
11 ივნისს,ქართული ქორეოგრაფიის დღეს, ხარაგაულში ქორეოგრაფიული ფესტივალი „კიდევაც დაიზრდებიან“ გაიმართა. ამ ფესტივალის ორგანიზატორია ანსამბლი „უბისი“ და მისი ხელმძღვანელები – ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები.
ეს ფესტივალი პირველად 2011 წელს ჩატარდა. 2019-2024 წლებში, ჯერ კორონავირუსის პანდემიისა და შემდეგ სხვა ხელშემშლელი მიზეზების გამო, ფესტივალის ორგანიზება ვეღარ მოხეხრდა. წელს ეს ფესტივალი მეცხრედ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობდა ათი ქორეოგრაფიული ანსამბლი: დაბა ხარაგაულში მოქმედი „უბისი“ და „მთიელი“, ლეღვანის, მარელისის, ბორის, ბორითის, ვერტყვიჭალის, ხევისა და ღორეშის სკოლებში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები. ფესტივალში ჩაერთო ქორეოგრაფიული ანსამბლი „იფანი“ ზესტაფონიდან.
რა შედეგი მოაქვს ქორეოგრაფიულ ფესტივალს, – ამ შეკითხვით ანსამბლების ხელმძღვანელებს, მოცეკვავესა და ფესტივალის ორგანიზატორს მივმართეთ.
ფესტივალის ორგანიზატორი და ანსამბლ „უბისის“ ხელმძღვანელი ზაზა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ფესტივალი ქართული ცეკვის პოპულარიზაციისა და მომავალი თაობის ფოლკლორისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით ტარდება. სამომავლოდ ის გეგმავს, რომ ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდეს და სხვა მუნიციპალიტეტების ქორეოგრაფიული ანსამბლები მოიწვიოს.
ანსამბლ „მთიელის“ ხელმძღვანელი რომან ბუაჩიძე ამბობს, რომ ყველა კონცერტი თუ ფესტივალი ახალი გამოცდილებაა ქორეოგრაფისა და მოცეკვავეებისთვის. ახალგაზრდები ერთმანეთს უმეგობრდებიან, ცეკვის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იუმჯობესებენ.
ლეღვანში, მარელისისა და ბორის სკოლებში ცეკვას ქორეოგრაფი ნინო ცხოვრებაძე ასწავლის. სამივე სკოლაში მოქმედ ანსამბლებს სახელი „ქარგა“ დაარქვეს. ნინო ცხოვრებაძე ამბობს, რომ ასეთი ფესტივალები ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას. ხარაგაულის სცენაზე წარდგომა კი მისთვის და „ქარგას“ მოცეკვავეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.
ბორითის, ვერტყვიჭალისა და ხევის სკოლებში მოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს „იმედი“ ქორეოგრაფები ანდრო ტაბატაძე და სოფიო სხილაძე ხელმძღვანალობენ.
„ქართული ტრადიციებისადმი სიყვარულის გაძლიერების, მოსწავლეების ნიჭის წარმოჩენისთვის ეს ქორეოგრაფიული ფესტივალი საუკეთესო შესაძლებლობაა, – ამბობს ანდრო ტაბატაძე, – მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი ქართული ქორეოგრაფიის დღეს იმართება და უკვე ტრადიციად დამკვიდრდა“.
ღორეშის საჯარო სკოლაში ანსამბლ „მწვერვალს“ ქორეოგრაფი მამუკა გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობს.
„მოხარული ვარ, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი ისევ რომ ტარდება, – ამბობს მამუკა გაჩეჩილაძე, ღორეშის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის „მწვერვალი“ ხელმძღვანელი, – ქართულ ცეკვაში გადმოცემულია ჩვენი ქვეყნის ბრძოლისა და გამარჯვების ისტორია, თვითმყოფადობა, სულიერება.
ქართული ცეკვა საქართველოს სავიზიტო ბარათია. ამიტომ ამ ფესტივალს ხელისუფლებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ვისურვებდი, რომ მომავალ წელს ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც ჩაერთონ. ფესტივალი „კიდევაც დაიზრდებიან“ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს და განვითარდეს“.
ანსამბლ „უბისის“ მოცეკვავე ლიზი კურტანიძე მადლობას უხდის ფესტივალის იდეის ავტორს და ყველა მონაწილე ანსამბლს. „თითოეული ქორეოგრაფისა და მოცეკვავისთვის ცეკვა დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული, – ამბობს ლიზი, – მგონია, რომ ფესტივალზე დამსწრე საზოგადოება ძალიან გავაბედნიერეთ“.
ფესტივალში „კიდევაც დაიზრდებიან“ 300-ზე მეტი მოცეკვავე მონაწილეობდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანსამბლების ხელმძღვანელები დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.
ამავე თემაზე
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რეგიონული ინიციატივების
120 წლის წინ, 1905 წელს, ბორითში ორკლასიანი სასწავლებელი
პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მიმართ
ზაფხულის დადგომასთან ერთად თავს იჩენს