მოსახლეობის წყლით მომარაგება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჯერჯერობით, ისევ გადაუჭრელი პრობლემაა. ხარაგაულის თითქმის ყველა სოფელში მოსახლეობის ნაწილს გვიანი გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე, ზოგან კი დეკემბერშიც წყალი არ მიეწოდება.

 

„წყლიანი ვედროების თრევამ წელში გამწყვიტა“

საქარიქედზე მცხოვრები მერაბ შავიძის ოჯახი, 15 წელია, უწყლობით იტანჯება. მერაბ შავიძე ამბობს, რომ მის სახლში ონკანიდან წყალი მაისიდან დეკემბრის ბოლომდე საერთოდ არ მოდის.

„ყველაფერში წყალი გვჭირდება და თვეობით არ გვაქვს, – ამბობს მერაბ შავიძის მეუღლე ნანი შავიძე, – ჩემი სახლიდან 500 მეტრის დაშორებითაა წყარო, საიდანაც წყალს ვეზიდებით. წყლიანი ვედროების თრევამ წელში გამწყვიტა. დაბანა, გარეცხვა, დასუფთავება, – ეს ხომ აუცილებელია. აღარ ვიცი, დღეში წყაროზე რამდენჯერ გავდივარ. ჩემი მეზობლების ნაწილს ჭა აქვს ეზოში. ყველა ძალიან ვწვალობთ. ამ უბანში 13 ოჯახი ვცხოვრობთ. ახლა ექვსი ოჯახი ვართ ადგილზე“.

„ჩემმა ბიძაშვილმა შარშან ზაფხულში სახლის მშენებლობა დაიწყო და უწყლობის გამო თავი დაანება,“ – იხსენებს მერაბ შავიძე, – ათი წლის წინ სოფელში ჭაბურღილი გაკეთდა, მაგრამ არ ივარგა. წყალი არ არის საკმარისი. ჭაბურღილიდან წყლის განაწილებას ცოდნა უნდა. ამ ჭაბურღილიდან მიეწოდება წყალი იგორეთს და გაღმა საქარიქედს.

ჩვენი უბანი ლაშის იგორეთს ესაზღვრება. აქ არც გზა გვაქვს და არც წყალი, ხარაგაულის ყველა სოფელში გზები დაიგო, ჩვენი უბნის გარდა. წყლის ხარისხს ვინ ჩივის, დასალევი წყალი არ გვაქვს. წყლის ხარისხი არც არავის შეუმოწმებია. წვიმიან ამინდში ყავისფერი შეფერილობის წყალი მოდის. წყალმომარაგების საკითხი ვისაც ესმის, ეს პრობლემა იმან უნდა მოაგვაროს. მხოლოდ ფულის გამოყოფა, მილების შეძენა და ჭაბურღილის გაჭრა პრობლემას ვერ აგვარებს“.

ლეღვანში კიბაბოურის უბანში მცხოვრებმა ლალი ვეფხვაძემ თავად იპოვა წყლის სათავე, შემდეგ მილები შეიძინა, ხელოსნები დაიქირავა და სახლამდე წყალი მიიყვანა.

„პრიმიტიულად მოვაწყვე წყლის სისტემა – ამბობს ლალი ვეფხვაძე, – რა მექნა, ყურადღება არავინ მომაქცია. სახლში 94 წლის მამა მყავს. სისუფთავე, დაბანა, დარეცხვა სისტემატურად გვჭირდება. ამ წყალს მხოლოდ ტექნიკური დანიშნულებით ვიყენებ, სასმელი წყალი მეზობლისგან მომაქვს. სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს და აუცილებელს – წყალს რომ გამოზოგვით დალევ, რაზე უნდა ვილაპარაკო?! წყლის მილებში ქვიშა და სილა გროვდება, ამიტომ სანამ სარეცხის მანქანას ჩავრთავ, ავდივარ და ვამოწმებ, წყალი ხომ მოედინება მილში და რეცხვას მერე ვიწყებ. ძალიან ვწვალობ. დავიღალე ამ პრობლემაზე საუბრით და იმედიც აღარ მაქვს, რომ რამე შეიცვლება“.

 

მუნიციპალიტეტს წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების გეგმა არ აქვს

დავინტერესდით, ხარაგაულის თვითმმართველობაში არის თუ არა შემუშავებული დოკუმენტი, სადაც აღწერილია წყალმომარაგების პრობლემა თითოეული სოფლის მიხედვით და საერთოდ, რა მიდგომა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას წყალმომარაგების პრობლემის გადასაჭრელად.

ხარაგაულის მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა, რომელიც ინფრასტრუქტურის საკითხებს კურირებს, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ტელეფონზე არ გვპასუხობს ასევე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პეტრე შარიქაძე.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი ამბობს, მუნიციპალიტეტს წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა არ აქვს. თუმცა, სოფლებში წყალზე თუ რაიმე პრობლემა წარმოიქმნა, მერის წარმომადგენლებს მოაქვთ წერილი და შემდეგ ხდება კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბესო კვირიკაშვილი ამბობს, რომ ხარაგაულში დღეს უწყლოდ არც ერთი ოჯახი არ არის. „უწყლოდ არავინ არ არის, მე ასე ვფიქრობ. არ მინახავს ადამიანი, წყალი რომ არ ჰქონდეს. შესაძლოა, ზოგჯერ წყლის დებეტი არასაკმარისია, ან წყლის მილები ფუჭდება. მერია ზოგს „შლანგით“ ეხმარება, ზოგს „ბასეინის“ შეძენით, ზოგანაც ჭაბურღილი კეთდება, სადაც რისი საშუალებაა, ადგილობრივი ხელისუფლება იმას აკეთებს“, – ამბობს ბესო კვირიკაშვილი.

