კლიმატის ცვლილებები, მიმდინარე გამოწვევები და საზოგადოების როლი კლიმატის ცვლილების შერბილების საქმეში – ამ საკითხებზე რეგიონული ინიციატივების ცენტრმა „ნათელი მომავალი“ (დირექტორი მარიკა ვაჭარაძე) ხარაგაულში ტრენინგი ჩაატარა.

ეს ტრენინგი პროექტის ფარგლებში – „ენერგოეფექტური ქმედებების  პოპულარიზაცია მოსახლეობის ინფორმირებულობის გზით“ გაიმართა.  ამ პროექტის დონორია „ქალთა ფონდი საქართველოში“.

შეხვედრაში, რომელიც „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ჩატარდა, ქალები მონაწილეობდნენ. ქალს შეუძლია უმთავრესი როლი შეასრულოს კლიმატის ცვლილების შესარბილებლად, გონივრული ენერგოეფექტური ღონისძიებების დასაგეგმად, რადგან მნიშვნელოვანი როლი აქვს საოჯახო ეკონომიკის წარმართვაში.

ტრენერი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესორი ციცინო თურქაძე კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებზე გვესაუბრა. ეს მიზეზებია:

  • მოსახლეობის რაოდენობის ზრდა;
  • რესურსების უყაირათოდ გამოყენება;
  • სიღარიბე;
  • გარემოს გაუარესებით გამოწვეული დანახარჯების აუსახველობა საქონლისა და მომსახურების საბაზრო ფასებში;
  • ცოდნის ნაკლებობა გარემოში მიმდინარე პროცესებზე.

„საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის ზრდა არ აღინიშნება. თუმცა, ეს საკითხი გლობალურია, – ამბობს ციცინო თურქაძე, – ისეთ რესურსებს კი, როგორიცაა ქვანახშირი, ნავთობი, გაზი, ხე-ტყე, – ყველა უყაირათოდ მოვიხმართ. სიღარიბის დროს, მთავარია, თავი გადავირჩინოთ და არ ვინტერესდებით, რა ემართება გარემოს.

პრობლემების დაძლევის გასაღები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაშია.

გარემოს მთავარი დამაბინძურებელი ნახშირბადის გლობალური წრებრუნვაა. ეს დედამიწაზე არსებულ წონასწორობას არღვევს. ბუნება ყველაფერს გარდაქმნის. თუმცა, დედამიწის რესურსი თანდათან იწურება და შეიძლება ითქვას, რომ ერთი კი არა, 1,8 დედამიწა გვჭირდება.

ინდუსტრიალიზაცია და ომები ნახშირბადის დიდი რაოდენობით ბრუნვას ხელს უწყობს. ეს კი გლობალურ დათბობას იწვევს. გლობალური დათბობა ამცირებს თოვლის საფარს და სხვადასხვა სტიქიებს განაპირობებს. ტემპერატურის მატება განსაკუთრებით ქალაქებში იგრძნობა, სადაც ურბანიზაცია არასწორად ვითარდება და მოსახლეობაც მეტია.

საქართველოს რაც შეეხება, თუ ტემპერატურა მოიმატებს, მაგალითად, დედოფლისწყაროს გაუდაბნოება ემუქრება. ტემპერატურა მოიმატებს დასავლეთ საქართველოში იმერეთიდან საჩხერეში, აჭარის სანაპირო ზოლში, ამბროლაურსა და მესტიაში.  დედამიწაზე ტემპერატურის მატება ეკვატორულ სარტყელს გააფართოებს და შესაბამისად, ტროპიკული და სუბტროპიკული სარტყელებიც შეიცვლება.

ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტები მაღალმთიანია. ამიტომ საშუალო ტემპერატურის მატება და დედამიწის სარტყელების ცვლილება იქ სითბოს მეტად დაგროვებას გამოიწვევს, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტებში.

საშუალო წლიური ტემპერატურის მატება წყლის რესურსების მკვეთრ შემცირებას და ტყის ხანძრების რისკს გაზრდის.

ტემპერატურის მატებასთან პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობის გაუარესება. ამ დროს მატულობს მწერებისგან, წყლისგან და ჰაერისგან გადამდები დაავადებების რისკი.

