
სტრასბურგის სასამართლომ „საქართველოს ამბები/მთის ამბების“ რედაქტორის, გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი გამხილვა დაიწყო.
ამ ინფორმაციას „საქართველოს ამბები“ ავრცელებს. გელა მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება 2024 წლის 23 იანვარს ჟურნალისტის უკანონო დაკავებასა და გასამართლებას. პოლიციამ გელა მთივლიშვილი მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების დროს გამართულ აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, რამაზ თათარაშვილის დავალებით დააკავა.
დაკავების შემდეგ, პოლიციის ავტომობილში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს და ახრჩობდნენ. მისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ, რომლითაც გელა მთივლიშვილმა თავისივე უკანონოდ დაკავების ფაქტის გადაღება მოახერხა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ როდესაც პოლიციელები მთივლიშვილს ძალის გამოყენებით აკავებდნენ, მან სამჯერ გაუმეორა მათ, რომ ის ჟურნალისტი იყო და გააფრთხილა, თავი შეეკავებინათ მის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისგან.
ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში 6 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ხელწერილით გაათავისუფლეს.
მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციამ დაკავებიდან 2 დღის შემდეგ შეადგინა და ჟურნალისტი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა და 2000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ ზემდგომმა ინსტანციამ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, ჟურნალისტმა დაკავების დღესვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიებამ მოიპოვა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის სამეთვალყურეო სისტემიდან ვიდეოჩანაწერი, რომელიც მთლიანად ადასტურებს მთივლიშვილის უდანაშაულობას.
მოწმემ, რომელიც ასევე დაკავებული იყო და პოლიციის ავტომობილში მთივლიშვილთან ერთად იმყოფებოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუდასტურა, რომ პოლიციელებმა ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს.
გენერალურმა პროკურატურამ გელა მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ.
ჟურნალისტმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2024 წლის აგვისტოში მიმართა. მას სამართლებრივ დახმარებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი უწევს.
ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს
„ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი“ – ასე აფასებს
სტრასბურგის სასამართლომ „საქართველოს ამბები/მთის ამბების“ რედაქტორის, გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი გამხილვა დაიწყო. ამ ინფორმაციას „საქართველოს ამბები“ ავრცელებს. გელა მთივლიშვილი საქართველოს […]
9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში
7 ოქტომბერს ხარაგაულში მასწავლებლის საერთაშორისო