ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღები ავტორიზაციის პროცესშია ჩართული.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაცაბიძის ინფორმაციით, გასულ თვეში სამივე საბავშვო ბაღი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა შეამოწმა. თითოეული საბავშვო ბაღი 4 სტანდარტის მიხედვით შემოწმდა: როგორია დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება; კურიკულუმი; რამდენად ჩართულია საბავშვო ბაღის საქმიანობაში ოჯახი და თემი; როგორ მიმდინარეობს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესი.

თამარ ლაცაბიძე ამბობს, რომ დღედღეზე ელოდებიან პირველად დასკვნებს, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, რამდენად აკმაყოფილებენ საბავშვო ბაღები ავტორიზაციის სტანდარტებს. ამის შემდეგ, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებიდან არგუმენტირებულ პასუხს მოითხოვენ. საბოლოო გადაწყვეტილება ავტორიზაციის საბჭომ უნდა მიიღოს.

2030 წლამდე საქართველოში მოქმედმა სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებამ ავტორიზაცია უნდა გაიაროს.

ფოტოზე: ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღი