წუხელ გვიან ღამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან – ღვერკიდან და ხემაღალიდან მეწყერსაშიში ზონა სამმა ოჯახმა დატოვა.

ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი კახა კვინიკაძე ამბობს, რომ ამ ოჯახებმა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს.

„წვიმიანი ამინდების გამო ოჯახები შეშინდნენ და ავარიული სახლების დატოვება გადაწყვიტეს, – ამბობს კახა კვინიკაძე, – საკუთარი საცხოვრებელი სახლი ღვერკიდან ორმა, ხოლო ხემაღალიდან ერთმა ოჯახმა დატოვა. ერთი ოჯახი იქვე, ღვერკში უსაფრთხო ადგილზე გადავიდა, მეორე ოჯახი – ხარაგაულში, მესამე – ზესტაფონში“, – ამბობს ლაშის დმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი კახა კვინიკაძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ სტიქიური ზონიდან განსახლებულ პირებს ფინანსურად ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ეხმარებიან, ასევე ურიცხავენ ბინის ქირას.

მეწყერული პროცესები ხემაღალსა და ღვერკში 27 ივნისიდან გააქტიურდა. ადგილზე ერთი კვირაა, მეწყერის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გეოლოგები მუშაობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ სოფლებში მიწაზე ნაპრალები ყოველდღიურად მატულობს.

მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ცენტრალური საავტომობილო გზები. საცხოვრებელი სახლები გასულ დღეებში ათმა ოჯახმა დატოვა. კიდევ შვიდი სახლი ისეა დაზიანებული, რომ იქ ცხოვრება აღარ შეიძლება.