ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ამ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მაი თაუნ“ (დირექტორი იოსებ გაბელაია) აწარმოებს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2026 წლის 23 მარტს უნდა დასრულებულიყო.

ამ კომპანიის საქმეთა მწარმოებლის, გიორგი წიქარიშვილის ინფორმაციით, გაუთვალისწინებელი სამუშაოების გამო, დარბაზის რეაბილიტაციის დასრულების ვადის გადაწევა 10 დღით ითხოვეს.

„ამ დარბაზში იატაკის აყრის შემდეგ გამოჩნდა, რომ არსებული ბეტონის საფარი უსწორმასწორო იყო და მასზე ლამინატის დაგება არ შეიძლებოდა. ამის გამო ბეტონის საფარი ავყარეთ და ახალი დავასხით. ბეტონს გაშრობა სჭირდება და ამის გამო დარბაზის რეაბილიტაციის ვადის გადაწევა ვითხოვეთ. ტენდერით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები, მათ შორის შენობის გადახურვა, უკვე დასრულებულია“, – ამბობს გიორგი წიქარიშვილი.