22 წლის წინ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნინო ტყეშელაშვილმა სახლი, სამსახური, შვილები და მშობლები დატოვა და სტუდენტი შვილების სარჩენად ემიგრაციაში წავიდა.

წლების განმავლობაში, საბერძნეთის ქალაქ ათენში უმძიმეს პირობებში, დასვენების დღეების გარეშე, მიზერულ ხელფასზე მუშაობდა.

„სამუშაოს დაწყება ემიგრანტისთვის რთულია, – ამბობს ქალბატონი ნინო, – გთავაზობენ მხოლოდ დაბალანაზღაურებად, მძიმე სამუშაოს – მომვლელის, დამხმარეს, მიმტანის, სანიტრის.

ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ვნახულობ განცხადებებს, რომ ემიგრანტებისთვის გაიხსნა კურსები, სადაც შეუძლიათ შეისწავლონ სტილისტის საქმე, ფრჩხილების გაკეთება და დასაქმდნენ. ქართველებს ლეგალურად სილამაზის სალონები და სტომატოლოგიური კლინიკებიც აქვთ გახსნილი, მუშაობენ გზავნილების ოფისებში.

ისეთი მაღალანაზღაურებადი პროფესიებით, როგორიცაა ადვოკატი, ექიმი, – ემიგრანტებს არ ამუშავებენ. ახალი ჩამოსულებისთვის დასაქმება რთულია, ენის არცოდნისა და უნდობლობის გამო. ჰგონიათ, რომ ახალი ჩამოსული საქმეს კარგად ვერ შეასრულებს. ზოგჯერ ყოფილი დამსაქმებლისგან რეკომენდაციას ითხოვენ.

ჩემი შვილები სტუდენტები, – 18 და 20 წლისანები იყვნენ, საქართველოდან რომ წამოვედი. ეს საკუთარი თავისთვის დღემდე ვერ მიპატიებია. მე 50 ლარი მქონდა ხელფასი. დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩემმა შვილებმა მუშაობის დაწყება ვერ შეძლეს. მშობლები მეხმარებოდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ იყო.

თავს დამნაშავედ ვთვლი, რომ ჩემს მოსწავლეებს ვუღალატე. ბევრი რამის მიცემა შემეძლო მოსწავლეებისთვის და ჩემი ქვეყნისთვის. ემიგრაციაში ვერავინ ვერასდროს იქნება ისე კარგად, როგორც სამშობლოში. ლეგალურადაც რომ მუშაობდე, მაინც არ ხარ სასურველი. ადგილობრივებმა გამაგონეს კიდეც, თუ თქვენს ქვეყანაში დაბრუნდებით, ჩვენ ვიმუშავებთ აქ თქვენს მაგივრადო.

ყოველთვის აღვნიშნავ საბერძნეთის ეროვნულ დღესასწაულებს. აქ ასეთი წესია – სადღესასწაულო დღეებში აივანზე საბერძნეთის დროშა უნდა გადმოფინო. მე ამას ვაკეთებ. ბერძნებს უკვირთ და თან უხარიათ. მე ვიცი საბერძნეთის ისტორია, მაგრამ მათ არ იციან ჩემი ქვეყნის ისტორია.

აგვისტოს ომის დროს ახალ ინფორმაციებს მუდმივად ვეცნობოდი. აქაური ტელევიზიებით გადმოსცემდნენ, რომ თითქოს ომი საქართველომ დაიწყო. ქართველები ჰყავდათ ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულები, სიტყვის თქმა არ აცადეს საქართველოს დასაცავად, რატომ?! საქართველო პატარა ქვეყანაა, რუსეთი კი დიდია და ანგარიშგასაწევი ძალაა.

ერთი უხუცესი ბერძენი პარლამენტარი გამოვიდა და მან თქვა, ნუ გავიმეორებთ 1921 წელს, როცა საქართველო ყველამ მივატოვეთ და რუსეთის ხელში ჩავადგეთო, მაგრამ ეს ერთი ნათქვამი იყო მხოლოდ. მთელი დღეები ვტიროდი ტელევიზორთან.

ოჯახში როცა არც ქმარია დასაქმებული და არც ცოლი, ან თუ მუშაობენ, ხელფასი არაფერში ყოფნით, – შვილებს ვერ კვებავენ, ვერ აცმევენ, ვერ ასწავლიან, – იძულებულები არიან, ემიგრაციაში წამოვიდნენ; აქ მუშაობენ და ბანკის ვალებს იხდიან.

თუ უკიდურესად არ გიჭირს, უცხო ქვეყანაში სამუშაოდ არ უნდა წახვიდე. ზოგიერთი ემიგრანტი აქ 24 საათის განმავლობაში მუშაობს, – დღე ოჯახში დამხმარედ, სადაც ბავშვებს უნდა მიხედოს, სახლი დაალაგოს, სადილები აკეთოს, დიასახლისს დაეხმაროს; მთელი ღამის განმავლობაში კი მოხუცს უვლის, დამატებითი შემოსავლისთვის. ეს ურთულესია.

