

როდის გვექნება ხარაგაულის სოფლებში 24-საათიანი სუფთა წყალი, უცნობია. საქარიქედში, შავიძეების უბანში მცხოვრები 20 ოჯახი, 16 წელია, უწყლობით იტანჯება. ამ უბანში მცხოვრები ლიანა ბუაჩიძე ამბობს, რომ ზაფხულობით კვირაში სამჯერ მეზობელ სოფელ ბორში დაქირავებული მანქანით მიდის, წყლის მოსატანად.
„ჩვენი უბნის უპირველესი პრობლემა უწყლობაა, – ამბობს ლიანა ბუაჩიძე, – ყოველ წელს გვპირდებიან და საშველი არ დაგვადგა. სოფელში ჭაბურღილი გაკეთდა, თუმცა, ონკანებიდან წყლის წამოსვლას მაინც ვერ ვეღირსეთ. იგორეთიც ამ ჭაბურღილიდან მარაგდება. მაისიდან დეკემბრის ბოლომდე წყალს ვნატრობთ. როგორია, 15 ლარის მიცემა ტაქსისთვის, წყლის მოსაზიდად?! წვრილფეხი გვყავს, ოჯახში დასუფთავება, დარეცხვა ხომ გვჭირდება“!
მარელისში, ცისკაძეების უბანში მცხოვრები ქეთევან ლაცაბიძე ამბობს, რომ მათი უბნის წყლის სათავე ნაგებობა და მილები ძალიან ძველია.
„ზაფხულობით წყალს ავზში ვაგროვებ და მერე ისე ვიყენებ, – ამბობს ქეთევანი, – მთლიანი სისტემა დაზიანებულია და საეჭვოა, რომ იმ მილებში გამომავალი წყალი სასმელად ვარგისი იყოს. შვიდი ოჯახი ასეთ მძიმე დღეში ვართ. ახლა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ აპირებენ ჩვენს უბანში წყლის სისტემის მოწყობას. თუმცა, სოფელში მიწის გამჭრელი და წყლის მილის ჩამგდები აღარავინაა; ოჯახებში, უმეტესად, მოხუცები დარჩნენ. მარტო მილების შეძენა პრობლემას ვერ გადაჭრის“.
ფარცხნალში, სასახლის უბანში მცხოვრები ვიტალი ორლოვის ოჯახი თავისი ათი მეზობლის მსგავსად ზაფხულში უწყლოდ რჩება. ის წყალს ოჯახში საკუთარი მანქანით ეზიდება. ვიტალი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება ჭაბურღილის მოწყობით შეიძლება: „შარშან ბარის უბანში გაკეთდა ჭაბურღილი და მოსახლეობამ დაისვენა. გასულ წელს ჩვენს უბანში გეოლოგები იმყოფებოდნენ და მათ თქვეს, რომ საკმარისი დებეტია ჭაბურღილის მოსაწყობადო“.
ლეღვანში, კიბაბოურის უბანში მცხოვრები ლალა ვეფხვაძე დასალევ წყალს მეზობლისგან ეზიდება. ავზი, საიდანაც მას წყალი მიეწოდებოდა, ხუთი წლის წინ მეწყერის ქვეშ მოჰყვა. ახლახან ერთ-ერთი კუსტარული წყაროდან წყალი გამოიყვანა. ლალა ამბობს, რომ შესაძლოა, ზაფხულში არც ეს ტექნიკური წყალი ჰქონდეს.
წყალმომარაგება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში პრობლემაა. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზებია: წყლის დეფიციტი, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, წყლის არათანაბარი განაწილება, სეზონური პრობლემები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2025 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 21 ლოკაციაზე წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის 98 700 ლარი დაიხარჯა. 2026 წელს ამ პროგრამის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება 27 სოფელში დაიგეგმა.
წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად 2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 149 900 ლარი დაიხარჯა. ეს თანხა სოფლებში წყლის სათავე ნაგებობების მოწესრიგებას მოხმარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 65%-ს წყალმომარაგების პრობლემა აქვს. „წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონით“ წყალმომარაგების პრობლემა სააუზე სისტემის შექმნით უნდა მოგვარდეს. ამ სისტემის შესაქმნელად კი კონკრეტული გეგმა უნდა იყოს შემუშავებული.