წყალმომარაგების პრობლემაზე არაფერია ნათქვამი საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის გასული წლის ანგარიშში და მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიშში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში „წყლის სისტემების განვითარებისთვის“  200 000 ლარი განისაზღვრა. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია:

ამ პროგრამით კვლავ გაგრძელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამუშაოები, შესრულდება სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტები, ასევე გახშირებული სტიქიური მოვლენების გამო დაფინანსდება მდინარეებზე ნაპირსამაგრების მოწყობისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგების ხარჯები.

წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად თანხა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდანაც“ იხარჯება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2024 წელს ამ პროგრამის ფარგლებში 6 350 ლარის ავზებია შეძენილი და 17 668 ლარის მილები. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2024 წელს წყლის სისტემის განვითარებისთვის 78 800 ლარი დაიხარჯა; აქედან – 25 350 ლარი ავზების შესაძენად, 53 450 ლარი – მილების შესაძენად.

„სასმელი წყლის მიწოდების მდგომარეობა, წინა პერიოდებთან შედარებით, გაუმჯობესებულია, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, – პრობლემის შესახებ ინფორმაციას წარმომადგენლები გვაწვდიან, ან მოსახლეობა წერილობით მოგვმართავს. თითოეულ შემთხვევას ვსწავლობთ და უფლებამოსილების ფარგლებში ვრეაგირებთ. ჭაბურღილების სისტემამ ზოგ შემთხვევაში არ გაამართლა. გეოლოგიური დასკვნაც გვქონდა, რომ კონკრეტულ ადგილზე წყლის მარაგი არსებობდა, თუმცა, შემდეგ წყალი დაიკარგა. წელს ჭაბურღილების სისტემის მოწყობას მაქსიმალურად მოვერიდებით. სამი წელია, ქროლში ჭაბურღილი გამართულად მუშაობს, წყალაფორეთსა და საქარიქედზე არ გაამართლა.

წყლის დებეტის ნაკლებობა კლიმატურმა ცვლილებებმაც განაპირობა. სოფლებში მოსახლეობა უმეტესად წყლის ინდივიდუალურ სისტემას ამონტაჟებს – თუ წყლის რესურსი მოიძია, მერიას მილების შეძენას გვთხოვს.

წყალმომარაგების პრობლემა გარკვეულ დასახლებებში გვრჩება. მომავალში ვგეგმავთ რეგიონული განვითარების პროგრამით წყლის სააუზე სისტემების მოწყობას. ამის მცდელობა გვქონდა სარგვეშში და წყლის სისტემის მოწყობაზე ტენდერიც გამოვაცხადეთ. თუმცა, ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობით არც ერთი კომპანია არ დაინტერესდა. 2025 წლისთვის, ჯერჯერობით, რეგიონული განვითარებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდებში წყლის სააუზე სისტემის მოწყობის დასაფინანსებლად პროექტი არ წარგვიდგენია“.

 

„წყალმომარაგების სისტემაში სრული ჩავარდნა გვაქვს“

„წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო, – ამბობს „საქართველოს განვითარების პლატფორმის“ თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი, – საქართველოში, კომუნალურ სფეროში, ყველაზე მეტად დაურეგულირებელი წყალმომარაგების სისტემაა. 2014 წელს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ჩაიწერა, რომ მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება ადგილობრიც ხელისუფლების ფუნქციაა. მალევე უნდა მიეღოთ კანონი, თუ რომელი ლიცენზიანტი კომპანია მოუვლიდა წყლის სისტემას. ეს კანონპროექტი მომზადდა, თუმცა, ამ დრომდე პარლამენტს არ განუხილავს.

საქართველოში 3 600-ზე მეტი დასახლებაა და აქედან მხოლოდ 500 დასახლებას, მათ შორის დაბა ხარაგაულსა და რამდენიმე სოფელს, აწვდის წყალს ლიცენზირებული გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. ეს კომპანია პასუხისმგებელია 24-საათიან წყალმომარაგებასა და სისტემის გამართულობაზე, დაწესებული წყლის ტარიფის ამოღებაზე.

ახლა სოფლების წყალმომარაგებას თვითმმართველობა იღებს საკუთარ თავზე, როცა მოსახლეობისთვის წყლის მილებსა და ავზებს ყიდულობს. ეს ნახევრად ინფრასტრუქტურული, ნახევრად სოციალური პროექტებია. სოფლებში წყლის სისტემები იმდენად კუსტარულია, რომ ხარისხი საერთოდ უგულვებელყოფილია. მოკლედ, სრული ჩავარდნაა სოფლების წყალმომარაგებაში. წყალმომარაგების საკითხი პირდაპირ კავშირშია საირიგაციო და საკანალიზაციო სისტემასთან.

როდის დადგება დღე, როცა საქართველოს სოფლებში მცხოვრები ყველა აბონენტი მიიღებს 24-საათიან სუფთა წყალს, უცნობია. ამის არც გეგმა არსებობს და არც ფინანსური რესურსი. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, უნდა გვქონდეს სამოქმედო გეგმა, თუ რა რესურსს გაიღებენ კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად დონორები, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტები. უცბად რომ ვიშოვოთ ფული, შეიძლება ვერ მოვძებნოთ კომპანიები, რომლებიც წყლის სისტემას დააპროექტებენ, სამუშაოებს შეასრულებენ, შემდეგ კი ამ გამართულ სისტემას ჩაიბარებენ, მართავენ და მოუვლიან“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

„ზაფხულში უწყლობით ვიტანჯებით“ – დაუძლეველი პრობლემა ხარაგაულში