

ორომოცი დღის წინ 22 წლის დავით ბლიაძე ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი, დავითის ბაბუამ, გია ყრუაშვილმა გაასაჯაროვა.
„ოჯახებს რცხვენიათ და ვერ ამხელენ ახალგაზრდების ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტებს, – ამბობს გია ყრუაშვილი, – არადა ეს სირცხვილი არ არის. ამ თემაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, გამოსავლის გზები უნდა ვეძიოთ. რატომ არის ნარკოტიკი ხელმისაწვდომი და რა გზებით შემოდის ის საქართველოში. დავიწყე ბრძოლა სხვა ახალგაზრდების გადასარჩენად. ამ ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელი და ძალიან მნიშნელოვანია.
სახელმწიფო თითქოს ებრძვის ნარკორეალიზატორებს, ნარკოტიკების გამსაღებლებს ყოველდღე იჭერენ, მაგრამ ფაქტია – თითქმის ყოველდღე ახალგაზრდები ნარკოტიკის მოხმარების გამო იღუპებიან.
ჩემი შვილიშვილის გარდაცვალების ღამეს პოლიციელმა მითხრა, რომ კიდევ ხუთი ახალგაზრდაა ამავე მიზეზით დაღუპულიო. დღეს საქართველოში ამაზე დიდი პრობლემა არ არსებობს. ყველა სოციალური ფენის ადამიანი შეიძლება გახდეს მსხვერპლი.
ახლა ვადგენ, როგორ და რა გზებით ჩაითრიეს ჩემი დათო. მისი დედა ემიგრანტია და აღმოჩნდა, რომ სწორედ ასეთ ადამიანებზე ნადირობენ ნარკორეალიზატორები, ეძებენ ახალგაზრდებს, ვისაც შემოსავალი აქვთ.
ხარაგაულში ყველამ იცის, როგორი ბავშვი იყო ჩემი შვილიშვილი და ამ სისტემამ გააბოროტა. ეჭვი გვიან გამიჩნდა, – დათო უკვე ნარკოდამიკიდებული იყო და ვეღარ ვუშველე. ეს ერთადერთი შვილი ჰყავდა დედამისს…
ნარკოტიკის გასინჯვას ახალგაზრდები ბრად იწყებენ, გაურკვევლად, შიშით და ინტერესით. ცუდად რომ გახდნენ, თავს როგორ უშველონ, არ იციან. დათუნას რომ სცოდნოდა, არ უნდა დაწოლილიყო, გადარჩებოდა.
არავინ იფიქროს, რომ ეს პრობლემა მათ კარზე არ მიაკაკუნებს. ერის გენოციდი აქვთ დავალებული ნარკოდილერებს. შეგნებულად ხდიან ახალგაზრდებს დამოკიდებულს, რომ მერე ნარკოტიკს თავი ვეღარ დააღწიონ. ბევრი მშობელი მწერს, რომ მათი შვილებიც ზედოზირებით დაიღუპნენ. ვეხვეწები. დამიდექით გვერდით, რომ დავირაზმოთ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. უარზე არიან, ეშინიათ. არ მესმის ამ ხალხის.
საპატრიარქოს მივმართე, რომ ჩაერთონ ამ პრობლემის მოგვარებაში. დამპირდნენ, რომ შემხვდებიან და მომისმემენ.
ახლა ვსწავლობ სიტუაციას, რომ დიდი მფარველები ჰყავთ ნარკოდილერებს. ერთი და ორი კაცის დაჭერით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. ნარკორეალიზაცია გავლენიანი მფარველების გარეშე წარმოუდგენელია. საზოგადოების ხმაური ახლა ამ საკითხზე გადამწყვეტია.
თუ მართლა გვტკივა მომავალი, მაშინ ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ ნარკომაფიაზე და იმ სისტემურ პრობლემებზე, რაც ჩვენს შვილებს გვართმევს. დუმილი ამ დროს გამოსავალი არ არის. დუმილი მხოლოდ დამნაშავეებს აძლიერებს.
როგორი ნარკოპოლიტიკა გვაქვს დღეს ქვეყანაში და სად არის გამოსავალი, – ამ შეკითხვით ნარკოლოგ ზურა სიხარულიძეს მივმართეთ.

„საქართველოში არანაირი ნარკოპოლიტიკა არ არსებობს, – ამბობს ზურა სიხარულიძე, – ნარკოპოლიტიკა არ არის მარტო პოლიციური ღონისძიებები. ყველაფერი მოშლილია, მკურნალობა, რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება და ა. შ. მარტო ნარკორეალიზატორების და მომხმარებლების დაჭერაზე ვართ გადასულები. ამდენი ნარკოტიკი, რაც ახლა ტრიალებს საქართველოში, არასდროს ყოფილა.
კარგი ნარკოპოლიტიკა არც არასდროს გვქონია, მაგრამ სანამ ევროკავშირთან ვთანამშრომლობდით, ევროპიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, გლობალური ფონდიდან ამ პრობლემის მართვაში გვეხმარებოდნენ.
