არ გადაუხადა. „ქარხანა რომ მუშაობდეს, მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებული იქნებოდა და აბა, მერე გაეყვანათ რკინიგზა? ამიტომ  აღარავინ ამოიღო ხმა,“ – აღნიშნეს ზვარელებმა.

„თუ თქვენ არ გიქმნით პრობლემას გვირაბის მშენებლობა, მაშინ ეს არავის ადარდებს. სამოქალაქო პროტესტი უნდა გამოითქვას, თუ გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ, – მიმართა ზვარის მოსახლეობას ა/ო „სხივის“ ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ, – საზოგადოების პროტესტი უნდა იყოს ძალიან მკვეთრი. ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ბაზალეთში – ნარჩენები იყრება საძოვრებზე და მდინარის კალაპოტებში. მიწერ-მოწერით არაფერი გამოვიდა და მოსახლეობამ მოაწყო აქცია – გადავკეტეთ გზა და არ გავატარეთ ნარჩენებით დატვირთული მანქანები. სასწრაფო რეაგირება მოხდა და სამშენებლო ნარჩენები უკვე გააქვთ სხვა ადგილას. მოსახლეობის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ანალოგიურ მშვიდობიან პროტესს უნდა მიმართოთ თქვენც. არავინ მოვა თქვენს სოფელში და არ გადაგიწყვეტთ ამ პრობლემას.“

იზა ვეფხვაძემ მოსახლეობას გააცნო წერილი, რომელიც ბაზალეთის, ჯაფარეულის, ღარიხევის, ჩრდილის, ზვარის, მოლითისა და ნებოძირის მოსახლეობის ხელმოწერებით გარემოს დაცვის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტსა და რკინიგზის დეპარტამენტში გაიგზავნება:
„მოგმართავთ იმ პრობლემის სიმწვავის გამო, რომელიც შეიქმნა ჩვენს სოფლებში რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ პროექტმა ეკოლოგიური თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები შეუქმნა სოფლებს: სამშენებლო ნარჩენები დაიყარა მინდვრებში, მდინარეების ხევებში. სოფლები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა, რადგან პატარა ღელეებსაც კი ახასიათებთ წყალმოვარდნები. გარდა ამისა, ჯერ კიდევ გაურკვეველია ზვარის უნიკალური მინერალური წყლის ბედი. გამოვთქვათ იმედს, რომ მშენებელი კომპანია გაიტანს ნარჩენებს უსაფრთხო ადგილებზე და დაცული იქნება ზვარის წყლის ბედი. ვითხოვთ, მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, ზვარის წყლების დაცულობის გარანტიას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა დაიწყებს პერმანენტულ აქციებს ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.“

ნინო კაპანაძე