პოლიტიკურმა პარტიამ „თავისუფლების მოედანი“ ფორუმი – „საქართველოს გულისთვის“ – დააფუძნა. ამ ფორუმის მიზანია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წევრებმა ერთად იმსჯელონ საქართველოს მომავალზე.

„თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე იმერეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულში იმყოფებოდა. მას ხარაგაულში სტუმრობის მიზნებსა და სამომავლო გეგმების შესახებ ვკითხეთ.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ დეისიდან ვარ, – ამბობს ლევან ცუცქირიძე, – ამიტომ  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხარაგაულში ადამიანებს შევხვდეთ, ვესაუბროთ და მოვისმინოთ მათი გულისტკივილი. ყველაზე მეტად მაინტერესებს, რას ფიქრობენ დეისელები, მოლითელები, – ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. პოლიტიკოსის მთავარი საქმეა, რომ ხალხს მოუსმინოს.

– ბატონო ლევან, რა მოლოდინები გქონდათ და რა დაგხვდათ რეალურად მოლითის თემის სოფლებში?

– ადამიანებში არის ძალიან დიდი გულისტკენა. ჩემს ბავშვობაში სოფელ დეისში იყო ბავშვების ჟრიამული, ახალგაზრდები ბიბლიოთეკაში ვიკრიბებოდით, ვკითხულობდით და ვარჩევდით წიგნებს, კინოთეატრში დავდიოდით, სოფელში იყო მაღაზია. ეს ყველაფერი გაქრა.

ჩემს ნათესავს რომ ვკითხე, ახალგაზრდები რას შვრებიან-მეთქი, მიპასუხა – 60 წლის ახალგაზრდები დარჩნენ სოფელში, რამდენიმეო. „ახალგაზრდას“ ხარაგაულში, უფრო სწორად დეისში, 60 წლის ადამიანს ეძახიან.

მინდა, რომ ჩვენი სოფელი იყოს ისეთი, სადაც ადამიანი უფრო ღირსეულად, უფრო ძლიერად იცხოვრებს. ჩვენი უპირატესობაა უნიკალური ბუნება, ხარაგაულის გარემო. მუზეუმში რომ შეხვალ, მიხვდები, რამხელა სიმდიდრე აქვს ხარაგაულს. ეს სიმდიდრე უნდა ვაქციოთ ღირსეული ცხოვრების წყაროდ.

აღარ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში ვინმე იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რას ფიქრობს მასზე მერი, მოსწონს თუ არა, რას წერს, როგორ მსჯელობს. ეს მხარე უნდა ეკუთვნოდეს იმ ხალხს, ვინც აქ ცხოვრობს. სოფლები დაიცალა და გავერანდა. ადამიანების ხმა აღარ ისმის. მოქალაქეებს რომ ვესაუბრებით, გვეუბნებიან, – არ გამომაჩინოო.

– როგორ უნდა დაიძლიოს ეს შიში და პრობლემები, რაც თქვენ ხარაგაულში ნახეთ?

– შიში, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებმა საკუთარ თავში უნდა დაძლიონ. მოქალაქეებმა უნდა განსაზღვრონ, – ურჩევნიათ ისეთ გარემოში იცხოვრონ, სადაც მთავრობა ეტყვის, – შენ მე მემორჩილები და რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ – იქნები ჩუმად და თუ რამე არ მოგეწონება, სახლში დაიმალები. „ქართული ოცნება“ ხალხს ამას სთავაზობს.

მეორე არჩევანია, – იყო თამამი მოქალაქე და იცხოვრო თავისუფლად. ჩვენ არ ვართ მორჩილი ხალხი და მორჩილი საზოგადოება. იმერეთი ყოველთვის იყო საქართველოს კულტურული, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ცენტრი. აქედან იბადებოდა შესანიშნავი პოეზია, ლიტერატურა, ფერწერა, ხელოვნება, პოლიტიკური იდეები.

დღეს კი ხელისუფლება აქაურებს სთავაზობს, რომ თუ გინდა რამეს მიაღწიო, ჩუმად იყავი და დაგნიშნავ მრჩევლად, ან სასაფლაოს მომვლელად გამუშავებ, ან ძეგლის მრეცხავად.

ღირსების ამბავია, რომ ეს მომავალში არც ერთმა ხელისუფლებამ აღარ გვაკადროს. ამის ძალა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ. მე, როგორც მოქალაქე, როგორც პოლიტიკოსი, ვხვდები ადამიანებს, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ.

უნდა ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ეგრე არ დავბეჩავებულვართ, ბიძინა ივანიშვილმა დაგვინიშნოს ვიღაც და გვითხრას, როდის ვილაპარაკოთ და როდის გავჩუმდეთ.

– ბატონო ლევან, ქვეყანა არის კრიზისში. როგორია თქვენი ხედვა ამ კრიზისის დასაძლევად.

– ეს კრიზისი ვერ დაიძლევა, თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში. „ქართული ოცნება“, 13 წელია, ხელისუფლებაშია და ვერც ერთი ეროვნული და რეგიონული პრობლემა ვერ მოაგვარა. ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში სიღარიბე არ არსებობს; ვერ ვიტყვით, რომ ემიგრაცია აღარ არსებობს. მახსოვს დაპირება – 5 მილიონი ლარი ყველა სოფელს, ჯაკუზები რომ უნდა გვქონოდა სახლში და ევროპა რომ უნდა გაგვეოცებინა დემოკრატიით. სად არის ეს ყველაფერი?!

უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ხალხთან იქნება ანგარიშვალდებული. ხელისუფლება ჩვენი ბატონი კი არ არის, ჩვენი მსახურია. ჩემი თავი წარმომიდგენია, როგორც ხალხის მსახური პოლიტიკოსი, რომელიც მოქალაქეებს მოუსმენს და და პრობლემებს მოუგვარებს. ამისათვის გვჭირდება ჩვენს გუნდს საზოგადოების მხარდაჭერა და ძალაუფლება და არა იმისთვის, რომ ფული ვიშოვნოთ.

„ქართული ოცნება“ შეიცვლება მხოლოდ ძლიერებით, ერთად ყოფნით. ამისთვის წამოვიწყეთ კამპანია „საქართველოს გულისთვის“.

ერთია ვიცით, რა არ მოგვწონს და მეორე, – რა გვინდა. ჩვენი საზოგადოება ვერ გაერთიანდება მხოლოდ იმის გამო, რა არ მოსწონს; ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რა გვინდა მომავალში. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობას, თანამოქალაქეებს ვესაუბროთ, როგორი უნდა იყოს ხვალ ხარაგაული. სოფელში გზის დაგება და გარე განათების მოწყობა არ არის საკმარისი.

ჩვენ სიღარიბეში ვცხოვრობთ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოგვატყუა; მათ შორის – თავისი ერთგული თანამოაზრეები და ამომრჩევლები. ამის გამო მათ პასუხი უნდა აგონ, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურად. იმისთვის ვარ მოწოდებული და ბოლომდე იმისთვის ვიბრძვი, რომ ვინც ხალხს ატყუებს, პასუხიც მოეთხოვება.

– პოლიტიკოსები ხელისუფლებაში მოსვლამდე დაპირებებს უხვად გასცემენ; შემდეგ ეს დაპირებები ავიწყდებათ. თქვენ რატომ უნდა გენდოთ საზოგადოება?

– იმიტომ უნდა მენდონ, რომ ამ დრომდე პროფესიულ საქმიანობაში ვაკეთებდი იმას, რასაც ვამბობდი. ამის გადამოწმება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. „თავისუფლების მოედანი“ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა იმ დროს შევქმენით, როდესაც ყველაზე ძნელი იყო პოლიტიკაში მოსვლა.

საზოგადოებამ უნდა დაგვიჯეროს, რომ ამ ქვეყანას აქვს უკეთესი მომავალი. რაც უნდა დეზინფორმაცია გაავრცელონ, მაღაზიაში ყველასთვის ერთი და იგივე ფასია. ვერანაირი დეზინფორმაცია ვერ შეცვლის და ვერ დააჯერებს ხალხს, რომ „ქართული ოცნების“ მომხრე უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე ოპოზიციის.

„ქართული ოცნების“ მომხრეებმაც იციან, ხელისუფლებამ ქვეყანა რა ჭაობშიც შეიყვანა; მათაც უნდათ ცვლილება, პოლიტიკაში ახალი ადამიანების მოსვლა.

„თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლები ვართ ის ხალხი, რომელთაც არც საბოდიშო გვაქვს ვინმესთან და არც არაფერი გაგვიფუჭებია. შეიძლება შეცდომები დავუშვათ. თუმცა, არასდროს ვიკადრებთ, რომ ადამიანებს ვუთხრათ, ხმა არ ამოიღონ შეცდომებსა და პრობლემებზე.

ეს არის მოქალაქეების შეურაცხყოფა და მეც, როგორც შეურაცხყოფილი მოქალაქე, – ასე ვარ ამ ბრძოლაში.

„ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება საერთაშორისო იზოლაციის, მორალური ლეგიტიმაციის ფასად დაუჯდა. ეს მათთვის ძალიან მძიმეა. თბილისში, რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი თუ მათთვის არაფერს ნიშნავს, დანიშნონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

ჩემი გზავნილი საზოგადოებისადმი არის ასეთი: ნუ გეშინიათ, გამოჩნდით, მარტო არა ხართ, ხარაგაულელებო, ნუ დუმხართ.