ბრძოლა ქალების უფლებებისთვის, ასი წელია, მიმდინარეობს და ეს ბრძოლა არასდროს ყოფილა მარტივი.

ეს ბრძოლა კიდევ უფრო ხმამაღალი, კიდევ უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. აქვე არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ყოველთვის გამარჯვებების ისტორია იყო. ამიტომ მინდა, რომ ცოტა პოზიტიურად შევხედოთ ამ მდგომარეობასაც და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამარჯვებული გამოვალთ, საბოლოო ჯამში.

გენდერული თანასწორობის მიმართ და წინააღმდეგ იერიში, უპირველეს ყოვლისა, ყოველთვის იწყება ქალებისა და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეზღუდვით. ეს არის ყველაზე მარტივი გზა იმისთვის, რომ გააკონტროლონ ქალები, შეზღუდონ მათი უფლებები და დაუწესონ გარკვეული ლიმიტაციები.

გაეროს მოსახლეობის ფონდი, 26 წელია, საქართველოში მუშაობს მავნე სოციალური ნორმების დაძლევისთვის. ჩვენი პროგრამები მიმართულია იქით, რომ შევქმნათ გარემო, სადაც  ყველა ორსულობა იქნება სასურველი, ყველა მშობიარობა იქნება უსაფრთხო, ყველა ახალგაზრდა გოგოს უფლება და პოტენციალი იქნება სრულად რეალიზებული.

ეს არ არის მარტივი სამუშაო. ეს არის საკმაოდ სენსიტიური საქმე. თუმცა, ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ამ მავნე სოციალური ნორმების წინააღმდეგ. საზოგადოებას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ თანასწორობისთვის ბრძოლა. ეს არის ფუნდამენტური ადამიანური უფლებები, რომლებიც საფრთხის ქვეშაა.

ჩვენ თუ არ დავარღვევთ ამ სტერეოტიპებს, არ გავაგრძელებთ მუშაობას, მაშინ გოგონებს წავართმევთ ბავშვობას, ქალებს ჯანმრთელობას, დედებს სიცოცხლეს და საბოლოო ჯამში, საზოგადოება დავზარალდებით.

ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კაცები გავიხადოთ მოკავშირეებად; განსაკუთრებით ისინი, ვისაც ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობისა და ზრუნვის განაწილება. ჩვენ უნდა ვესაუბროთ მშობლებს, რომ სქესის ნიშნით არ მოხდეს ბავშვის შერჩევა, რადგანაც გოგოც და ბიჭიც არიან ჩვენი შვილები, – ჩვენი მომავალი და მათი პოტენციალის რეალიზება არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

გაეროს მოსახლეობის ფონდი, წლებია, მუშაობს მშობლებთან იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მათ თანაბარ ჩართულობას საოჯახო საქმეებში. ალბათ, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არა მხოლოდ ოჯახებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, ბავშვის ჯანსაღი აღზრდისთვის.

თუმცა, თუ გადავხედავთ ბოლო კვლევებს, საოჯახო საქმეების განაწილება ჯერ კიდევ არათანაბარია ოჯახებში და სამწუხაროდ, მოსახლეობის ძალიან დიდი მაჩვენებელი, დაახლოებით 37%, ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ საბოლოო სიტყვა ოჯახში კვლავ მამაკაცმა უნდა თქვას. 2019 წელს 7-8 %-ზე ნაკლები ადამიანი ემხრობოდა ამ მოსაზრებას. ეს მიუთითებს იმას, თუ როგორ ხდება ამ სტერეოტიპების გავრცელება და როგორი რთულია მათ წინააღმდეგ ბრძოლა.

მარიამ ბანძელაძე
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დირექტორი

ეს სტატია მომზადებულია საქართველოში ქალთა პირველ კონგრესზე მარიამ ბანძელაძის სიტყვის მიხედვით. ამ კონგრესის მიზანია ქალთა როლის გაძლიერება დემოკრატიის მშენებლობაში, ქალების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მიღწევა.

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

„ქალებო, ჩვენ ერთმანეთის გაძლიერება შეგვიძლია“

ძალადობა გამოვლილი ქალების საჭიროებები სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს