
დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ახალი დაავადება ტროპილელაფსოზი ვრცელდება. მეფუტკრეები ამბობენ, რომ ამ დაავადების გამო წელს თაფლის მოსავალი ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო.
მეფუტკრეთა გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ თეთრუაშვილი ამბობს, რომ მთავრობასთან ერთად სწრაფი რეაგირების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც დაავადებასთან ბრძოლის მეთოდებზე მუშაობს. თუმცა, მისივე შეფასებით, პროცესები დაგვიანებულია და შესაძლოა, ამ ზაფხულზე ფუტკრის ოჯახების ნახევარი განადგურდეს.
დავინტერესდით, რამდენად ინფორმირებული არიან ტროპილელაფსოზის შესახებ ხარაგაულელი მეფუტკრეები და რა პრევენციული ღონისძიებების გატარებას გეგმავენ.
სოფლის განვითარების სააგენტოს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელი ნათია ბერაძე ამბობს, რომ ამ დაავადების შესახებ გასულ კვირაში მეფუტკრეებს კიცხის საზოგადოებრივ ცენტრში ტრენინგი ჩაუტარდათ. მისივე თქმით, მიმდინარე წლის ივნისში ან ივლისში ამ თემაზე ხარაგაულელ მეფუტკრეებთან შეხვედრა ისევ იგეგმება.
კიცხში ტრენინგი სოფლის განვითარების სააგენტოს თერჯოლის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელმა მინდია ქარქაშაძემ ჩაატარა. ნათია ბერაძე ამბობს, რომ ტროპილელაფსოზის შესახებ სამინისტროსგან საინფორმაციო ბროშურებს მიღებისთანავე მეფუტკრეებს მიაწვდიან. ეს დაავადება, იმერეთის მასშტაბით, ჯერჯერობით, მხოლოდ ხონის მუნიციპლიტეტშია თუ აღმოჩენილი.
კიცხში მცხოვრები მეფუტკრე ზურაბ მაჭავარიანი ტროპილელაფსოზის შესახებ ინფორმირებულია. ის ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას გვიზიარებს.
„გასულ წელს ტროპილელაფსოზი გურიისა და სამეგრელოს საფუტკრეებში გამოვლინდა, – ამბობს ბატონი ზურაბი, – ეს ტკიპა კრასნოდარიდან ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი სამეგრელოში გავრცელდა. ტროპილელაფსოზის ტკიპა საქართველში აქამდე ცნობილი ტკიპა ვაროასგან იმით განსხვავდება, რომ მასზე სამჯერ პატარაა, ძალიან სწრაფად მოძრაობს და სწრაფადვე მრავლდება.
ტროპილელაფსოზის ტკიპა ღია ბარტყში შედის და მისგან იკვებება, ბარტყს ან კლავს, ან დაზიანებული ბარტყისგან უფრთო ფუტკარს მივიღებთ. ამავე დროს ეს ტკიპა ვირუსებს ავრცელებს. ტროპილელაფსოზი იწვევს ბარტყის ლპობას.
პროფილაქტიკის მიზნით, როგორც ტრენერმა გვითხრა, იგივე პრეპარატების გამოყენება შეგვიძლია, რასაც ტკიპა ვაროას წინააღმდეგ ვიყენებთ, თუმცა, ეს პრეპარატები ამ ახალ ტკიპას ნაკლებად ანადგურებს. უფრო ეფექტურია ჭიანჭველამჟავას გამოყენება. მე პირადად ამ პრეპარატის გამოყენებას ვაპირებ. ტრენინგზე ვისწავლეთ, თუ როგორ აღმოვაჩინოთ ტროპილელაფსოზის ტკიპა“.
ხარაგაულელი მეფუტკრე ლაშა გურგენიძე კიცხში ტრენინგზე არავის მიუწვევია. თუმცა, ფუტკრის ახალი დაავადების შესახებ ინფორმირებულია. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტროპილელაფსოზის შესახებ არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
„ფუტკრის ოჯახების 70% გაწყდება, – ამბობს ლაშა გურგენიძე, – ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამოსავალია კარანტინი, – სხვა მუნიციპალიტეტში არ უნდა გავიყვანოთ და არც სხვა მუნიციპალიტეტიდან შემოვიყვანოთ ფუტკრის ოჯახები.
არავინ ამბობს, როგორ ვმართოთ ეს დაავადება. არ ვიცით, ზღვის დონიდან რამდენ მეტრზე ვრცელდება, რა პირობებში და ა. შ. ჯერჯერობით მისი საწინააღმდეგო წამალიც არსად იყიდება. მერე ალბათ, შემოიტანენ და ვინმე ხელს მოითბობს. ივნის-ივლისში საფუტკრეებში კატასტროფა იქნება. შესაძლოა, ხარაგაულში წელს გადავრჩეთ, თუმცა, ტროპილელაფსოზის ტკიპა ნელ-ნელა გვიახლოვდება ისევე, როგორც ფაროსანა.
სამწუხაროდ, მალე საქართველოში მცირე საფუტკრე მეურნეობები – 15-20 ოჯახიანი – აღარ გვექნება და მხოლოდ დიდი საფუტკრეები გადარჩება.
ჭიანჭველამჟავას ვერ ვენდობი, რადგან ის საკმაოდ ფრთხილად გამოსაყენებელია და ზაფხულზე საფუტკრეში მისი შეტანა არ შეიძლება. ისევ კარანტინი თუ გადაგვარჩენს“.
ტროპილელაფსოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ agronews.ge-ზე მოვიძიეთ. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანხმად, მეფუტკრეები ამ დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ადგილობრივ ხელისუფლებას. სააგენტო ვალდებულია, მოქმედების გეგმა შეიმუშაოს.
თავად მეფუტკრეები კი ერთმანეთს ურჩევენ, დედა ფუტკარის იზოლირების გრაფიკი შეადგინონ, რადგან დედა ფუტკრის იზოლირებით, ტკიპა ტროპი შიმშილით მოკვდება. დროებით უნდა შეწყდეს ფუტკრის ოჯახების გადაადგილება, გაყიდვა/ჩუქება მუნიციპალიტეტის გარეთ; აუცილებელია ფუტკრის ოჯახების მონიტორინგი და ტესტების სიხშირე.
ფუტკრის დაავადებული ოჯახის სკიდან ბარტყიანი ჩარჩოები უნდა განადგურდეს და ოჯახი, საღამოს საათებში, ჭიანჭველმჟავით დამუშავდეს.
ნინო კაპანაძე
პარკების მწარმოებელი კომპანიები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული
წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი
14 აპრილი ქართული ენის დაცვის, დედა ენის დღეა.
12-14 აპრილს თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით