უგზოობა, უმუშევრობა, უწყლობა, უსამართლობის განცდა, – ეს ის პრობლემებია, ლეღვნის მოსახლეობას რომ აწუხებს.

ლეღვნელები ცენტრალური და შიდა საუბნო გზების მოწესრიგებას, მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის გაძლიერებას ითხოვენ.

 

მათი სურვილია, სოფელს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭოს, მოწესრიგდეს სოფლებიდან ნარჩენების გატანის პრობლემა, მარელისში ამოქმედდეს საბავშვო ბაღი.

ლეღვნელები მოითხოვენ, რომ ხარაგაულის ცენტრში მოქმედი შემოქმედებითი წრეები ხელმისაწვდომი იყოს მათი შვილებისთვის.

ლეღვნელები სოციალურად არასამართლიან გარემოზე ამახვილებენ ყურადღებას.

ისინი გამრიცხველიანების დაგვიანებაზე საუბრობენ.

უმთავრესი პრობლემა, რაც ლეღვანში მოსახლეობის მიგრაციას განაპირობებს, სამასალე ხე-ტყეზე ხელმიუწვდომობაა.

ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, პაატა ბურჯანაძის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გრძელდება ლეღვანში სარიტუალო სახლის მოწყობა. სარიტუალო სახლში განსაზღვრულია სველი წერტილების, სამზარეულოსა და საწყობი ოთახის მოწესრიგება. ამისთვის 7 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ამავე პროგრამით კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო, რისთვისაც 4 ათასი ლარია განსაზღვრული. მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად კოდაბოლოს ორ უბანში უნდა დამონტაჟდეს ორი ცალი რვატონიანი ავზი.

ლეღვნის მაჟორიტარი დეპუტატი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ამბობს, რომ დაპროექტებულია ლეღვნის სკოლამდე მისასვლელი გზა, გაკეთებულია ხარჯთაღრიცხვები კიბაბოურის და ბერაწმინდის ცენტრალურ გზაზე; 2017 წელს ლეღვნისა და მარელისის გზების მოასფალტება იგეგმება.

რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებას, ინგა მაღრაძე ამბობს, რომ როცა გზები მოწესრიგდება, კერძო ტრანსპორტის მფლობელებიც მეტად დაინტერესდებიან და გრაფიკს აღარ ჩააგდებენ.

ინგა მაღრაძის თქმით, „სახელმწიფო პროგრამებში, რომლებმაც ადამიანთა დასაქმებას ხელი უნდა შეუწყოს, ვერ ჩაერთო მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეტად უნდა ვიაქტიუროთ ამ მიმართულებით.“

უახლოეს ხანში იგეგმება ხარაგაულში სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი და მოსახლეობასთან ერთად განიხილება სამასალე ხე-ტყის მოპოვების საკითხი.

„ვფიქრობ, საკმაოდ გახსნილი ურთიერთობები მაქვს ლეღვნელებთან. მათ მეტი კომუნიკაცია სურთ. ლეღვნელებმა იციან, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობა ძალიან მნიშნელოვანია. ვფიქრობ, ერთად ბევრი პრობლემის გადაჭრას შევძლებთ,“ – ამბობს ინგა მაღრაძე.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ მიღებული ინფორმაციით, ლეღვანში მცხოვრები დაახლოებით 450 აბონენტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაიწყება, როგორც კი ხარაგაულის მომსახურების ცენტრი გამრიცხველიანების სამუშაოებს დაასრულებს სოფელ ღორეშაში.

რაც შეეხება სოფელ მარელისს, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი აქ, სავარაუდოდ, 2015 წლის ბოლოს ან 2016 წელს დაიწყება.

ნინო კაპანაძე

legvani_2

legvani_3 paata_burjanadze