ერთი წლის წინ იპოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის უფლება აეკრძალათ კერძო კლინიკებს და ეს თავის ხელში სახელმწიფომ აიღო. მომხმარებელთა დიდი ნაწილი სახელმწიფო დაწესებულებებში მკურნალობაზე არ გადავიდა, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ მათზე კონტროლი დაიწყებოდა, მათი ანონიმურობა დაცული აღარ იქნებოდა.
ეს ადამიანები ისევ ქუჩაში აღმოჩნდნენ და ზედოზირებების რაოდენობა გაიზარდა. დღე არა გადის, რომ არ გავიგოთ – ახალგაზრდამ დაიძინა და აღარ გაიღვიძა. ასეთი ფაქტები სოფლებშიც კი გახშირდა. ისეთ დაკარგულ სოფლებში შეიძლება წამლის ყიდვა, რომ წარმოდგენაც კი მიჭირს.
ნარკოტიკის ყიდვა დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია – არ აქვს მნიშვნელობა, სრულწლოვანია, არასრულწლოვანია. ახლახან მყავდა 13 წლის პაციენტი, რომელიც მოიხმარდა ნარკოტიკს. ხელმისაწვდომობა არის ძალიან მაღალი.
ამასთან ბრძოლის მეთოდი არ არის მარტო პოლიცია. პირველ რიგში, პრევენციაა აუცილებელი, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ, რა საშიშროების წინაშე დგანან. შემდეგ უნდა ვიზრუნოთ ზიანის შემცირებაზე, ჩანაცვლებით თერაპიაზე. ჩვენთან პირველადი შეტყობინების სისტემაც არ არსებობს. არ ვიცით, რა ნარკოტიკია შემოსული.
პაციენტებისგან ვიგებთ, რომ ტელეგრამ არხებზე იყიდება. შევედი ამ არხებზე და ისეთი სახელით იდო ნარკოტიკი, არც კი ვიცოდი, რა არის. არც არავინ იცის, რაღაცა მიქსები, სინთეტიკური ნარკოტიკებია, რომელიც ძალიან საშიშია.
უნდა ველაპარაკოთ ჩვენს შვილებს, კი არ უნდა დავმალოთ რაღაცები, სიმართლე უნდა ვუთხრათ, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. მარტო შეშინება არ შველის. რაღაც ასაკში ადამიანს უჩნდება ექსპერიმენტების სურვილი და შესაბამისად უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რა საშიშროების წინაშე დგანან და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თუ ჩვენ არ ვიცით, სხვას მოვუსმინოთ, გავიგოთ სწორი ინფორმაცია, რომ მერე ბავშვებს სწორად მივაწოდოთ.
დღეს 21-ეს საუკუნეა, ინტერნეტია და ყველაფერი ხელმისაწვდომია. მოზარდები კი არ უნდა შევაშინოთ, უნდა ავუხსნათ. სკოლებში უნდა იყვნენ ფსიქოლოგები, ვისთანაც ბავშვები თავისუფლად ისაუბრებენ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ნარკოტიკი გარშემო ყველგანაა. ამიტომ უნდა ვისწავლოთ, როგორ შევამციროთ ზიანი, რომელიც ნარკოტიკს მოაქვს.
გამოსავალი არის, რომ შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა და გახდეს დაბალანსებული. ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა. ნარკოტიკზე მოთხოვნა არსებობს და ეს მოთხოვნა არის ძალიან მძიმე და ძლიერი. ეს მოთხოვნა უნდა შემცირდეს იმით, რომ ნარკოდამოკიდებულები უნდა იყვნენ ზრუნვაში, სარგებლობდნენ ჩანაცვლების თერაპიიით.
პრობლემა კი არ უნდა ვმალოთ, მასზე უნდა ვისაუბროთ. ერთადერთი ეს ბაბუა აღმოჩნდა, ვინც სიმართლე თქვა. დანარჩენი არავინ მინახავს ეთქვა, რომ შვილი, შვილიშვილი ან ახლობელი ზედოზირებით გარდაეცვალა.
მინდა ყველა დამოკიდებულ ადამიანს ვუთხრა: თქვენ არ ხართ ზედმეტი ადამიანები. თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის უფლება, ღირსეული მკურნალობის უფლება და ღირსეული ცხოვრების უფლება. არსებობს გამოსავალი, არსებობს მკურნალობა. დამოკიდებულება არის ჯანმრთელობის პრობლემა და არა ადამიანის ღირებულების საზომი“.
26 ივნისი ნარკომანიასთან და ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
ამ დღეს კიდევ ერთხელ მახვილდება საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ყურადღება, რომ ნარკომანია მხოლოდ ერთი პიროვნების, ერთი ოჯახის და ერთი ქვეყნის პრობლემა არ არის.
ნინო კაპანაძე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულის
დაიწყო ზაფხულის სიცხეები და შესაბამისად, სახლებსა
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კვლავ მაღალია –
კვირას, 28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად