„დღევანდელი აქცია შედეგიანი აღმოჩნდა. მოსახლეობის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია: შეწყდა ნარჩენების დაყრა სოფლის საძოვარზე და მშენებელმა ორგანიზაციამ დაიწყო გზის შეკეთება,“ – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სხივის“ ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში მოსახლეობის საპროტესტო აქციის შემდეგ.
სოფელ ბაზალეთის, ქროლისა და ღარიხევის მაცხოვრებლებმა 20 თებერვალს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობით გამოწვეული უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა გააპროტესტეს. აქციის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მოსახლეობამ 19 თებერვალს მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ა/ო „სხივი“ ახორციელებს პროექტს „ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს – მშენებლობა ეკოლოგიური რისკების გარეშე.“ პროექტი ეხება ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას იმ ეკოლოგიურ საფრთხეებზე, რომელიც უკვე გამოიწვია და სამომავლოდ კვლავ შეიძლება გამოიწვიოს ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობამ.
პროექტის ფარგლებში ბაზალეთის, ღარიხევისა და ქროლის მოსახლეობას პროექტის ექსპერტი თემურ კეპულაძე 19 თებერვალს შეხვდა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი, გამგებლის მოადგილე ლაშა ნიქაცაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
თემურ კეპულაძისგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, მოსახლეობამ გადაწყვიტა, საპროტესტო აქცია მოეწყო.
„გვირაბის აფეთქების შემდეგ ნარჩენი იყრება სოფლის საძოვარზე. ამოივსო ხეობა, სადაც ღელე ჩაედინება. გაზაფხულზე ღელის ადიდებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს. სრულად განადგურებულია სოფლისკენ მიმავალი გზა. მანქანითაც კი შეუძლებელია გავლა ტალახში,“ – აღნიშნავენ სოფლის მაცხოვრებლები.
„ამ პრობლემის შესწავლისას ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა ხელისუფლების დამოკიდებულება გარემოსდაცვითი საკითხებისადმი, – აღნიშნა შეხვედრაზე თემურ კეპულაძემ, – სახელმწიფომ გაისტუმრა სახელფასო და საპენსიო დავალიანება, მაგრამ ვერასდროს გავისტუმრებთ იმ ვალს, რომელსაც ბუნებისგან ვიღებთ.
გარემოს დაცვის სამინისტრომ ისე გასცა საექსპერტო დასკვნა 2011 წლის 10 ივნისს, რომ მშენებლობის დეტალური პროექტი არ არსებობდა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვისას „საქართველოს რკინიგზა“ გვპირდებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.“
თემურ კეპულაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის პირობების მეხუთე პუნქტში წერია, რომ სამშენებლო დერეფნის გარეთ ბანაკების ადგილმდებარეობა უნდა შეთანხმეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. სამშენებლო დერეფნებისა და ბანაკების მოშლის შემდეგ კი ადგილი უნდა დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას. ასეთი შეთანხმება ადგილობრივ ხარაგაულის თვითმმართველობასთან არ არსებობს.
მერვე პუნქტში აღნიშნულია, რომ ნარჩენების უსაფრთხო მართვის გეგმა უნდა წარედგინოს გარემოს დაცვის სამინისტროს, მაგრამ რა უნდა ქნას ამის შემდეგ სამინისტრომ, არ არის განსაზღვრული.
ნარჩენების დროებითი განთავსებისთვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვა. ვინ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულ ადგილზე ნარჩენების დაყრის, – ესაა საინტერესო, – ამბობს თემურ კეპულაძე და აღნიშნავს, რომ მშენებლობის დროს გარემოსდაცვითი მოთხოვნები უგულვებელყოფილია.
პროექტის ექსპერტმა პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად საზოგადოების აქტიურობა დაასახელა არა იმ მოთხოვნით, რომ ახალი სარკინიგზო მაგისტრალი არ აშენდეს, არამედ აშენდეს ისე, როგორც ეს ხდება ევროპაში. „აუცილებელია გამოიყოს თანხა და ჩატარდეს ექსპერტების მიერ მონიტორინგი, რამდენად სწორად მიმდინარეობს ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობის პროცესი. შედეგები წარედგინოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს, რომელმაც უნდა იმსჯელოს ამ საკითხებზე.“
გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამუნა შარაშიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გარემოს დაცვის სამინისტრომ ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობაზე ინსპექტირება განახორციელა.
„კომპლექსურად შემოწმდა ტერიტორია როგორც ზიანის მიყენების, ისე გარემოს დაცვის კუთხით. სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს. ამჟამად სამინისტრომ დამატებით გაგზავნა სასამართლოში დოკუმენტები და ითხოვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას, რადგან რკინიგზის დეპარტამენტმა ეკოლოგიური ექსპერტიზის პირობები დაარღვია და ამის გამო ზარალი სოლიდურია. სამინისტრო საქართველოს რკინიგზას ზარალის ანაზღაურებას და კონკრეტული ადგილებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას თხოვს,“ – ამბობს თამუნა შარაშიძე.
რკინიგზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი საღირაშვილიგანმარტავს, რომ იძებნება ალტერნატიული ადგილი ნარჩენების განსათავსებლად და ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება. მისივე თქმით, წერილები უკვე გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი ამბობს, რომ თვითმმართველობამ რამდენჯერმე შესთავაზა მშენებელ ორგანიზაციას და რკინიგზის დეპარტამენტს ნარჩენების განსათავსებლად ორი ალტერნატიული ადგილი. „ჩვენი შეთავაზება დღესაც ძალაშია, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, – კარგია, რომ ჩქაროსნული რკინიგზა შენდება, მაგრამ არ უნდა დაზარალდეს სოფლის მოსახლეობა და გარემო.“
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან