საქართველოში ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. განსაკუთრებით რთულია ონლაინ სივრცეში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის გამოვლენა. ამის უმთავრესი მიზეზი მოძალადის მიერ მოზარდისთვის ჩაგონებული შიშისა და სირცხვილის განცდაა.

ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა განმარტავს, რომ სექსუალური ძალადობა მდუმარე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.

მოძალადე მსხვერპლ ბავშვს აშინებს, რომ თუ ხმას ამოიღებს, მოუკლავს საყვარელ ადამიანს, ან ეუბნება, რომ პატარაა და მას მაინც არავინ დაუჯერებს, – ამბობს მაია ცირამუა, – მოძალადისგან გავრცელებული ქცევაა ბავშვის დადანაშაულება, რომ „ჩვენ ამას ერთად ვაკეთებთ“. ამ ქმედებით მოძალადე ცდილობს, ბავშვი „თანამონაწილედ“ გახადოს, რითაც თავს იზღვევს დანაშაულის გამჟღავნებისგან.

შესაძლოა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა ეს შიშები მთელი ცხოვრება ვერ დაძლიოს. ამჟამად ვმუშაობ 32 წლის ქალთან, რომელიც 3-4 წლის ასაკიდან იყო გარყვნილი ქმედების მსხვერპლი, მამინაცვლის მხრიდან. ის მოძალადე საზოგადოებაში „საშიშ ადამიანად“ არ ითვლებოდა.

ეს ამბავი რომ გაცხადდა, ამ კაცის გარემოცვა ფეხზე დადგა, რას კადრებთ ამ ადამიანსო. ამ დროს მხვერპლ ქალს უმძიმესი დღეები აქვს გავლილი. მან არ იცოდა, როგორ მიენიშნებინა და ეთქვა თავისი პრობლემა უფროსებისთვის. თუმცა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამის ნიშნებს იძლეოდა. ბავშვი, რომელსაც აქვს პრობლემა, თავისი ქცევით ამაზე მიგვანიშნებს. ამ ქალის შემთხვევაში იყო მძიმე დეპრესია და 11 წლის ასაკში ის სრულიად გაჭაღარავდა. სამწუხაროდ, ეს ნიშნები საეჭვოდ არავინ მიიჩნია.

ბავშვობაში განცდილი ტრავმა ცხოვრებაში სხვადასხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის სახით ვლინდება – ადამიანს ზრდასრულობაშიც კი აქვს სოციალური შფოთვა, სტრესი, დეპრესია, საკუთარი ან სხვების დაზიანების ქცევის რისკები, ხელი ეშლება განვითარებაში“.

 

როგორ ამოვიცნოთ სექსუალურად მოძალადე პირები

მოძალადეები სამ ჯგუფად იყოფიან:

მანიპულატორები, რომლებიც ბავშვთან ახლო კონტაქტის დამყარებას და მასზე ზრუნვას ცდილობენ. მშობელი ვერ ხვდება, რას ემსახურება ამ ადამიანის ასეთი თავგადაკლული ქცევა ბავშვთან მიმართებაში. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით იმ ადამიანებთან, რომლებსაც, მაგალითად, არანაირად არ ევალებათ თქვენი შვილის გასეირნება, სკოლაში წაყვანა, დასაჩუქრება და სხვ.

პრეფერენციული ანუ უპირატესობის მქონე პირები – ისინი ბავშვებს თავს ესხმიან სკოლის გარეთ, გაიტყუებენ სკოლის ტერიტორიიდან, სათამაშო მოედნიდან. იყო შემთხვევა, რომ ასეთი პირი წიგნებს ყიდდა და სკოლის ტერიტორიაზე შევიდა, გაიტყუა ბავშვი სკოლიდან – აი, აქვე ლეკვია, კვდება, წამოდი დავეხმაროთო. ამიტომ არის აუცილებელი, რომ ბავშვებს ვასწავლოთ ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური უნარი – „არას“ თქმა. ასეთ სიტუაციაში ბავშვის ეს უნარი – თქვას არა – გადარჩენის ტოლფასია.

სადისტები – ისინი თავს ესხმიან მსხვერპლს, აუპატიურებენ და მერე კლავენ. მათი პროცენტული რაოდენობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ ასეთი ადამიანები არსებობენ.

