ოქტომბრის ბოლოს ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის საქმიანობას გაეცნო.

ის სტრასბურგში 12 ქართველ თანატოლთან ერთად იმყოფებოდა, როგორც გაეროს მოდელირების პროექტის გამარჯვებული. მას სტრასბურგში მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

ყველაფერი შოთის დიდი მოტივაციითა და მიზნისკენ სწრაფვის სურვილით დაიწყო. მან თბილისის კანტის ინგლისურენოვან აკადემიაში შეისწავლა საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია.

შემდეგ გადაწყვიტა, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინა და საქართველოს ახალგაზრდა დელეგატთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულ გაეროს მოდელირების კონკურსში ჩაერთო. კანტის აკადემიის ლექტორებს შოთის დიპლომატიური უნარები და ინგლისური ენის ცოდნის დონე ძალიან მოსწონდათ და ამ კონკურსში ჩართვა მათაც ურჩიეს.

გაეროს მოდელირების პროექტში ჩართული ახალგაზრდები იგივე საქმიანობას ეწევიან, რასაც გაეროს წევრი სახელმწიფოების დელეგატები, მხოლოდ მათგან მიღებულ გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებს კანონიერი ძალა არ აქვთ.

შოთის გაეროში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დიპლომატის როლი უნდა შეესრულებინა. ის, ამავდროულად, გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრად აირჩიეს. მან მოკავშირე ქვეყნების დიპლომატებთან ერთან შექმნა რეზოლუცია თემაზე – „სოციალური სამართალი განვითარებად ქვეყნებში“.

რეზოლუციაზე მუშაობისას შოთი კარგად უნდა გაცნობოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დღევანდელობას და მისი მმართველების დამოკიდებულებას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისადმი.

„ძალიან დიდ კონკურენციაში აღმოვჩნდი, – ამბობს შოთი წიქარიშვილი, – გაეროს მოდელირების კონკურსის 300 მონაწილეს შორის მხოლოდ მე ვიყავი რეგიონიდან, დანარჩენი მოსწავლეები თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები იყვნენ.

ამან უფრო გამიძლიერა მოტივაცია, რომ საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმომეჩინა. ვიცი, თქვენც ძალიან გიხარიათ ჩემი წარმატება, თავის ქებაში არ ჩამომართმევთ და ამიტომ ვამბობ, – ყველას ძალიან მოეწონა ჩემი დიპლომატიური უნარები.

გაეროს მოდელირების 12 გამარჯვებულს შორის რომ დამასახელეს, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი“.

სტრასბურგში ახალგაზრდა დიპლომატები ევროსაბჭოს 49-ე კონგრესს დავესწარით. ვესტუმრეთ ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ხატია წილოსანს. მასთან განვიხილეთ საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა და გავეცანით ჩვენი ქვეყნის როლს ევროსაბჭოში.

…ბავშვობიდან ევროპარლამენტში მოხვედრა მსურდა და ამ მიზანს მივაღწიე. დარწმუნებული ვარ, როგორც დიპლომატი ევროპარლამენტში აუცილებლად დავბრუნდები.

სტრასბურგში ვიზიტმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ევროკავშირი და ევროპა დემოკრატიის განვითარებას ყველგან ხელს უწყობენ. ევროპარლამენტში დიპლომატებთან ურთიერთობამ დამაფიქრა იმ საერთო ღირებულებებზე, რაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აერთიანებს, თუ როგორ გამყარდება საქართველოს იდენტობა ევროკავშირის წევრობისას.

ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ ქართველობა უნდა დავკარგოთ. ეს სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს შეუძლია ევროკავშირის სრულფასოვანი და მისაბაძი წევრი გახდეს.

საქართველოში რომ ვბრუნდებოდით, სტამბულში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შემთხვევით აეროპორტში შევხვდით. თავად გამოგველაპარაკა და ჩვენი ვიზიტით დაინტერესდა, შეგვაქო და წარმატებები გვისურვა. შემდეგ მასთან სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ“.

შოთი წიქარიშვილის სურვილია, რომ გაეროს მოდელირების კლუბი ხარაგაულში დააფუძნოს. ამ კლუბის წევრი, დიპლომატიითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული უფროსკლასელები გამოცდილი ლექტორებისგან საჯარო გამოსვლებს, დისკუსიებისა და დებატების სწორად წარმართვას ისწავლიან.

შოთი ამბობს, რომ სკოლისგარეშე აქტივობები ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ის თანატოლებს ურჩევს, არასდროს გამოტოვონ კონკურსებში ჩართვის შესაძლებლობა. ეს ცოდნის მიღებასთან ერთად გამოცდილ დიპლომატებთან ურთიერთობის საუკეთესო შესაძლებლობაა. სწორედ ერთ-ერთი აქტივობის დროს გაიცნო შოთიმ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, რომელთანაც დღემდე მეგობრობს.

დეკემბერში შოთი წიქარიშვილი ისევ აპირებს ჩაერთოს გაეროს მოდელირების კონკურსში, რომელიც ბათუმში ჩატარდება. ის იმედოვნებს, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში სასწავლო ვიზიტის საგზურს მოიპოვებს. წარმატებებს ვუსურვებთ შოთი წიქარიშვილს.

ნინო კაპანაძე