დღეს, 30 სექტემბერს, დამეწყრილი ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობას გეოლოგები, ხარაგაულის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე მოსახლეობას გააცვნეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან დაკვეთილი, მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით ჩატარებული კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები და სპეციალისტთა რეკომენდაციები. აღნიშნული კვლევა შპს „გეოლოჯიქმა“ ჩაატარა.

შპს „გეოლოჯიქის“ ინჟინერ-გეოლოგის მირზა მესხის შეფასებით, მეწყერის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური ფაქტორები:

„ხელოვნური ფაქტორებიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისას ფერდის ჩამოჭრაზე. თუმცა, 15 მეტრის სიმაღლეზე ჩამოჭრილი ფერდიდან დეფორმაცია არ ფიქსირდება და იქ არც აღწევს მეწყერი. ცალკე გამოსაკვლევია, რა მეთოდით ჩამოიჭრა ფერდი, როგორი სანგრევი საშუალებები გამოიყენეს. ამ შეკითხვებზე თუ პასუხი არ გვექნება, რკინიგზის მშენებლობას მეწყერთან უტყუარად ვერ დავაკავშირებთ. ამას გამოიძიება სჭირდება“, – ამბობს მირზა მესხი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ მეწყერი რკინიგზის მშენებლობამ გამოიწვია. მისი მტკიცებით, ღვერკსა და ხემაღალში მეწყერი ბუნებრივი ფაქტორებით არის განპირობებული.

„მეწყერი თუ რკინიგზის მშენებლობამ გამოიწვია, მაშინ ლაშის სკოლის შენობაში, რომელიც იმ ჩამოჭრილ ფერდთან ყველაზე ახლოსაა, ბზარები უნდა იყოს, – ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი, – მეწყერი კი ლაშის სკოლასთან საერთოდ არ შეინიშნება. სარკინიგზო გვირაბთან ახლოს მდებარე სახლები დეფორმირებული არ არის“.

„მეწყერის გამომწვევი ზუსტი მიზეზების ცოდნა შემდგომი ქმედებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, აღნიშნა შეხვედრაზე მყოფმა გუგა სადრაძემ, „საქართველოს გეოლოგიური სამსახურის“ ინჟინერ-გეოლოგმა და წარმოდგენილი კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.

თუ სახლების ნგრევა რკინიგზის მშენებლობამ გამოიწვია, მაშინ კომპენსაციის თანხა გაცილებით მეტი უნდა იყოს. ამჟამად ეკომიგრანტების სააგენტო ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ოჯახს 30 ათასიდან 50 ათას ლარამდე თანხას უხდის. ეს კი სახლის შეძენისა და ახლის მშენებლობისთვის არასაკმარისია.

„ვერავითარი თანხა იმ ტკივილს ვერ დაგვიკომპენსირებს, რაც სახლების დანგრევითა და მამაპაპისეული ადგილების დაკარგვით მივიღეთ. თუმცა, გვინდა, რომ ანაზღაურება იყოს ღირსეული და თანასოფლელები ისევ ერთად დავსახლდეთ, – ამბობს მარადი გელაშვილი, – პასუხი ვერ მივიღეთ შეკითხვაზე, რატომ არ გაითვალისწინეს 2019 წელს, სარკინიგზო მშენებლობისას, ღვერკი და ხემაღალი გეოლოგების მიერ 2016-2017 წლებში თუ უკვე მეწყერსაშიშ ადგილებად იყო მონიშნული. ბზარები სოფლებში 2020 წლიდან გაჩნდა – მაშინ „ციხის ყელზე“ ჩავარდა გზა, რომელიც შემდეგ რკინიგზის მშენებელ ჩინურ კომპანიას გააწმენდინეს. სარკინიგზო გვირაბების აფეთქებების დროს რამდენიმე სახლი დაიბზარა და გავამაგრეთ. თუმცა, მაშინ რკინიგზის მშენებლობასთან პირდაპირ ვერ დავაკავშირეთ. ახლა ეს ცხადია, რადგან მეწყერი სწორედ ხუთი წლის წინ დაბზარული იმ სახლების ადგილიდან განვითარდა“.

