ხარაგაულში 22 ივნისს ტრადიციული ქორეოგრაფიული ფესტივალი „კიდევაც დაიზრდებიან“ გაიმართა.

ფესტივალის ორგანიზატორის, ანსამბლ „უბისის“ ქორეოგრაფის, ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ფესტივალის მიზანი ქართული ცეკვის პოპულარიზაცია და მომავალი თაობისთვის ტრადიციების შენარჩუნებაა.

ფესტივალი წელს მერვედ ჩატარდა. მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში მოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად ფესტივალში ბაღდათის, ზესტაფონისა და ხაშურის ქორეოგრაფიული ანსამბლები ჩაერთვნენ.

ხაშურის მუნციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლასთან არსებული ანსამბლის ქორეოგრაფი ომარი ბარბაქაძე ამბობს, რომ ფესტივალი მაღალ დონეზეა ორგანიზებული, – ისე, როგორც ქართულ ხალხურ ცეკვას ეკადრება.

ზესტაფონის სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ძმები“ ფესტივალში წელს პირველად ჩაერთო. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი ზაზა შალამბერიძე დარწმუნებულია, რომ ასეთი ფესტივალები არა მარტო იმერეთში, არამედ მთელ ქვეყანში ქართული ფოლკლორის, ქართული ხალხური ცეკვების პოპულარიზაციის ხელშემწყობია.

„ფესტივალი ძალიან კარგი საშუალებაა მუნიციპალიტეტების დამეგობრებისა და შემდგომი თანამშრომლობისთვის, – ამბობს ზაზა შალამბერიძე, – მჯერა, ფესტივალი „კიდევაც დაიზრდებიან“ მეტ ავტორიტეტს მოიხვეჭს. მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს და მოსწავლე-ახალგაზრდობას, რომლებსაც უყვართ ქართული ცეკვა.“

ბაღდათისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებს შორის მეგობრობის განმტკიცების შესაძლებლობად მიიჩნევს ბაღდათის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლის ხელმძღვანელ გოჩა შველიძისთვის ხარაგაულში გამართული ფესტივალი.

ბორითის, ვაშლევის, ხევისა და ხუნევის ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელი ანდრო ტაბატაძე მიიჩნევს, რომ ფესტივალი, პირველ რიგში, მოცეკვავეთა განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.

„ახალგაზრდები ერთმანეთს ეცნობიან და უმეგობრდებიან, – ამბობს ანსამბლ „საუნჯეს“ ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე, – ფესტივალი გარკვეულწილად პრაქტიკაა მოცეკვავეებისთვის. ერთმანეთის ხარვეზებსა და კარგ მხარეებს უკეთ შეხედავენ.“

ბორითის ანსამბლის წევრი ელენე გორგაძე ამბობს, რომ ცეკვა ძალიან უყვარს, – განსაკუთრებით მთიულური. ელენე მოხარულია ფესტივალში მონაწილეობით და კარგი კონცერტის ნახვით.

„საუნჯეს“ წევრი ლევან ავალიშვილი თვლის, რომ ფესტივალზე გამოცდილებას იძენს, როგორც მოცეკვავე იზრდება და ძლიერდება.

ფესტივალში მონაწილე ყველა ანსამბლი ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ბაღდათის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი დააჯილდოვა, ხარაგაულის კულტურის სამსახურმა კი – ფესტივალის ორგანიზატორები.

ამავე თემაზე

ფესტივალი, რომელიც იზრდება

ფესტივალი ხელს უწყობს ტრადიციების გაგრძელებას