27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, ამ დღესთან დაკავშირებით, წელს უკვე მეოთხედ იწვევს მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების უფროსკლასელებს. ამჯერად ნაჩვენები იქნება სპექტაკლი „ბამბაზიის სამოთხე“.

„ჩვენი მთავარი მისია და დანიშნულებაა, რომ ახალგაზრდებს თეატრი შევაყვაროთ, მშობლიურ მხარეში ეზიარონ თეატრალურ ხელოვნებას, – ამბობს ხარაგაულის თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე. ტრადიციას ვაგრძელებთ. ხარაგაულელ უფროსკლასელებს წელსაც მოუთმენლად ველოდებით“.

სპექტაკლი „ბამბაზიის სამოთხე“ ხარაგაულის კინოთეატრში 27 მარტს 14:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. ეს სპექტაკლი, ნინო სადღობელაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ 2024 წელს დადგა.

ამ სპექტაკლმა 2024 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.