საბერძნეთში ფაბრიკა-ქარხნები არ არის; ერთი ქიმიური საწარმოა, სადაც სარეცხ საშუალებებს ამზადებენ. ჩემი ნათესავი მუშაობდა, ქიმიური ნაერთებისგან სიმსივნით დაავადდა და გარდაიცვალა. იმ ქარხანაში სხვა ქართველებიც მუშაობენ. ასეთ უმძიმეს პირობებში აღებულ ხელფასს მთლიანად საქართველოში ვაგზავნით, რომ მანდ ოჯახები ვარჩინოთ.

აქ ჩემს გვერდით, ჩემი ყოფილი მოსწავლეები მუშაობენ. უნიჭიერესები არიან, ყველა საქმეს არაჩვეულებრივად ასრულებენ. განსაკუთრებით კარგად ერკვევიან თანამედროვე ტექნოლოგიებში. მათი ნიჭი და უნარი უცხო ქვეყანაში იკარგება და სამშობლოს ვერ ადგებიან. ჩვენ, უფროსი თაობის ემიგრანტებმა, ძალ-ღონე და ჯანმრთელობა ამ ქვეყანას შევწირეთ, მაგრამ ახალგაზრდების ნიჭი აქ არ უნდა იკარგებოდეს.

ჩემი 14 წლის შვილიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს. ძალიან კარგი მოსწავლეა, ყველა გამოცდაში მაქსიმალურ ქულას იღებს. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ საფრანგეთში თუ დასაქმდა, ის საქართველოში აღარ დაბრუნდება. აუცილებელია, ისინი თავიანთ ქვეყანაში დასაქმდნენ და ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ. დასაქმების პრობლემა თუ მოგვარდება, დარწმუნებული ვარ, ემიგრანტები საქართველოში დაბრუნდებიან.

არც ერთი სამუშაო სათაკილო არ არის, მაგრამ საჭიროა ღირსეული ანაზღაურება. რასაც აქ ვაკეთებ, იგივე საქმეში საქართველოში ბევრად ნაკლებს იხდიან და ესაა პრობლემა. ხელფასით, რომელსაც ქალი იღებს, ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უნდა შეძლოს. 300 ლარი ხელფასი ვის ეყოფა?! საქართველოში 350 ლარია პენსია, რაში უნდა იმყოფინო? კატასტროფულად გაზრდილია ფასები.

ემიგრანტების დასაბრუნებლად, გამიგია, რომ საქართველოში რაღაც თანხას გთავაზობენ. ბიზნესგეგმა უნდა დაწერო, – რაში გამოიყენებ ამ თანხას. რამდენად რეალური პროექტია ეს ემიგრანტების დაბრუნებისთვის, არ ვიცი. ჩემი და იყო ჩამოსული და აღარ აპირებდა ემიგრაციაში დაბრუნებას. თუმცა, სამუშაო ვერსად იპოვა და ისევ უკან დაბრუნდა.

ემიგრანტების უმრავლესობას საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მანდ გაჩერება უჭირთ. შემოსავლის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს. თან, რაც სახლიდან „გაგდებულ“ დედას არ აჩერებს სამშობლოში, ესაა გაწყვეტილი და გაცივებული ურთიერთობები – შვილებთან, მშობლებთან, მეუღლესთან, ნათესავებთან და თვითონ ქვეყანასთან.

ეს ყველაზე დიდი ტრავმაა ემიგრანტი ქალისთვის, – ბრუნდება საქართველოში და საკუთარ ადგილს ვეღარ პოულობს. ასე დამემართა, როცა ჩამოვედი და შევიკრიბეთ ჩემი ჯგუფელები. მათთან ერთად, თითქოს კონტექსტიდან ამოვარდნილს ვგავდი. ეს ორი მიზეზი აიძულებს ქალს, დაბრუნდეს ისევ უკან, ემიგრაციაში. ემიგრანტს თავისი ფუნქცია, ადგილი ქართულ საზოგადოებაში თითქოს დაკარგული აქვს“.

 

ემიგრანტების დაბრუნების პროგრამა

დავინტერესდით, რა სახელმწიფო პროგრამები არსებობს ემიგრანტების დაბრუნების ხელშესაწყობად. ინტერნეტში მხოლოდ ერთი – დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა აღმოვაჩინეთ. ეს პროგრამა, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის, გრანტების გაცემას, პროფესიული განათლებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტხანს არალეგალურად მყოფ პირებს; მათ, ვისაც ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.

საშემოსავლო პროექტებზე განაცხადების მიღების ვადები წინასწარ ცხადდება. პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადების მიღება მუდმივად მიმდინარეობს.

