
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით, ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ „გაზპროექტი 2009“ (დირექტორი კობა ლომიძე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია უკვე მოამზადა.
ეს სოფლებია: ბუდიანეთი, წყალაფორეთი, ლახუნდარა, პატარა ვარძია, ხონი, ბორი და ხიდარი.
ასევე ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ – შპს „ჯეოპროექტი 2016“ – ხარაგაულის 12 სოფლის გაზიფიცირებისთვის პროექტირების 80% შეასრულა. თუმცა პროექტირების სამუშაოებს ვეღარ აგრძელებს.
შპს „ჯეოპროექტი 2016“-ის დირექტორი გრიშა მაჭარაშვილი ამბობს, რომ პროექტირების სამუშაოები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების გამო შეფერხდა.
„სოფლების – მიროწმინდას, სარგვეშის, ღორეშის, უბისას, საბეს, საღანძილეს, ზარანის, ვანის, სხლითის, დიდვაკეს, ლეღვნისა და მარელისის პროექტირება და ხარჯთაღრიცხვა თითქმის დავასრულეთ. თუმცა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გაზიფიცირების მიწის ქვეშ განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა, შევჩერდით, – ამბობს გრიშა მაჭარაშვილი, – ჩვენ პროექტირება მილების მიწისზემოთ დამონტაჟებაზე შევადგინეთ. ახლა ყველაფრის თავიდან გაკეთება მოგვიწევს. თან იმ სოფლებში ყველგან ბეტონის გზებია დაგებული.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ამ საკითხზე უკვე ვიმსჯელეთ. კომპანია მზადაა, ხარჯები გაზარდოს, რადგან გზებიც უნდა დაინგრეს და პროექტი ხელახლა უნდა შედგეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით ამის შესახებ უკვე ვაცნობეთ, რომ ბეტონის გზების დაზიანება მოგვიწევს. მომავალ კვირაში მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრას ვგეგმავთ.
კომუნიკაციები, რა თქმა უნდა, უმჯობესია, როცა მიწისქვეშაა გაყვანილი. ასეთ შემთხვევაში მისი დაზიანების რისკი მინიმალურია“.
„როდესაც გაივლით დასახლებებში, განსაკუთრებით სოფლებში, ყველგან თვალში მოგხვდებათ გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს. აქაც გვინდა, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ 8 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე, – რა თქმა უნდა, ერთბაშად ყველა გაზის მილის ჩანაცვლება და მიწისქვეშ ჩატანა იქნება რთული და შეუძლებელი. თუმცა გვინდა, დავადგინოთ ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ახალი სამუშაოები დაექვემდებარება შესაბამის ვიზუალურ სტანდარტს. ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწისქვეშ და არა ზედაპირზე“.
პროექტირების დასრულების შემდეგ რამდენ ხანში გამოაცხადებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერს, უცნობია. „კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, წინასწარ მოახდინოს რაიმე თარიღის მითითება მიმდინარე საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამშენებლო ტენდერის გამოცხადებაზე, რადგან კომპანია ვადებს განსაზღვრავს სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე“ – გვიპასუხეს გაზის ტრანსპორტორების კომპანიიდან.
2023 წელს მომზადდა კიცხის იგორეთისა და ლაშის იგორეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო პროექტები და ხარჯთაღირცხვა. უშუალოდ გაზიფიცირების სამუშაოები კი 2025 წლის იანვარში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანია შპს „ვის გრუპის“ დირექტორის, გიორგი გვიჩიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ ორი სოფლის გაზიფიცირება თითქმის დასრულებულია. ამჟამად ქსელის ტესტირება მიმდინარეობს – წნევის სიმძლავრე და მილების გამტარობა მოწმდება. გიორგი გვიჩიანი ამბობს, რომ გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შესრულებულ სამუშაოებს უახლოეს დღეებში ჩააბარებს. ამის შემდეგ სახლებში ბუნებრივი აირის მილებისა და მრიცხველების დამონტაჟება შპს „სოკარმა“ უნდა დაიწყოს.
დაწყებულია სოფელ ღუდუმექეთის გაზიფიცირების სამუშაოები. გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ამ სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „იმედთან“ (დირექტორი გულადი აბლოთია) 2025 წლის 27 ივნისს გააფორმა. ამ კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ღუდუმექედის გარდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მუხლსა და ბუგეულში უნდა განახორციელოს.
ამ სოფლებში ბუნებრივი აირის მილსადენების მშენებლობა 2026 წლის იანვარში (ხელშეკრულების გაფორმებიდან 196 კალენდარული დღის განმავლობაში) უნდა დასრულდეს. შპს „იმედმა“ ამ სამივე სოფელში სამუშაოების შესრულება 1 700 155 ლარად ივალდებულა.
დავინტერესდით გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობით. შპს „იმედის“ წარმომადგენლებმა ტელეფონზე არ გვიპასუხეს. ფარცხნალში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ავთანდილ თაბუკაშვილის ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოები ღუდუმექეთში დაიწყო – რამდენიმე ადგილზე მიწაში გაზსადენი მილიც განათავსეს. თუმცა, ამ მომენტისთვის მუშაობა შეჩერებულია.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79-ვე სოფელი 2021 წლისთვის გაზიფიცირებული უნდა ყოფილიყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფლიდან დღეისათვის გაზიფიცირებულია დაბა ხარაგაული და 14 სოფელი: ბაზალეთი, ქროლი, ღარიხევი, წიფი, ვარძია, კიცხი, თეთრაწყარო, საქარიქედი, ისლარი, ფარცხნალი, ახალსოფელი, ჩხერი, ჯაფაროული და ლაშე.
ნინო კაპანაძე
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით, ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ „გაზპროექტი 2009“ (დირექტორი კობა ლომიძე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საბავშვო ბაღის შენობაში,
საქართველოს მთავრობის 2 ოქტომბრის დადგენილებით,
რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის
დღეს, 30 სექტემბერს, დამეწყრილი ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობას გეოლოგები,