დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე, საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი აირჩიეს.

სინოდის 39 წევრიდან  კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 22 ხმა მიიღო;

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) – 9 ხმა;

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა.

სინოდის გაფართოებულ კრებას 1200-მდე დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის წმინდა სინოდის წევრები, თითოეული ეპარქიიდან ორი სასულიერო და ერთი საერო წარმომადგენელი, სასულიერო აკადემიებისა და სემინარიების დელეგატები, მონასტრების წარმომადგენლები, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, მცხეთა-თბილისის ეპარქიის დამატებითი დელეგატები.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

პატრიარქობის კანდიდატები, 28 აპრილს, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა შეარჩიეს.

ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.

1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა.  2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა სრულიად საქართთველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.