კიდევ რა პროგრამები ხორციელდება ემიგრანტების დასაბრუნებლად, – ამის გასარკვევად, დაკავშირება ვცადეთ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან, შემდეგ ნომერზე – 0322140242. თუმცა, დაკავშირება ვერ შევძელით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 15 წელიწადში საქართველოს ყოველთვის უარყოფითი მიგრაციული სალდო ჰქონდა, ანუ ემიგრანტების რაოდენობა ყოველთვის სჭარბობდა იმიგრანტების ოდენობას. 2020 წელს ეს მაჩვენებელი დადებითი იყო, რადგან პანდემიის დროს ბევრი ემიგრანტი დაბრუნდა. 2023 წელს 163 480 მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ხოლო 91 896 შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ 2023 წელს 71 584 – ით მეტმა ქართველმა დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე 2024 წლის მონაცემები, ჯერჯერობით, არ იძებნება.

 

როგორ აისახება დედის ემიგრანტობა ბავშვზე

„სასკოლო და სკოლამდელი ასაკი უმნიშვნელოვანესი პერიოდია ბავშვის განვითარებისთვის. დედის ფიზიკურად გვერდით ყოფნა განაპირობებს დედა-შვილის ემოციურ კავშირს, რაც ბავშვსა და მოზარდს ძალიან სჭირდება, – ამბობს ფსიქოლოგი, ორგანიზაციის „ნდობა“ დირექტორი ნანა აღაპიშვილი, – წინასასკოლო პერიოდში დედის ემიგრანტობა ბავშვის მიერ შეიძლება იყოს განცდილი, როგორც განცალკევება, სეპარაცია დედისგან. ბავშვის გვერდით არ არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი ადამიანი, რომელსაც ენდობა; ადამიანი, რომელიც ყველაზე ძალიან უყვარდა. ამან ბავშვზე შეიძლება ემოციურად ძალიან უარყოფითი ზემოქმედება იქონიოს.

შესაძლოა, მოზარდს ძალიან მზრუნველი ბებიები, ბაბუები, მამა და უფროსი და-ძმა ჰყავდეს, მაგრამ ემოციურად ბავშვი მარტო რჩება. დედა-შვილს შორის ურთიერთობა, შესაძლოა, ბავშვისთვის იდეალური არ იყო, – შეიძლება დედა მკაცრად ექცეოდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ეს არის სერიოზული ცვლილება მისთვის და გარკვეულწილად დანაკარგი იმ ემოციური ურთიერთობისა, რომელიც წლების განმავლობაში აკავშირებდა დედასთან.

დედასთან განშორებამ შეიძლება ბავშვში გამოიწვიოს ქცევის შეცვლა, მძიმე ემოციები, იყოს ნაღვლიანი, მოწყენილი, აქვს მონატრების განცდა, რომელსაც დროთა განმავლობაში, შესაძლოა, შეეგუოს, მაგრამ ეს პროცესი ყველანაირად კვალს ტოვებს მის ემოციებზე. ამასთან ერთად, ბავშვი ხედავს, რომ ამ განშორებას დედაც განიცდის. ეს დამატებითი ზეწოლაა მის ემოციებზე. ბავშვობაში დედის სახლიდან წასვლა მძიმედ აისახება და ეს ემოციური ტრავმა, შესაძლოა, ზრდასრულ ასაკში გამოვლინდეს.

რა გარემოში ვტოვებთ ბავშვს, ან როგორია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა – მისი განცდები ამ ფაქტორებზეა დიდწილად დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში ოჯახის უფროსი თაობისთვის დამატებითი სირთულეა, რომ ბავშვი მათთან რჩება, რადგან დიდი  პასუხისმგებლობა აწევთ; განსაკუთრებულად ღელავენ, რომ რამე არ შეეშალოთ მის აღზრდაში. უფროსების შფოთვა და ემოციურობა აისახება ბავშვზე და ესეც დამატებით სირთულეს ქმნის.

– რა უნდა გაკეთდეს ბავშვისთვის, რომ დედის ემიგრანტობით გამოწვეული ზიანი მინიმუმამდე დავიყვანოთ? 

– თუ ბავშვი იმ ასაკისაა, რომ გაიგებს, – უნდა განემარტოს, რატომ მიდის, რას ნიშნავს დედის ემიგრაცია და რამდენხნიანია. იმ გარემოში, სადაც ბავშვს ვტოვებთ, მზაობა და შეთანხმება უნდა იყოს ბავშვის დატოვებაზე“, – ამბობს ნანა აღაპიშვილი.

2020 წელს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წელს განრიდებული (სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი) 437 არასრულწლოვანის მონაცემები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვების საერთო რაოდენობიდან, რომელთაც ორივე მშობელი ჰყავთ, 15%-ის მშობლები განქორწინებულები არიან, ხოლო 23%-ის შემთხვევაში ორივე ან ერთ-ერთი მშობელი საზღვარგარეთ იმყოფება.

თამთა გოგოლაძე