საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერების მომხმარებელთა რიცხვი მზარდია. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის 2022 წლის ნარკოვითარების წლიურ ანგარიშში.
დარგის სპეციალისტების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, – რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა გაუმჯობესებულიყო, – ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა დასჯის პოლიტიკა მკურნალობაზე ორიენტირებული პოლიტიკით ვერ შეიცვალა.
„ნარკოპოლიტიკა ჯერაც რეპრესიული ხასიათისაა და უმთავრესად, ადამიანების სამაგალითოდ დასჯისა და გადაჭარბებული საპოლიციო კონტროლის ინსტრუმენტებზე დგას“, – აღნიშნულია კვლევაში, რომლიც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2024 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა.
ხარაგაულელი მოზარდები ფსიქოაქტიური ნივთიერების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას არათანმიმდევრულ საინფორმაციო კამპანიასაც უკავშირებენ.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე თაზო ხაჩიძე ამბობს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნებლობაზე ინფორმაცია არასაკმარისია.
„ალკოჰოლი და კანაფი ტვინის უჯრედებს კლავს, ზოგადად ნარკოტიკი ტვინის მოდუნებას იწვევს, – ამბობს თაზო ხაჩიძე, – არასრულწლოვნებში ხშირია სიგარეტისა და ალკოჰოლის გამოყენების შემთხვევები. ეს მოზარდის დანაშაული სულაც არაა. მისი მხრიდან ასეთი ინტერესი ბუნებრივია. დამნაშავეა ის ადამიანი, რომელიც არასრულწლოვანს სიგარეტსა და ალკოჰოლს მიყიდის.
ოჯახებში უფროსები მოზარდებს ემუქრებიან ან სასტიკად აფრთხილებენ, რომ მათ სიგარეტი და მარიხუანა არ მოწიონ. თუმცა, ასეთი აკრძალვით მოზარდები უფრო მეტად ინტერესდებიან. ჩემი აზრით, მთავარია, ცნობიერების ამაღლება, დეტალური განმარტება, თუ რა ზიანი მოაქვს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ვიდრე ტყუილ ჩიჩინს – არა ნარკოტიკს“.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ანა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ მოზარდები ფსიქოაქტიური ნივთიერებებით ინტერესდებიან მაშინ, როცა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ და არსებული რეალობიდან გაქცევა სურთ.
„უფრო მეტი აქტივობები უნდა ჩატარდეს იმაზე, თუ რა ზიანს იწვევს ნარკოტიკები. ჩემს ასაკში მშობლების მხრიდან აკრძალვები – „ეს არ გაკეთო, ის არ გააკეთო“, გამაღიზიანებელია და შესაძლოა, უარესი შედეგები გამოიწვიოს, – ამბობს ანა ტაბატაძე, – ამიტომ სწორი ინფორმირება არის ყველაზე კარგი გამოსავალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციის წინააღმდეგ“.
„ბიოლოგიაში, ნერვულ სისტემას რომ ვასწავლი, იქ არის მოცემული საკითხები – ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებები, გამაყუჩებლები და მათი ზეგავლენა ნერვულ სისტემაზე, – ამბობს ბიოლოგის მაწავლებელი ლია რამინიშვილი, – ჩვენი მოსწავლეები ამ საკითხებზე პროექტებს ახორციელებენ, იძიებენ ინფორმაციას, ამზადებენ ბუკლეტებს და თანატოლებს ურიგებენ.
ასეთი პროექტის ფარგლებში გასულ სასწავლო წელს მოსწავლეებში ანონიმური გამოკითხვა ჩატარდა – „რა იწვევს ნარკოდამოკიდებულებას და რატომ“. მოსწავლეების პასუხები საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა.
მოზარდები სიგარეტის მოწევას, უმეტესად, მეგობრების შეთავაზებით იწყებენ, ზოგჯერ – გოგოსთვის თავის მოსაწონებლად. არის შემთხვევები, როცა თანატოლები ერთმანეთს მოწევას აიძულებენ, რომ შემდგომში თანამზრახველი ჰყავდეთ. სხვათაშორის, ბევრმა თქვა, რომ ოჯახში როცა არიან მწეველები, ესეც ახდენს გავლენას. პირადად მე გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ საზოგადოებაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნებლობის შესახებ ინფორმირებულობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს“.
ნინო კაპანაძე
ეს სტატია შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“ (პროექტი GPR) ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ჩემი ხარაგაული“ და სტატიის ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ამავე თემაზე
ნარკოტიკის მავნებლობა მოზარდებს სწორად უნდა დავანახოთ
ნარკოდამოკიდებულებას სქესი არ აქვს
ნარკოდამოკიდებულებას დამაშინებელი კამპანიებით ვერ დავძლევთ
საზოგადოების განწყობები ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია
ინფორმირებულობა ძლიერი ინსტრუმენტია ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციისთვის
სკოლის როლი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციისთვის
ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას სწორი პრევენციული ღონისძიებები შეამცირებს
2025 წლის აპრილიდან ხარაგაულში
ხარაგაულის საავადმყოფო, ბოლო წლებია,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ლიტერატურული კონკურსის, „საბა 2024-ის” გამარჯვებულები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის