ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 21 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი თამარ ლაცაბიძე ამბობს, რომ ზვარეში ისევ სასკოლო მზაობის ჯგუფი იფუნქციონირებს. ეს ჯგუფი ამავე სოფლის სკოლის შენობაში განთავსდება.

ზვარეს საბავშვო ბაღის შენობა მეწყერსაშიშ ზონაშია და გეოლოგების რეკომენდაციით, იქ საბავშვო ბაღის ფუნქციონირება სარისკოა. ზვარეში სასკოლო მზაობის ჯგუფში 8 აღსაზრდელი ივლის.

რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის ახალი შენობის გახსნას  ოქტომბრის მეორე ნახევარში ვარაუდობენ. თამარ ლაცაბიძის ინფორმაციით, ახალ შენობაში ძირითადი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ხევის საბავშვო ბაღში ორი ასაკობრივი ჯგუფი გაიხსნება. ორივე ჯგუფში, სავარაუდოდ, სულ 32 აღსაზრდელს ელოდებიან.

ხევის საბავშვო ბაღის შენობა 2021 წლის ნოემბერში დაანგრიეს. ამ ბაღის მშენებლობა 2023 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს. ამ დრომდე ხევში სასკოლო მზაობის ჯგუფი ხევის საჯარო სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა.

სულ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში 15 სექტემბერს სწავლას 400-ზე მეტი ბავშვი შეუდგება.