თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში, ორ თვეზე მეტია, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ აქციებზე დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას და ახალ, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს.

დავინტერესდით, რა მიაჩნიათ ყველაზე დიდ პრობლემად ხარაგაულელებს და როგორია მათი პოზიცია დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მაია ბერაძე, მოქალაქე: – ვფიქრობ, ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ჩვენს ქვეყანაში უსამართლობაა. ყველა სფეროში უსამართლობის განცდაა. რამდენი თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ახალგაზრდების მოაზროვნე თაობა დგას ქუჩაში და ხელისუფლებიდან არავის გაუჩნდა სურვილი, რომ მივიდნენ, ჰკითხონ და დაელაპარაკონ, – რა უნდათ მათ და რას აპროტესტებენ.

სასამართლო ჩამოგვემხო. დეპუტატი ზვიადაური, რომელმაც მოკლა ადამიანი, გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა ციხიდან იმ სასამართლომ, რომელიც ახალგაზრდებს, აქციაზე დგომის გამო, მტკიცებულებების გარეშე, უსაფუძვლოდ სჯის. პრეზიდენტმა, რომელსაც ევროკავშირის წევრი არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს, ციხიდან 613 დამნაშავე გამოუშვა. უდანაშაულო ადამიანებს კი ციხეში უშვებენ.

რისთვის ზის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში?! წინაპირობა რა იყო, სანამ პოლიციელს ხელს გაარტყამდა?! ამ ჟურნალისტს მისი საქმიანობის გამო ემუქრებოდნენ. დააკავეს და არაადამიანურად მოეპყრენ, საპირფარეშოთი სარგებლობაც კი შეუზღუდეს. პოლიციის მაღალჩინოსანმა ამის გამო პასუხი უნდა აგოს.

ქვეყანაში არის სრული განუკითხაობა. პოლიცია იცავს ბიძინა ივანიშვილის ქონებას და მის ძალაუფლებას. ეს საშინელი მოცემულობა გვაქვს. დავდივარ აქციებზე და ვხედავ, რომ ახალგაზრდებს არც რუსთაველი გადაუწვავთ და არც აგრესიულები არიან, ისინი სამართლიან არჩევნებს ითხოვენ. ამ სიტუაციაში იმედს მაძლევს საერთაშორისო მხარდაჭერა.

კობა გოგსაძე, ხარაგაულის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“:  – ქვეყანა დიდ გაუგებრობაშია ჩათრეული. ადამიანების უმრავლესობა გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება. „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოვადგენ და საარჩევნო უბნებზე ჩვენი დამკვირვებლებისგან ვიცი, რომ ხმას აძლევდნენ უცხო ადამიანები, რომლებსაც არავინ იცნობდა უბანზე. თითქმის ყველა უბანზე ასეთი 20-30 „ამომრჩეველი“ აღმოჩნდა. ამან საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა.

მდგომარეობა დასტაბილურდება მხოლოდ ერთი გზით – გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ადამიანები, რომლებიც არასწორად ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებენ. მიმაჩნია, რომ შარშან საქართველოში არჩევნები რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროსაბჭოს საპარლმენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ხელისუფლება რუსეთისგან დაწერილი სცენარით მოქმედებს და ევროპას ნაბიჯ-ნაბიჯ ვშორდებით. სოფლებში ხალხი ამას კარგად ხვდება. თუ რამე არ მოვიმოქმედეთ, კანონის სრული დაცვით და დაუმორჩილებლობით, ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს სამუდამოდ შეაჩერებს.

გოჩა გიორგიძე, ხარაგაულის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“: – ჩემთვის დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ გვაქვს სიყვარულისა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემის დეფიციტი. ვგმობ ყოველნაირ ძალადობას, მათ შორის, არა მარტო ფიზიკურ ძალადობას, არამედ ვერბალურად გამოხატულს. ეს უნდა დავძლიოთ მიტევებითა და სიყვარულით.

ჩემი როლი და ფუნქციაა ჯანდაცვის პროგრამების გამართულად ფუნქციონირება, რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვაკეთებდი და გავაგრძელებ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაუხვევია. ამას ვამბობ იმ პროგრამებიდან გამომდინარე, რასაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს. ევროკავშირსა და ამერიკაში პოლიტიკური გაჯანსაღების პროცესი მიმდინარეობს. პროგრამები, რომელთა დაფინანსებაც შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არ არის საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ჩვენი მეცნიერები ისევ მონაწილეობენ უცხოეთში კვლევებსა და სამეცნიერო კონფერენციებში.

