
5 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში გამოთქმულია მოწოდება „სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ“ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, რომელიც „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში“ ჩატარდა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი არჩევნები ხმათა 80%-ით მოიგო. პოლიციამ კი აქციის იმ მონაწილეთა საწინააღმდეგოდ, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას შეეცადნენ, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ასევე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. „აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
იმავე დროს, ევროკავშირმა მტკიცედ უარყო და გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებული დეზინფორმაცია და დაგმო ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ მიმართული პირადი თავდასხმები.
„დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო“, – აღნიშნეს კაია კალასმა და მარტა კოსმა.
მათ ასევე დაურთეს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების – კერძოდ, ეუთო/ოდირის – დროულად მოწვევაზე უარის თქმამ ზიანი მიაყენა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და ხელი შეუშალა სანდო საერთაშორისო დაკვირვებას. ამასთან, რეპრესიული გარემოს გამო დაკვირვებისგან თავი ადგილობრივმა ორგანიზაციებმაც შეიკავეს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ხელისუფლებას მოუწოდეს, გაათავისუფლონ ყველა ის ადამიანი, რომლებიც „ქართული ოცნების“ „რეპრესიული პოლიტიკის“ საწინააღმდეგო ხალხმრავალი და მუდმივი პროტესტის დროს უსაფუძვლოდ დააკავეს.
ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს
„ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი“ – ასე აფასებს
სტრასბურგის სასამართლომ „საქართველოს ამბები/მთის ამბების“ რედაქტორის,
9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში
7 ოქტომბერს ხარაგაულში მასწავლებლის საერთაშორისო