გამოსავლის მოძებნა რთულია, თუმცა – არა შეუძლებელი. მდგრადი განვითარების მე-13 მიზანი კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებს ითვალისწინებს. თითოეული ადამიანისგან პრევენცია და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

გლობალური დათბობის შესახებ 2015 წლის პარიზის შეთანხმებაში ნათქვამია, რომ 2100 წლისთვის ტემპერატურის მატება 1,5-2 გრადუს ცელსიუსზე მეტად არ უნდა დავუშვათ. ამისთვის დიდმა სახელმწიფოებმა ინდუსტრიაში ფული უნდა დახარჯონ, ტექნოლოგიები უნდა გარდაქმნან ისე, რომ გარემო ნაკლებად დააბინძურონ.

ყოველდღიურ ცხოვრებაში შემდეგი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ: 

ავაშენოთ ენერგოეფექტური შენობები. ამას კანონი გვავალდებულებს, – ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველა ახალი შენობა, რომელსაც ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში ააშენებს, ენერგოეფექტური მასალებით ააგოს, ხოლო არსებულიც ასეთივე მასალებით გაარემონტოს. ეს 2026 წლიდან ოჯახების ვალდებულებაც გახდება.

უმჯობესია ოჯახებში გვქონდეს ტექნიკა, რომელსაც ნაკლები ელექტროენერგია სჭირდება; მაგალითად, ვარვარების ნათურის ნაცვლად, ლედნათურები უნდა გამოვიყენოთ. თავიდან ეს ძვირი დაგვიჯდება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ვიგრძნობთ, რომ ჩვენი გადასახადები საგრძნობლად შემცირდება.

– კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაზე როცა ვსაუბრობთ, განახლებადი ენერგიის – მზის პანელების გამოყენება საუკეთესო შესაძლებლობაა. ეს სერიოზული გამოწვევაა. გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში მზის პანელებს, წლებია, იყენებენ. მათი გამოცდილება უნდა გავიზიაროთ.

განვითარებულ ქვეყნებში ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებს იღებენ – ასფალტისა და ბეტონის ნაცვლად აგებენ ქვაფენილს, სახლების სახურავზე – მწვანე საფარს, ქალაქებში ჭაობებს ხელოვნურად ქმნიან, რომ წყლის დიდმა ნაკადმა დასახლებული პუნქტები არ დააზიანოს.

ამ ყველაფრისთვის თუ ხელისუფლება არ არის მზად, ჩვენ, საზოგადოებამ, განსაკუთრებით ქალებმა, ერთმანეთის თანადგომით, ინფორმაციის გადაცემით, სამუშაო ადგილებზე ქცევის შეცვლით, ლედნათურების გამოყენებით და ა.შ. კლიმატგონივრული გარემოს შესაქმნელად უნდა ვიზრუნოთ“.

თანამედროვე ტექნოლოგიებს არასამთავრობო ორგანიზაციები პატარ-პატარა პროექტებით ნერგავენ. ამის მაგალითი ბევრია. მათ შორის, ხარაგაულში, – ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ (დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ხუთ საბავშვო ბაღსა და სათნოების სახლში მზის პანელები დაამონტაჟა.

ამ საბავშვო ბაღებში, ერთი წლის განმავლობაში, მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯიდან 8 ათასი ლარი დაიზოგა, ხოლო „სათნოების სახლის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური მთლიანად მზის პანელის მიერ გამომუშავებული ენერგიით იფარება.

ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში რეგიონული ინიციატივების ცენტრმა „ნათელი მომავალი“ (დირექტორი მარიკა ვაჭარაძე) ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში მზის პანელები დაამონტაჟა. ასეთი პროექტები იმიტომ არის საჭირო, რომ სახელმწიფო ყველაფერს ვერ მოიცავს.

მოსახლეობისთვის და იმ საწარმოებისთვის, რომლებიც მზის პანელებით მიღებულ ელექტროენერგიას მოიხმარენ, სტიმულია ის, რომ ჭარბად გამომუშავებელი ელექტროენერგიის გაყიდვა შეუძლიათ.

გამოწვევაა, რომ საქართველოში არაერთ მუნიციპალიტეტს კლიმატის ცვლილებისა და ადაპტაციიის გეგმები არ შეუმუშავებიათ და გარემოს დაცვის სპეციალისტები არ ჰყავთ.

საიმედოა ის, რომ მომავალი თაობა უფრო მეტ ყურადღებას იჩენს ენერგიის დაზოგვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.

ნინო კაპანაძე

ფოტორეპორტაჟი სოციალურ ქსელში

 

ამავე თემაზე თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
გარემოს დაცვის კუთხით მოსახლეობას მეტი აქტიურობა გვმართებს – მანანა ტაბაშიძე

კლიმატის ცვლილებამ მოსავლიანობა შეამცირა – ზაფხული ზაფხულს აღარ ჰგავს და შემოდგომა – შემოდგომას