2026 წლის 13 აპრილს „ღია მმართველობის პარტნიორობამ“ (OGP) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველო გამოეთიშა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას.

რა არის OGP და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

OGP აერთიანებს დემოკრატიულ და დემოკრატიის გზაზე მდგომ ქვეყნებს, რომლებიც იღებენ ვალდებულებას, გახდნენ უფრო გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ეს არის სივრცე, სადაც მთავრობები და სამოქალაქო საზოგადოება ერთად მუშაობენ კორუფციის შემცირებაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაზე. საქართველოც წლების განმავლობაში ითვლებოდა ამ მიმართულებით ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად.

რა უძღოდა წინ გადაწყვეტილებას?

2023 წელს საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიების გააქტიურების შედეგად, OGP-მ საქართველოს დროებით შეუჩერა წევრობა და მთავრობას მისცა კონკრეტული ვადა, 2025 წლის ბოლომდე, შეესრულებინა 2 რეკომენდაცია:

  • გაეუქმებინა ყველა ის კანონი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მოქალაქეების უფლებებს; და 
  • დაეცვა გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა ფიზიკური და სხვა სახის თავდასხმებისგან.

რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ მდგომარეობა გააუარესა: გაგრძელდა დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა და კიდევ უფრო მეტი კანონი იქნა მიღებული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. საბოლოოდ, OGP-ის პროცესის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა პროტესტის ნიშნად უარი თქვეს „ქართული ოცნების“ მთავრობასთან თანამშრომლობაზე.

OGP-მ დაასკვნა, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს ის მინიმალური გარემო, რომელიც საჭიროა ღია და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის, და საქართველოს წევრობა საბოლოოდ შეწყვიტა.

რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება?

OGP-ის ეს გადაწყვეტილება არის დადასტურება, რომ საქართველო დაშორდა იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებაზეც თავად იღებდა ვალდებულებას. ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო ნდობა და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობები.

ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამკაცრებს კონტროლს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დაფინანსებაზე და ცდილობს მათი საქმიანობის შეზღუდვას „გამჭვირვალობის“ სახელით; მეორე მხრივ კი, თავად ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სფეროში და ამის გამო კარგავს წევრობას ორგანიზაციაში, რომელიც სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული.

რატომ უნდა აინტერესებდეს ეს საქართველოს მოქალაქეს?

OGP-დან გამორიცხვა არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი. ეს პირდაპირ უკავშირდება თითოეული მოქალაქის უფლებებს – რამდენად თავისუფლად შეიძლება საკუთარი აზრის გამოხატვა, რამდენად დამოუკიდებელია მედია, რამდენად გამჭვირვალეა სახელმწიფო და რამდენად შეუძლია საზოგადოებას ხელისუფლების კონტროლი.

ეს გადაწყვეტილება გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს და მოქალაქეთა ხმა აღარ ისმის. 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
„მწვანე ალტერნატივა“
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“

წყარო