შოთა გოლუბიანი, მოქალაქე: – ჩემი აზრით, პრობლემების ფართო სპექტრში, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან მეორე ნაწილის მიმართ სოლიდარობისა და ემპათიის გრძნობის არარსებობაა. ეს მთავარი მიზეზია გაჩენილი უფსკრულის, უნდობლობისა და მზარდი დაპირისპირების. ეს კი დღითიდღე კიდევ უფრო ფეთქებად ხასიათს იღებს. ფაქტია, საზოგადოების ბანაკებად დაყოფამ, სოლიდარულობის დაკარგვამ და არსებული პრობლემებისთვის თვალის არ გასწორებამ, უახლოეს წარსულში უკვე მიგვიყვანა უმძიმეს შედეგებამდე. სამოქალაქო ომს გამარჯვებული არ ჰყოლია და უპირველეს ყოვლისა, შეცდომებსა და პირად გაკვეთილებზე უნდა ვსწავლობდეთ.

საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვით, აგრესიული პოლიტიკითა და ძალმომრეობით პრობლემები არ გვარდება. სხვების მიმართ სოლიდარობის განცდის ნაკლებობა ქმნიდა და ქმნის რეჟიმებსა და ტირანიებს. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, სიჩუმის ფონზე, ჩვენი ჯერიც დადგება და როცა ჩვენ მოგვადგებიან, აღარავინ იქნება დარჩენილი, რომ ხმა ამოიღოს…

დღეს მმართველობა საუბრობს შემდეგი ენით: „ომი – მშვიდობაა“, მონობა – თავისუფლებაა“, „უცოდინრობა – ძალაა“, „ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია“; ვისაც განსხვავებილი აზრი და შეხედულება გააჩნია, ყველა მართულია, აგენტია, ომი უნდა, ნაცია და ა.შ. ამ პროცესში ყველაზე ამაზრზენი ის ხალხია, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე, რომლებიც პირადი პრივილეგიებისთვის წინა რეჟიმებსაც ზუსტად იგივე აღტკინებით უკმევდნენ გუნდრუკს და უკრავდნენ ტაშს ყველა დანაშაულზე, როგორც დღევანდელ რეჟიმს, რომელიც უკვე კარგა ხანია, გადასულია სასტიკი ანგარიშსწორების, შანტაჟის ენით საუბრის და რეპრესიების პოლიტიკაზე.

წინა რეჟიმის ცნობილ ჯალათებს ღირსების ორდენით აჯილდოვებენ, მურუსიძეები და ჩინჩალაძეები იქცნენ უსამართლო სასამართლოს მთავარ შემოქმედად. ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს რიგით მოქალაქეებზე ძალადობა, ადამიანების ხერხემალზე ფეხებით ხტუნაობა, სახის ძვლების ლეწვა და ძალოვნების მხრიდან ჯგუფურად, საჩვენებელი ფიზიკური ანგარიშსწორება.

სადამსჯელო მანქანის ყველა წევრს აბსოლუტური ხელშეუხებლობის გარანტია აქვს. არ გვაქვს ფორმალური გამოძიებისა და პასუხისგების არც ერთი ფაქტი. თავი რომ დავანებოთ აბსოლუტურად ყველა პრობლემას, გაბატონებულ კლანურ მმართველობას, კორუფციულ სქემებს, ნეპოტიზმს, კანონგარეშე ქმედებებს და სხვა უამრავ დანაშაულს, რაც დღეს ქვეყანაშია, მხოლოდ მიმდინარე მოვლენები კმარა, რომ ჯანსაღ საზოგადოებას ჰქონდეს პროტესტი.

ბოლო 35 წლის განმავლობაში ცივილიზებულ სამყაროსთან ნაშენებ ყველა ხიდს თავზე გვანგრევენ. შესაბამისად, პროტესტი და არსებული მოთხოვნები აბსოლუტურად ლეგიტიმურია და უნდა გაგრძელდეს, სანამ მმართველი რეჟიმი არ გადადგამს ადექვატურ ნაბიჯებს არსებული კრიზისის განმუხტვისთვის აუცილებელი წინაპირობების შესრულებისკენ.

ვიდეო სოციალურ ქსელში