 

მითები და რეალობა

1) ერთ-ერთი გავრცელებული მითია, რომ თითქოს სექსუალურად მოძალადე უცხო ადამიანია. რეალობა – სტატისტიკურად 75%-დან 90%-მდე შემთხვევაში ბავშვზე სექსუალურად მოძალადე ადამიანი არის მისი ახლობელი. ამიტომაც ხშირად ბავშვებს უჭირთ ილაპარაკონ იმ ახლობელ ადამიანზე, ნათესავზე, მეზობელზე.

2) არის ასეთი მითიც, რომ თითქოს მოზარდები არიან  მეტწილად სექსუალური ძალადობის მსხვერპლები.

რეალობა – სტატისტიკურად პედოფილები ძალადობენ 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რადგან ეს არის ყველაზე მეტად დაუცველი ჯგუფი. ამ ასაკის ბავშვებზე მანიპულაცია და მათი დაყოლიება ადვილია.

3) მითია ისიც, რომ თითქოს ბავშვს აზიანებს მხოლოდ სქესობრივი აქტი.

რეალობა – ბავშვები ზიანს იღებენ მისი ასაკისთვის შეუსაბამო ნებისმიერი ქცევისგან, რომელიც უფროსმა ადამიანმა შეიძლება მის მიმართ განახორციელოს.

4) მითი – ბავშვები ტყუიან იმის შესახებ, რომ მათ მიმართ ხორციელდება სექსუალური ძალადობა;

რეალობა – ბავშვები იშვიათად ტყუიან იმის შესახებ, რომ მათ მიმართ ხორციელდება ძალადობა.  უფრო პირიქით, მათ შეიძლება დამალონ, რადგან: ასე ჩააგონა მოძალადემ; ეშინიათ მოძალადის და შიშობენ, რომ მათ ვერ გაუგებენ ან დაადანაშაულებენ უფროსები.

თუ ბავშვი ლაპარაკობს სექსუალურ ძალადობაზე,  გარყვნილ ქმედებაზე, ვერ მოიტყუება იმიტომ, რომ მას ასაკობრივად ამის შესახებ ცოდნა არ გააჩნია და არც უნდა გააჩნდეს. ის არ არის ამისთვის მზად და თუ ბავშვი რაღაცას ყვება, ყოველთვის არის საყურადღებო. უნდა ვეცადოთ, ძალიან ფაქიზად გავარკვიოთ, რა გადახდა თავს.

5) მითი – ბავშვები თვითონ აცდუნებენ ზრდასრულებს;

რეალობა – ბავშვებს, ისევე როგორც ყველა სხვა ცოცხალ არსებას, აქვთ სექსუალური განცდები, მაგრამ მათ ჯერ არ აქვთ ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ უფროსი ადამიანები „აცდუნონ“.

 

რა არის ონლაინ სექსუალური ძალადობა

ონლაინ სექსუალური ძალადობა მოიცავს არასასურველ ან შეუსაბამო სექსუალურ შეთავაზებებს,  ინტიმური სურათების თანხმობის გარეშე გაზიარებას და დამაზიანებელი სექსუალური ქცევის სხვა ფორმებს, რომლებიც განხორციელებულია ონლაინ რეჟიმში.

ბავშვები უმეტეს დროს ონლაინ სივრცეში ატარებენ. ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა განმარტავს: „ყველაზე დიდი საფრთხე ზუსტად აქ არის ჩაბუდებული. საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფეისბუქზე, სადაც გაწევრიანება 16 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის ოფიციალურად არ შეიძლება, 7, 8, 9 წლის ბავშვები რეგისტრირდებიან. ვინ აწევრიანებს? რა თქმა უნდა, მშობელი და ამით შვილს ძალიან დიდი რისკის წინაშე აყენებს.

ამავე კვლევის თანხმად, მშობლები არ ინტერესდებიან, თუ რას ნახულობენ მათი შვილები ონლაინ სივრცეში. მშობლებს არ აქვთ ამის სათანადო უნარები. ეს ზრდის რისკებს, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ონლაინ ძალადობის მსხვერპლი“.

 

რა ტიპის ძალადობას აწყდება ბავშვი ონლაინ სივრცეში

პირველი ესაა შანტაჟი და ონლაინ-გრუმინგი. მოზარდს სოციალურ ქსელში უახლოვდება თითქოს მისი თანატოლი ადამიანი, შესაძლებელია ყალბი პროფილით და სწავლობს მის შესახებ ინფორმაციას. მშობლებსაც და ბავშვებსაც დიდი ყურადღება გვჭირდება, როცა ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელში ფოტოებს სასწავლებელი და დასასვენებელი ადგილებიდან; რა გვიყვარს, რა მოგვწონს, სად დავდივართ ყველაზე ხშირად. ეს ცუდად დაინტერესებული პირისთვის არის კარგი მასალა საიმისოდ, რომ იცოდეს, როგორ შევიდეს ბავშვთან კონტაქტში.