არსებობს თუ არა მსგავსი გეგმა და როგორ აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება ხარაგაულში ამ პრობლემის დაძლევას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, დავით დევდარიანს მივმართეთ.
„წყლის სააუზე სისტემის შესაქმნელად აუცილებელია, რომ გვქონდეს წყლის საკმარისი დებეტი, – ამბობს დავით დევდარიანი, – ხარაგაულის სოფლებში წყლის დებეტი წლიდან წლამდე იკლებს. სოფლებში ოჯახებს ე.წ. „საკუთარი წყაროები“ აქვთ და რამდენიმე ოჯახი ასე მარაგდება.
გამონაკლისია სარგვეში, სადაც წყლის დებეტი საკმარისია სამი სოფლის უზრუნველსაყოფად. მიმდინარეობს ტენდერი სარგვეშში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად. იქ განსაზღვრულია წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა საქლორატორო შენობით, რეზერვუარებითა და მაგისტრალით. სარგვეშში ამ სისტემიდან მომარაგდება თავად სარგვეში, ხორითი და ღორეშის ნაწილი.
რამდენიმე სოფელში ჭაბურღილები მოვაწყვეთ. აღმოჩნდა, რომ წყლის დებეტი თავიდან კი იყო, თუმცა, შემდეგ წყალი დაიკარგა. ამიტომ ჭაბურღილების მუშაობა ხარაგაულში მაინც და მაინც ეფექტური არ არის. სხვა სოფლებში არის თუ არა, სარგვეშის მსგავსად, წყლის დებეტი სააუზე სისტემის მოსაწყობად, ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე მოსახლეობას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ვეხმარებით – ვყიდულობთ ავზებსა და წყლის მილებს. სამწუხაროდ, ხარაგაულში, ბოლო წლებში, ძალიან ბევრი წყარო დაიკარგა“.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პასუხისმგებელია ხარაგაულის, საღანძილისა და დიდვაკის მოსახლეობას წყალი ლეღვნის წყალსადენიდან მიაწოდოს.
ამ კომპანიის ხარაგაულის სერვის-ცენტრის უფროსის, ტარიელ ავალიშვილის ინფორმაციით, სულ 1200 აბონენტს ემსახურებიან – 1050 ფიზიკურ და 150 იურიდიულ პირს. აბონენტებიდან მოხმარებული წყლის გადასახადს მოსახლეობის უმრავლესობა მრიცხველის მიხედვით იხდის. მხოლოდ ე.წ. „რიყის ბინების“ მაცხოვრებლები იხდიან სულადობის მიხედვით – ერთ სულზე – 70 თეთრს.
„წყლის სისტემის მოწესრიგებით იზოგება წყლის რესურსი, – ამბობს ტარიელ ავალიშვილი, – ის აბონენტები, ვისაც წყალი ლეღვნის წყალსადენიდან მიეწოდება, კმაყოფილები არიან, რადგან 24 საათის განმავლობაში ხარისხიან წყალს იღებენ. ოჯახებში წყლის სისტემები მოაწესრიგეს და წყალი უყაირათოდ აღარ იქცევა. სოფლებში წყალმომარაგების მოგვარება ცენტრალიზებული სისტემის შექმნითაა შესაძლებელი“.
გაეროს მდგრადი განვითარების მეექვსე მიზნის თანახმად, 2030 წლისთვის მსოფლიოში ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო სასმელი წყალი.
„წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად, 2030 წლისთვის მოსახლეობის წყალმომარაგება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია იქნება. თუმცა, ჯერჯერობით მუნიციპალიტეტების უმრავლესობას წყლის რესურსების მართვის კონკრეტული გეგმა არ აქვს.
ნინო კაპანაძე
ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ივნისში მაყურებელს ახალ სპექტაკლს
როდის გვექნება ხარაგაულის სოფლებში 24-საათიანი სუფთა წყალი, უცნობია. საქარიქედში, შავიძეების უბანში მცხოვრები 20 ოჯახი, 16 წელია, უწყლობით იტანჯება. ამ უბანში […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზის
2026 წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს.
ხარაგაულელი მეწარმეების, – ბერიკა ებანოიძისა და ჰამლეტ ბერაძის მიერ წარმოებულმა