ხარაგაულელი მეწარმეების, – ბერიკა ებანოიძისა და ჰამლეტ ბერაძის მიერ წარმოებულმა თაფლმა გეოგაპის, – თაფლის უვნებლობის სერთიფიკატები მიიღეს.

ეს სერთიფიკატი ადასტურებს, რომ მწარმოებლის პროცესი შეესაბამება გეოგაპის სტანდარტის მოთხოვნებს.

2024 წელს „საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“ შეიმუშავა თაფლის უვნებლობის სტანდარტი. ეს გულისხმობს მთელ საწარმოო ჯაჭვში – თაფლის წარმოებიდან შეფუთვამდე – მავნე ნარჩენების, ანტიბიოტიკების, პესტიციდებისა და დაბინძურების კონტროლის გონივრული წესების უზრუნველყოფას.

საგრანტო კონკურსი „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ გასული წლის თებერვალში გამოაცხადა.

„საგრანტო განაცხადის შევსებიდან ერთი თვის შემდეგ მივიღე შეტყობინება, რომ მეორე ეტაპზე გადავედი, – გვიამბობს ბერიკა ებანოიძე, – რაც წარმოების ადგილზე დათვალიერებასა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას გულისხმობდა. ჩამოვიდნენ მასერტიფიცირებელი აუდიტორები; შეისწავლეს, როგორ ვაწარმოებდი თაფლს. მათგან მივიღეთ მითითებები. საჭირო გახდა რამდენიმე დოკუმენტის მომზადება.

მასერტიფიცირებელმა მონიტორებმა შეამოწმეს საფუტკრეებთან არსებული წყლის ხარისხი, ასევე ლაბორატორიულად შემოწმდა თაფლის ნიმუშები.

2025 წლის ნოემბერში გადმოგვეცა საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვილი ინვენტარი, სხვადასხვა  მოცულობის უჟანგავი ფოლადის თაფლის შესანახი ავზები, თაფლის სახდელი ელექტრო ციბრუტი, საწარმოო ავეჯი და ინვენტარი, სხვადასხვა ხელსაწყოები, კომბინიზონი და ეკიპირება.

რამდენიმე დღის წინ მივიღეთ სერთიფიკატი, – ეს არის ძალიან დიდი ხელშეწყობა მეწარმეებისათვის. ეს სერთიფიკატი გიხსნის გზას შიდა თუ ევროპულ ბაზარზე. შესაძლოა, ამ სერთიფიკატის შესახებ ინფორმაცია დაიტანო თაფლის შეფუთვაზე; ასევე საქართველოს ფერმერთა ასოციაციას აქვს საერთო ვებსაიტი, სადაც სერთიფიკატის მიღების შემდეგ ათავსებენ ამ პროდუქციას და გეხმარებიან რეალიზაციაში“.

„გრანტი მეფუტკრეობის მიმართულებით გაიცემოდა 30%-ანი თანადაფინანებით, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – გრანტის მიღებისთვის აუცილებელი იყო დაგეკმაყოფილებინა თაფლის უვნებლობის  სტანდარტები, რაც გულისხმობს შესაბამის პირობებს სკების განთავსებიდან დაწყებული, თაფლის დაწურვის და შენახვით დამთავრებული.

ეს მოიცავს, თაფლის სრულ ლაბორატორიულ ანალიზს (ანტიბიოტიკებზე და ა.შ), წყლის ანალიზს, საწარმოო სივრცეს, თუ რას ვიყენებთ ფუტკრის დაავადებების წინააღმდეგ, სად იწურება თაფლი და ა.შ. ივსება სპეცფორმები, სადაც ვაკეთებთ ჩანაწერებს, თუ რა დროს რა პრეპარატით შევწამლეთ ფუტკარი და როგორია საერთო მდგომარეობა.

ჩვენმა თაფლმა და მცირე საწარმომ ეს საფეხურები გაიარა წარმატებით და მივიღეთ გეოგაპის სერთიფიკატი. ეს ნიშნავს მომხმარებლისთვის სანდო პროდუქტს და ასევე ბაზარზე პოპულარიზაციას. გეოგაპის სერთიფიკატის მიღების შემდგომ ჩვენ დავრეგისტრირდით გეოგაპის გვერდზე, სადაც ვიძებნებით როგორც სერთიფიცირებული მცირე საწარმო. ეს სერთიფიკატი ჩემი შრომის დაფასებაა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორ გზაზე ვდგავარ.

მადლობა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. გეოგაპის სერთიფიტაკის მიღებამ პირველ რიგში თვითრწმენა შეგვმატა. ახლა ზუსტად ვიცით, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. მადლობა ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებს. აუცილებლად ვითანამაშრომლებ მათთან მომავალშიც და ბოლოს – მადლობა თქვენს გაზეთს ყურადღებისა და მართალი სიტყვისთვის“.

საგრანტო პროექტი „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)“ დაფინანსებულია ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის ფარგლებში (ENPARD IV) და განხორციელდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

თამთა გოგოლაძე