შინაგან საქმეთა სამინისტოს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ქალთა მიმართ ძალადობის 489 შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის ფიზიკური ძალადობის 95 ფაქტი, ფსიქოლოგიური ძალადობის – 368, ეკონომიკური ძალადობის – 1, სექსუალური ძალადობის 11 და იძულების 7 ფაქტი.

იმერეთის მასშტაბით დაფიქსირებულია ფიზიკური ძალადობის – 14 შემთხვევა, ფსიქოლოგიური ძალადობის 35, სექსუალური ძალადობის 3 და იძულების 2 შემთხვევა.

ხარაგაულში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი გვიყვება, რომ ის ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა მეუღლის ოჯახში და ამიტომ, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მშობლების ოჯახში დაბრუნდა. მშობლიურ სახლში დაბრუნებულიც, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა. მას უკრძალავდნენ მუშაობას, სახლიდან გასვლას, მეგობრებთან ურთიერთობას. ქალი მუდმივ სტრესსა და შიში იმყოფებოდა.

ერთხელაც გადაწყვიტა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მოეძებნა და ხარაგაულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს განცხადებით მიმართა. ის განცხადებაში დეტალურად აღწერდა თავს გადახდენილ ძალადობას.

ამ სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი თეა ბერიძე ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალის საქმე სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადასცეს. ამ სააგენტომ ოჯახში ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა. ძალადობის მსხვერპლ ქალს სახელმწიფო თავშესაფარში გადასვლა შესთავაზეს.

„თავიდან ძალადობის მსხვერპლი ქალი ძალიან დათრგუნული და შეშინებული იყო, მაგრამ თავშესაფარში მასთან ფსიქოლოგებმა და სოცმუშაკებმა იმუშავეს. ამიტომ თავშესაფრიდან სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდა. თუმცა, ისეთი ყოჩაღი და უნარიანია, თუ მას სამსახური ექნებოდა, შვილის მოვლა-პატრონობა და აღზრდა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა. ახლა ის უკვე მუშაობს, მოძალადე ოჯახს თავი დააღწია და კარგადაა“.

თავად ძალადობა გამოვლილი ქალი ამბობს, რომ ის საზოგადოების მხარდაჭერამ გააძლიერა, თავშესაფარში საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდა. ამიტომ ურჩევს ყველას, ვინც ახლა ძალადობას განიცდის და ჩუმადაა, ხმა ამოიღონ, მიმართონ შესაბამის უწყებებს, დაიცვან საკუთარი თავი და სიმშვიდის უფლება მოიპოვონ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძალადობის მსხვერპლ ქალებს ბინის ქირის თანხით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეხმარებიან. მათ ასევე შეუძლიათ სხვადასხვა სოციალური პროგრამებით ისარგებლონ. თეა ბერიძე ამბობს, რომ გასულ წელს ძალადობა გამოვლილ ორ ქალს დაეხმარენ ბინის ქირით, რეკომენდაცია გაუწიეს სხვადასხვა სამსახურებში დასაქმების მიზნით.

ნინო კაპანაძე