ეს „დაახლოებული“ ადამიანი მოზარდს ჯერ ინტიმური ფოტოს გადაღებას სთხოვს, შემდეგ კი იმ ფოტოს გამოქვეყნებით ემუქრება, თუკი მოზარდი მას სხვა ფოტოებსაც არ გაუგზავნის.

კიბერადევნება – ვიღაც მუდმივად უგზავნის მოზარდს უცენზურო, სექსუალური შინაარსის შეტყობინებებს, მიუხედავად მითითებებისა, რომ შეწყვიტოს ეს.

 

როგორ დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში მოძალადეებისგან

„ნუ შეხვალ ინტერნეტში და უფრო დაცული იქნები“, – არის ასეთი მოსაზრებაც და ხშირად მშობლები ამ სტრატეგიას იყენებენ – ბავშვებს ინტერნეტს უთიშავენ. ეს კიდევ უფრო უარეს შედეგებს იწვევს. გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ ბავშვებს ვასწავლოთ ამ სივრცეში ნავიგაცია; გამოსავალი არის მედიაწიგნიერებაში, ინფორმაციის მიწოდებაში, რომ მათ ამოიცნონ მოძალადე.

პირველ რიგში, მშობლებმა ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ თუ ვინმე აშანტაჟებს, ინტიმური სახის ფოტოების გაგზავნას სთხოვს, არ დაგვიმალონ და ყველაფერი გვითხრან.

ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ არასოდეს არ დაუახლოვდნენ უცნობ ადამიანს, არ გახსნან უცხო პირისგან მოსული შეტყობინებები, არავითარ შემთხვევაში არ გასცენ თავიანთი პირადი ინფორმაცია. მოზარდებმა მოძალადესთან მიმოწერის ე.წ. „სქრინები“ უნდა შეინახონ.

კანონით მშობლებს აქვთ უფლება, აკონტროლონ შვილების აქტივობა სოციალურ ქსელებში – რომელ საიტებზე შედიან, რას უყურებენ და რომელ პროგრამებს იყენებენ. მშობელს აქვს უფლება, გარკვეული საიტები დაბლოკოს. უფლება კი არა, ეს მშობლის ვალდებულებაა.

– არ დათანხმდეთ  ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას თქვენი მშობლების თანხმობის გარეშე;

– არ უპასუხოთ ისეთ მესიჯებს, კომენტარებს, რომლებიც თავს უხერხულად გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, აგაფორიაქებთ.
– გახსოვდეთ, რომ 16 წლამდე მიუღწეველ პირთან ნებისმიერი სექსუალური ურთიერთობა, ეს იქნება ონლაინ სივრცეში, ეს იქნება ფლირტი, თუ სხვა ფორმა, ზრდასრული პირის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 16 წლამდე პირის შემთხვევაში არ ისმება კითხვა, – ეს ბავშვის ნებით მოხდა თუ არა. აი, ამაში ძალიან ხშირად ცდება საზოგადოება.

15 წლის გოგონას ზრდასრული მამაკაცი ონლაინ სივრცეში გაეცნო. პაემანზე მისული გოგო მამაკაცმა დააჯერა, ჩემი საცოლე ხარო და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ამ გოგოს ოჯახმა ეს ამბავი გაიგო და გოგონა დაადანაშაულა. მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

ონლაინ სექსუალური ძალადობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველს. ამისთვის განცხადებას წერთ სახალხო დამცველის აპარატის ცენტრალურ ან რეგიონულ ოფისებში;

ინფორმაციის მიწოდება ასევე შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტის info@pdo.ge მეშვეობით, ცხელ ხაზზე 1481 დარეკვით, რომელიც 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.

უფროსები – მშობლები და მასწავლებლები – ყოველთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით, თუ ბავშვს რადიკალური ცვლილებები დაეწყო. აუცილებელია ბავშვს მოვუსმინოთ, მასთან ღია, ჯანსაღი ურთიერთობა დავამყაროთ. გვახსოვდეს, რომ როგორიც უნდა მოვიდეს შვილი ჩვენთან – წარმატებული, დამარცხებული, დამცირებული, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მის მოსასმენად და დასახმარებლად, – ამბობს მაია ცირამუა.

ეს სტატია მომზადებულია „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე –ონლაინსექსუალური ძალადობისგან დაღწევის მეთოდები და შესაძლებლობები – მიღებული ინფორმაციის მიხედვით. ამ თემებზე ხარაგაულელ პედაგოგებს, მოზარდობის ასაკის ბავშვების მშობლებსა და მოზარდებს კლინიკური ფსიქოლოგი მაია ცირამუა ესაუბრა. ტრენინგზე გამოიკვეთა სკოლებში სქესობრივი განათლების სწავლების საკითხი.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა განმარტავს, რომ ბავშვის სქესობრივი განათლება სამი წლის ასაკიდან უნდა დავიწყოთ:

– სამი წლის ბავშვმა, რომელიც ბაღში, მეზობელთან ან ეზოში სათამაშოდ მიდის, უკვე უნდა იცოდეს, რა არის ცუდი შეხება, რომ მას აქვს სხეულზე ინტიმური ადგილები, რომლებსაც საცვლებით ვიფარავთ. იქ შეხების უფლება არავის არ აქვს, გარდა მშობლისა, როდესაც ჰიგიენურ პროცედურას გვიტარებს და შეიძლება ეს უფლება ჰქონდეს ექიმს. ბავშვს უნდა ვუთხრათ, თუკი ვინმე მის ინტიმურ ადგილებს შეეხება, ეს მისი ბრალი არ არის და ამის შესახებ აუცილებლად უნდა გითხრათ. ბავშვმა უნდა იცოდეს შეხების ფორმებიც, – რა არის სახიფათო და უხიფათო შეხება. კბენა, ჩქმეტა, მოფერება ინტიმურ ადგილებზე – ეს არის სახიფათო შეხება.

ასევე ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ არსებობს „კარგი“ და „ცუდი“ საიდუმლო. ჩვენ რომ გვინდა, მამას სიურპრიზი გავუკეთოთ, ეს არის კარგი საიდუმლო, მაგრამ თუ ვიღაც შენს თვალწინ რაიმეს იპარავს, რამეს აშავებს, ან ინტიმურ ადგილას გეხება და გეუბნება, რომ ეს იყოს „ჩვენი საიდუმლო“, – ეს ცუდი საიდუმლოა.

სკოლას რაც შეეხება, აუცილებლად უნდა იცოდეს ბავშვმა, რა ელოდება მოზარდობის ასაკში, მის სხეულში რა ცვლილებები ხდება. ასევე  აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი ტოქსიკური ურთიერთობებისგან, როგორ არ აღმოჩნდეს სექსუალურად მოძალადისგან ადევნების მსხვერპლი.

სკოლებში ახლა ჰყავთ სოციალური მუშაკები, ექიმები, რომლებსაც ერთობლივი საგანმანათლებლო შეხვედრების მოწყობა შეუძლიათ. თუმცა, ამის პროგრამა უნდა არსებობდეს იმიტომ, რომ  ჩვენ ყველა ასაკში ერთ ენაზე ვერ დაველაპარაკებით ბავშვებს. რატომღაც მიაჩნიათ, რომ ეს არის „ბავშვების გარყვნა“. გარყვნა კი არა, ეს არის ბავშვების დაცვა, სახიფათო და საშიში მდგომარეობებისგან. ჩვენ გვგონია, რომ მოზარდები კარგად ერკვევიან ონლაინ სივრცეებში და ჩვენზე მეტი იციან. არა, არ იციან იმ ხიფათების შესახებ და არც აქვთ ნაფიქრი.

ძალიან კარგი იქნება, ამ კუთხით სამოქალაქო განათლების პედაგოგების გადამზადება.

მოამზადა
ნინო კაპანაძემ

ეს სტატია მომზადებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, „ჩემი იმერეთის“ პროექტის „ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა ზემო იმერეთში“ ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების მასალებზე.

ამ ტრენინგების ამსახველი ფოტოები იხილეთ სოციალურ ქსელში:
ტრენინგი მოსწავლეებისთვის
ტრენინგი მასწავლებლებისთვის

ამავე თემაზე

ბულინგი სკოლაში – არავის აქვს უფლება, თანატოლს ღირსება შეულახოს