ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლი „დოდოს მოლოდინში“ აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო პროექტის „ტელესპექტაკლები“ ფარგლებში.

გასულ წლებში აჭარის ტელევიზიამ ტელესპექტაკლის სახით უკვე გადაიღო ხარაგაულის თეატრის სპექტაკლები „დარისპანის გასაჭირი“, „თანამდევი სული“ და „ორნი“.

ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ ტელესპექტაკლების გადაღება ძალიან მნიშვნელოვანია – მაღალ დონეზე ჩაწერილი სპექტაკლები ტელევიზიის „ოქროს ფონდში“ განთავსდება და თეატრის ისტორია შთამომავლობას სამუდამოდ დარჩება.

ამ პროექტის ფარგლებში, ძირითადად, პროფესიული სახელმწიფო თეატრების სპექტაკლებს იღებენ. თუმცა, პროექტის პროდიუსერი ნერონ აბულაძე ამბობს, რომ ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლები სახელმწიფო თეატრებისას არაფრით ჩამოუვარდება.

„დოდოს მოლოდინში“ რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით 2023 წელს დადგა. ამ სპექტაკლმა იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისურა“, ხოლო თავად ირინე ჩხეიძემ დაიმსახურა პრიზი ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

სპექტაკლი ემიგრანტებისა და მათი აქ დარჩენილი ოჯახების მძიმე ყოფა-ცხოვრებას ეხება. სპექტაკლში მონაწილეობენ: ლუიზა კიკნაძე, ირინე ჩხეიძე, მაია ბერაძე, ლია ჭიპაშვილი, ვასილ კიკნაძე, ბათუ კიკნაძე, დავით ჭყოიძე და გიორგი ჭიპაშვილი.