ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში სოფლის მოსახლეობას, მათი პრობლემების უკეთ გაცნობის მიზნით, 29 ივნისს შევხვდით. ლეღვნის საჯარო სკოლის მასწავლებლებს სოფლის პრობლემატურ საკითხებზე საჯარო სკოლის შენობაში მოვუსმინეთ.

სკოლაში მისვლაზე წინასწარ შევუთანხმდით სკოლის დირექტორს, რომელიც ესწრებოდა და აქტიურად მონაწილეობდა შეხვედრაში. მომზადებული მასალების გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ და ვებგვერდზე chemikharagauli.com გამოქვეყნების შემდეგ ტელეფონით დაგვიკავშირდა სკოლის დირექტორი, რომელიც იყო აღელვებული. დირექტორმა გვითხრა, რომ მას უსაყვედურეს სკოლის შენობაში ჟურნალისტების შეშვების გამო.

კონკრეტულად რა დაირღვა სკოლის ტერიტორიაზე ჟურნალისტების მასწავლებლებთან შეხვედრით, – ამის გასარკვევად და სამომავლო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელებისთვის მივმართეთ განათლების სამინისტროს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

„ვფიქრობთ, რომ ამ მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტების მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მოსახლეობასთან, მათ შორის საჯარო სკოლის პედაგოგებთან, გასაუბრება არ წარმოადგენს ​ცალკეული სამართლებრივი ნორმებით განსხვავებულად რეგულირებად სფეროს, – გვიპასუხა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მთავარმა იურისტმა თეონა ზაქარაშვილმა, – სკოლის ხელმძღვანელთან ორგანიზაციული ხასიათის საკითხების შეთანხმების შემდგომ, პრესის წარმომადგენლები გაესაუბრენ მასწავლებლებს და მიიღეს მათგან ინფორმაცია სოფლის პრობლემატურ საკითხებზე. გთხოვთ, შეგვატყობინოთ, თუ ამ საკითხს რაიმე განვითარება მოჰყვება. გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის მოლოდინი.“

„თქვენს წერილში აღწერილი გარემოებები რაიმე კანონდარღვევას არ შეიცავს, – გვპასუხობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის საკითხებზე მომუშავე იურისტი ეკა ციმაკურიძე, – ზოგადი წესის თანახმად, საჯარო დაწესებულებებში ჟურნალისტების შესვლა და იქ პროფესიული საქმიანობის განხორციელება აკრძალული არ არის. რიგ შემთხვევებში საჯარო დაწესებულებებს დადგენილი აქვთ შენობაში შესვლის მარეგულირებელი წესები (მაგ.: საშვის დაშვება), რის გამოც საჯარო დაწესებულებებში შესვლა შეზღუდულია ხოლმე. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულებაში შესვლა აკრძალულია. არსებობს ცალკეული საჯარო დაწესებულებები, სადაც, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება აკრძალული იყოს შესვლა (მაგ.: სასჯელაღსრულების დაწესებულებები და სხვ.). რაც შეეხება საჯარო სკოლებს, ასეთი ზოგადი აკრძალვა, გარეშე პირების სკოლის შენობაში შესვლაზე, კანონით დადგენილი არ არის.

ვინაიდან სკოლა სპეციფიკური საჯარო დაწესებულებაა, რომელიც სპეციალური კანონით რეგულირდება, უნდა ვიხელმძღვანელოთ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით. აღნიშნული კანონის მე-14 მუხლი ადგენს, რომ „მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენონ სკოლის რესურსები ინფორმაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად, შესანახად, დასამუშავებლად ან გასავრცელებლად, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით

განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.“

აღნიშნული გულისხმობს, რომ მასწავლებელს უფლება აქვს სკოლის ტერიტორიაზე განახორციელოს თავისი გამოხატვის თავისუფლება.

ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, „მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება.“

ამასთან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სკოლის ტერიტორიაზე შეიძლება დაწესებულ იქნეს მასწავლებლების და გარეშე პირების უფლებების შეზღუდვები, მაგრამ ის მთელ რიგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: ასეთი შეზღუდვა წინასწარ უნდა იყოს დადგენილი სკოლის მიერ, უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ემსახურებოდეს სკოლის მიზნების შესრულებას. რაც მთავარია, თუკი სკოლას დადგენილი აქვს რაიმე შეზღუდვა, მან თავად უნდა აცნობოს ამის შესახებ გარეშე პირს ან მასწავლებელს.

თქვენს შემთხვევაში, წერილში მითითებულია, რომ მასწავლებლებთან შეხვედრა ჩატარდა სკოლის დირექტორის წინასწარი თანხმობით, რაც გამორიცხავს ამგვარი შეზღუდვების არსებობას ან მათ გავრცელებას ამ კონკრეტულ შემთხვევაზე.

ასევე, არსებობს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომელიც მართალია მხოლოდ ტელევიზიებსა და რადიოებზე ვრცელდება, მაგრამ რადგან გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ ვიდეორგოლებს განათავსებს ინტერნეტსივრცეში, ანალოგიად ეს წესიც შეიძლება გამოვიყენოთ. ეს წესი ჟურნალისტებს უდგენს ქცევის სტანდარტებს. მისი 35-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს, რომ „სკოლაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება როგორც უფლებამოსილი პირის, ასევე ადგილზე მყოფი იმ პირებისაგან, რომელთა გადაღება ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოების ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო, თუ ჩაწერილ მასალაში პირის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია.“ ვინაიდან გაზეთს მიღებული ჰქონდა სკოლის დირექტორის თანხმობა, არც ჟურნალისტური ეთიკის წესი ჩაითვლება დარღვეულად.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ თქვენს საგაზეთო წერილში და ინტერნეტ გვერდზე განთავსებულ ვიდეოში მოცემული გარემოებები არ ადასტურებს ჟურნალისტების მხრიდან რაიმე კანონდარღვევას,“ – განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის საკითხებზე მომუშავე იურისტი ეკა ციმაკურიძე.

„მე არ ვფიქრობ, რომ თქვენ რაიმე პროფესიული და ეთიკური სტანდარტი დაარღვიეთ ამ მასალების გამოქვეყნებით, – ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე, – რაც შეეხება, სკოლის შენობაში მუშაობის საკითხს, – პრესისა და ონლაინ მედიისთვის ცალკე რეგულაცია ამ საკითხზე არ არსებობს.

ამავე დროს თქვენ გქონდათ ნებართვა დირექტორისგან, რომელიც არის უფლებამოსილი პირი. ამავე დროს ის ხალხი, ვინც საუბრობს თქვენს მასალაში, როგორც ვიდეოში, ისე ტექსტში, საუბრობს საკუთარი სურვილით და ნებით. შესაბამისად, ეს არ ყოფილა დორსტეპინგი, ანუ როდესაც ჩართული კამერით მიადგები ვინმეს და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ იღებ.

თუ ვიხელმძღვანელებთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსით, როგორც ზოგადი სტანდარტით, თქვენ არც ეს სტანდარტი დაგირღვევიათ.“

სკოლის შენობაში ჟურნალისტური საქმიანობით რომ კანონი არ დაგვირღვევია, ასევე დაგვიდასტურეს განათლების სამინისტროდან.

ლაურა გოგოლაძე