რა ვითარებაშია ამჟამად მეწყერი და რას უნდა ელოდეს მოსახლეობა მომავალში, შეიძლება თუ არა გეოლოგების მიერ ამ ეტაპზე უსაფრთხოდ მიჩნეულ ადგილებზე მეწყერისგან სახლებდანგრეული ოჯახების დასახლება.

„ღვერკსა და ხემაღალში მეწყერული პროცესები 2016-2017 წლებში დაფიქსირდა, – ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი, – საქართველოში 50 ათასზე მეტი მეწყერია. ღვერკისა და ხემაღალის მეწყერი დიდი რისკის ზონაა, მეწყერების ტოპ-სამეულშია.

მეწყერი ამ სოფლებში 43-47 მეტრი სიღრმეზეა ჩასული. იმის ქვემოთ კლდოვანი ქანები და ქვებია.

პირველივე დღეებიდან ჩვენ ყველას მკაცრად მოვუწოდებთ, რომ დამეწყრილ ადგილებში კატეგორულად დაუშვებელია ცხოვრება და გადაადგილება“!

მეწყერმა 113 ოჯახი დააზარალა – მათგან ნაწილის სახლები დაინგრა, ნაწილი კი ისეა დაზიანებული, რომ იქ ცხოვრება აღარ შეიძლება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი ამბობს, რომ ამ ოჯახების დასახმარებლად რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ – განიხილება კომპენსაციისა და ადგილმონაცვლეობის საკითხი.

მან მოსახლეობას შესთავაზა, რომ თუ „გეოლოჯიქის“ მიერ მომზადებული დასკვნა მათთვის მიუღებელია, ერთი კვირის ვადაში არგუმენტირებულად დასაბუთებული და ალტერნატიული დასაბუთება წარმოადგინონ.

„113-ვე ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემაა გადაწყვეტილი. უნდა განვსაზღვროთ ბიუჯეტი. ამიტომ ერთ კვირაზე მეტ ხანს ვერ დაგელოდებით,“ – მიმართა შეკრებილ მოსახლეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა.

მოსახლეობა დაინტერესებულია იმ გეოლოგიური დასკვნით, რომლითაც რკინიგზას უნდა ეხელმძღვანელა რკინიგზის მშენებლობის პროცესში.

ღვერკსა და ხემაღალში მცხოვრები ოჯახების ნაწილს სახლები საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ აქვთ. მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც ამ სოფლებში 2025 წლის ივნისში დაიწყო, მეწყერის გამო, ვეღარ გაგრძელდა. ამიტომ დამეწყრილი მოქალაქეები შიშობენ, რომ სახელმწიფოსგან კომპენსაციას ვერ მიიღებენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი მათ დაჰპირდა, რომ ოჯახები ფულადი კომპენსაციის მიღებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან გაცემული საბუთების მიხედვითაც შეძლებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდენიმე მოქალაქემ გვითხრა, რომ შეხვედრა იმედიანად დატოვეს, რამდენიმემ კი აღნიშნა, რომ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს.

„იმედი მომეცა, რომ ერთმანეთს არ დავკარგავთ და ერთ ადგილზე დავსახლდებით ისევ მეზობლები, – ამბობს ღვერკში მეწყერით დაზარალებული ზოია გელაშვილი, – შარშან მეუღლე და სახლი ერთად დავკარგე და მინდა, ჩემს საუკეთესო მეზობლებთან ისევ გავაგრძელო ცხოვრება“.

მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით ჩატარებული კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები და სპეციალისტთა რეკომენდაციები სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე.

ამავე თემაზე

„მეწყერი ფასდება როგორც აქტიური, რომლის ხელოვნური შეკავება ან ბუნებრივი სტაბილიზაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში რთულად წარმოსადგენია“