

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ დააწესა. ამ დღის შემოღების მიზანია ცნობადობის ამაღლება იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ხდებიან ოჯახში ძალადობის, გაუპატიურების და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, ამ დღის ერთ-ერთი მიზანია მოცემული საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება.
ისტორიულად, ეს თარიღი ეფუძნება 1960 წელს დომინიკელთა რესპუბლიკაში სამი პოლიტიკური აქტივისტის – დები მირაბალების მკვლელობას. მათი მკვლელობა დომინიკელმა დიქტატორმა, რაფაეილ ტრუხილიომ შეუკვეთა. 1981 წელს, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ფემინისტურმა ორგანიზაციებმა 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღედ დააწესეს; 1999 წლის 17 დეკემბერს ეს თარიღი გაერომ სპეციალური რეზოლუციით აღიარა.
2024 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით საქართველოში „გენდერული თანასწორობის გამოკითხვის კვლევა“ ჩატარდა. ამ კვლევის ფარგლებში 16 წლის და უფროსი ასაკის 1 238 პირი გამოიკითხა.
ამ კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ არაერთგვაროვანია. მოსახლეობის მცირე ნაწილი – 6% ეთანხმება იმას, რომ „არსებობს გარემოებები, როდესაც ადამიანს შეუძლია დაარტყას საკუთარ ქმარს, ცოლს ან პარტნიორს“. გამოკითხულთა 23%-ს სჯერა, რომ „ცოლ-ქმარს შორის ძალადობა მათი პირადი საქმეა და სხვები არ უნდა ჩაერიონ“. საინტერესოა, რომ ამ მოსაზრებას უფრო მეტი კაცი ეთანხმება (28%), ვიდრე ქალი (19%). გამოკითხული მოსახლეობის აღქმით, „კაცები უფრო მეტად არიან დაცული ფიზიკური, გონებრივი თუ ფსიქოლოგური ზიანისგან, როგორც საკუთარ სახლში, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში, ვიდრე ქალები“.

2001 წლიდან მუშაობს ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასაცავად ორგანიზაცია „საფარი“. რა მდგომარეობაა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით საქართველოში, – ამ საკითხებზე „საფარის“ აღმასრულებელ დირექტორს ბაია პატარაიას ვესაუბრეთ.
– ზოგადად, სიტუაცია სამწუხაროდ, გაუმჯობესებული არ არის, – ამბობს ბაია პატარაია, – ბოლო წელია, საერთოდ მოიშალა სახელმწიფოს პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით. გასულ წელს ხელისუფლებამ კანონებიდან სიტყვა „გენდერი“ ამოიღო. წინა წლებში ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა საკანონმდებლო ცვლილებებზე, იქმნებოდა ახალი დეპარტამენტები, მუდმივად ატრენინგებდნენ პროკურორებსა და გამომძიებლებს. მოძალადეების მიმართ ხშირად გამოიყენება გირაო, არასაპატიმრო ღონისძიებები, მათ შორის ისეთ მძიმე დანაშაულებზე, როგორიც არის გაუპატიურება და სხვ.
იკლებს ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართვიანობა და ნდობა სახელმწიფო უწყებების მიმართ. „საფარში“ გვირეკავენ ქალები და გვეკითხებიან, აქვს თუ არა აზრი პოლიციისადმი მიმართვას.

– ქალბატონო ბაია, გაიზარდა თუ არა საზოგადოების ცნობიერება ქალთა მიმართა ძალადობის აღმოსაფხვრელად?
– ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქტიურობდა. აქტიურ მოქალაქეებთან, ფემინისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიური იყო თავად სახელმწიფო. სხვადასხვა უწყებები ატარებდნენ კამპანიებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ამ ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საზოგადოების მხარდაჭერა ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ.
სულ უფრო ცოტა ადამიანი თვლის, რომ ქალმა მარტომ უნდა გაართვას თავი ამ პრობლემას და ეს მხოლოდ ოჯახური პრობლემაა, სადაც არავინ არ უნდა ჩაერიოს. მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან გაზრდილია და შეცვლილია უკეთესობისკენ. ეს ძალიან მახარებს, რადგან თუ საზოგადოება შეთანხმდა ღირებულებებზე, მაშინ, როგორც წესი, ეს ღირებულებები უკვე მდგრადია. საზოგადოებაში არსებობს კონსესუსი, რომ ოჯახში ძალადობა სერიოზული პრობლემაა და მას ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ.

ახლა გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ბევრი მიმართულებით საზოგადოება უფრო წინ არის, ვიდრე ხელისუფლება. მაგალითად, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ არჩევით პოლიტიკურ ორგანოებში, – პარლამენტში, საკრებულოებში, ქალები და კაცები თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი. თუმცა, „ქართული ოცნება“ ამას არ იზიარებს და 2024 წელს „საარჩევნო კოდექსში“ მიიღო ცვლილება, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიებს აღარ აქვთ ვალდებულება, საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად დააკომპლექტონ. „საარჩევნო კოდექსის“ წინა ფორმულირებით, პარტიული სიაში ოთხიდან ერთი კანდიდატი ქალი უნდა ყოფილიყო. დღეს საზოგადოება უფრო აფასებს თანასწორობას, ვიდრე ხელისუფლება.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონებით, არასამთავრობო სექტორის მიმართ მხარდაჭერა შეჩერებულია. დაგვიყადაღეს ანგარიშები და აღარ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას. „საფარის“ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ მოხალისეობრივად ვაგრძელებთ საქმიანობას. უფასო იურიდიულ დახმარებას ვახორციელებთ მხოლოდ იმ საქმეებზე, რომლებიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკებს უკავშირდება. ადრე უფრო ფართოდ ვმუშაობდით შრომით უფლებებზე, ქონებრივ დავაზე, მეურვეობის საკითხებზე. ახლა უკვე ამის საშუალება აღარ გვაქვს. ეს, პირველ რიგში, აკლდებათ ქალებს, იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ ფინანსები, რომ აიყვანონ იურისტი და საკუთარი უფლებები დაიცვან.
ჩვენ მაინც ვცდილობთ, ვიმოქმედოთ.
ძალიან მალე დაიწყება „საფარის“ კამპანია, რომელიც კიბერძალადობას ეხება. დღეს ყველა იყენებს ინტერნეტს და ძალადობამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. ეს საკითხი კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული და საკმაოდ სერიოზული დანაშაულები ხდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გავჩერდეთ. ბევრი ადამიანი მოხალისეობრივად გვეთანამშრომლება. მართალია, ფულადი რესურსი აღარ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ძალიან დიდი მოტივაცია, ენთუზიაზმი, ადამიანური რესურსი, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს დავეხმაროთ.
ნინო კაპანაძე
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ დააწესა. ამ დღის შემოღების მიზანია ცნობადობის ამაღლება […]
შინაგან საქმეთა სამინისტოს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის
„ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2025“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი „სურსათის საიდუმლოებები
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში